ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში COVID19-ით გამოწვეული გართულებების დაღუპულთა რაოდენობა გასულ კვირას წინა კვირასთან შედარებით 20%-ით შემცირდა. ინფორმაცია ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
„ფატალური შემთხვევების რაოდენობა სამი კვირის განმავლობაში იკლებდა. გასულ კვირას გარდაცვალების 66 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 20% -ით ნაკლებია“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ჯანმო-ს მონაცემებით, შემცირდა ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელიც და გასული კვირის განმავლობაში COVID19-ის შემთხვევების რაოდენობა 11%-ით შემცირდა.
„მსოფლიოში ახალი შემთხვევების რაოდენობა მეექვსე კვირაა მცირდება, გასულ კვირას 2,4 მილიონი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 11%-ით ნაკლებია“, - ნათქვამია ჯანმო-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 110,7 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსმა 2,4 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა.