ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ კრემლს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა. საინტერესოა, რომ სასამართლომ რეგლამენტის ის მუხლი გამოიყენა, რომელიც სტრასბურგს შესასრულებლად სავალდებული ზომის მიღების უფლებას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში აძლევს. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. მხოლოდ მაშინ, როდესაც განმცხადებელი რეალური საფრთხის წინაშე დგას.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, ჩვეული უტიფრობით, პასუხად განაცხადა, რომ ევროპული სასამართლოს მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. რუსეთის საგარეო უწყებამ სტრასბურგი „წითელი ხაზის გადალახვასა“ და „სუვერენული სახელმწიფოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევაში“ დაადანაშაულა. რა სასაცილოა სუვერენიტეტის დარღვევით შეწუხებული რუსეთი, რომელსაც საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. თანაც, ამ განცხადებების ფონზე, არ დაგავიწყდეთ, რომ რამდენიმე კვირის წინ თვითმარქვია პუტინი დავოსის სამიტზე ამბობდა, რომ რუსეთი და ევროპა უნდა დაახლოვდნენ. რუსეთის პრეზიდენტი ან დაბერდა, ან სიტყვა „დაახლოების“ მნიშვნელობა არ იცის.
ამასთან ერთად, საინტერესოა, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ნავალნის ის სარჩელი განსახილველად მიიღო, რომელიც მოსკოვის მიერ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ეხება. თუ კომიტეტი ამ საჩივარს დასაბუთებულად მიიჩნევს, რუსეთმა შეიძლება, ევროპის საბჭოში უფლებები ისევ დაკარგოს.
2014 წლის აპრილში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება ჩამოართვეს და ხელმძღვანელი ორგანოებიდანაც გარიცხეს. ერთი წლის შემდეგ რუსეთს ევროპის საბჭოს კომიტეტებში მონაწილეობაც აუკრძალეს. მოსკოვმა ევროპის საბჭოში უფლებები 2019 წელს დაიბრუნა, თუმცა, კრემლის სიხარული შესაძლებელია, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდეს. სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, რუსეთმა არათუ არ გაათავისუფლა ალექსეი ნავალნი, არამედ 20 თებერვალს მოსკოვის სასამართლომ მისი პატიმრობის ვადა თანხის გაფლანგვასთან დაკავშირებით ძალაში დატოვა. პარალელურად, იმავე დღეს სხვა სასამართლომ ნავალნი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ ცილისწამებაში დამნაშავედ ცნო და 850,000 რუბლით დააჯარიმა. ამას გარდა, რუსი ოპოზიცონერი საგამოძიებო იზოლატორის პროფილაქტიკურმა კომისიამ „გაქცევისკენ მიდრეკილადაც“ ცნო და განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოათავსა.
ნავალნის დაკავება და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ უკავშირდება მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის დაპატიმრებას. ეს არის პუტინის რეჟიმის სახის თვალსაჩინო ილუსტრაცია. რაც მთავარია, რუსეთი ცდილობს, ასეთივე გარემო სხვა ქვეყნებშიც შექმნას და, საკუთარი მოქალაქეების გარდა, მსოფლიოს მშვიდად ცხოვრებასაც უქმნის საფრთხეს.
კრემლი ისე იღებს და ირგებს კანონებს, როგორც ეს პუტინს მოუნდება. რუსული ეკონომიკა ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი პაციენტის მდგომარეობაშია, სანქციები სანქციებს ემატება, კრემლი კი პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციას ან კოლონიებში გაგზავნას აგრძელებს. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერმა აქციებმა, განსაკუთრებით 23 იანვარს, მონაწილეების რაოდენობით რეკორდი მოხსნა. დიდ თუ პატარა ქალაქებში რუსი ხალხი არამხოლოდ ნავალნის მხარდასაჭერად, თავიანთი უფლებების დასაცავად გამოვიდა.
კრემლი არც საკუთარ მოქალაქეებს უსმენს, არც საერთაშორისო პარტნიორებს და არც მისდამი ლოიალურად განწყობილ რუსულ ელიტას. პუტინის რუსეთი სულ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა. ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოქცეული კრემლი საერთაშორისო არენაზე გაკოტრებული მოთამაშეა. რუსეთის პრეზიდენტს დიპლომატიური ეტიკეტის გამოც კი აღარ სცემენ პატივს. თანამედროვე რუსეთის ბოროტი იმპერია აუცილებლად დასრულდება, მაგრამ რუსეთს ამ ყველაფრის შემდეგ, რაც კრემლის ყოფილმა ჯაშუშმა დამართა, რეაბილიტაცია ძალიან ძვირი დაუჯდება.
შორენა კაციტაძე