„მიხეილ სააკაშვილი წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც მას მოუწია 7 ნოემბრის ჩადენა, ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა და ყველას რუსეთის აგენტად გამოცხადება, ხატავდა შავ-თეთრ სურათს, რომ ის ძალიან წარმატებულია, აშენებს კარგ ქვეყანას“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გურამ ნიკოლაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ეს ადამიანი ვერ გამოდის თავისი ბუშტიდან და ტელეეფექტებიდან. გვახსოვს, რომ ის იყო ტელეპერსონაჟი - ბოლოს, ის აღარც იყო თბილისში, პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში და რაღაცნაირად, გაქრა.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, საერთო სახალხო პროტესტს ჩაუდგა სათავეში და ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა, ეს რიტორიკა არსად არ გამქრალა - დღეს, დამარცხებულ ომს ეწოდება გამარჯვებული ომი.
ადამიანი, რომელსაც ქვეყნისთვის უამრავი რამ აქვს გაკეთებული და რომელმაც არჩევნებში, მოხდა უპრეცედენტო რამ, არჩევნების გზით შეიცვალა ხელისუფლება, ამ ადამიანს დაარქვეს „რუსი ოლიგარქი“, ამ ხელისუფლებას - „პუტინური რეჟიმი“.
ეს ტერმინოლოგია წლების განმავლობაში, მუდმივად მუსირებს. ნიკა მელიას დღევანდელი შემთხვევა ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია - ადამიანები თავად იგონებენ „რეალობას“ იმ დიდი სურათიდან გამომდინარე.
ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა. შემდეგ, ყველაფრით დამტკიცდა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, მაგრამ მათთვის, მაინც გაყალბდა. ამის შემდეგ იწყება პოლიტიკური ტექნოლოგია - საკუთარი დღის წესრიგის შედგენა და თავზე მოხვევა. მათი აზრით, საქართველო დისკრედიტირებულია.
მათი მრავალწლიანი კამპანია სწორედ ამას ემსახურება. სხვა ტელევიზიის ეთერში, ნიკა მელიას ერთ-ერთი მთავარი პოსტულატი იყო ის, რომ სასამართლო იგივეა. მათი აზრით, სტრასბურგის გადაწყვეტილების ნდობაც არ შეიძლება.
რეალობა არის სხვა და ეს რეალობა იქმნება ტელევიზიაში. დღევანდელი სპეცოპერაცია მდუმარედ, წყნარად ჩატარდა.
მე მეტს მოველოდი იმის გათვალისწინებით, რომ ერთი კვირა იქადნებოდნენ, როგორ გაუწევდნენ წინააღმდეგობას. როცა ლიდერი ამბობს, რომ ჩამოვა და პროტესტს ჩაუდგება სათავეში, შემდეგ არ ჩამოდის, ამბობს, რომ გვექნება ალამუთის ციხე და არ აქვს...
ეს მეტყველებს იმაზე, რომ იცი, არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ ცდილობ არა რეალური პროტესტის, რეალური დღის წესრიგის წარმოებას, არამედ, იცი, რომ არ გყავს მომხრეები და ცდილობ, ისეთი გზების გამოგონებას, რაც მოახდენს პროვოცირებას სატელევიზიო კადრის მისაღებად. ნიკა მელიას მთელი ეს ამბავი ტელევიზიისთვის იყო გათამაშებული - მე აქ გავმაგრდები, რომ ძალით გამომათრიონ და გამოჩნდეს, თურმე, როგორ იძალადეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობა არ ყოფილა, ყველა მაინც საუბრობდა: „დაგვარბიეს, სერვერები წაგვართვეს, გაგვანადგურეს“. როცა მაყურებელი ამ საპნის ოპერას უყურებს, აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეა ის. ესაა სრული სიმულაცია, რომელში შესვლის გამოც, დღეს ისინი მარტო დგანან რუსთაველის გამზირზე თუ მთავრობის ადმინისტრაციასთან და მათზე მეტია ოპერატორი, მედიის წარმომადგენელი და პოლიციელი“ - განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.