ოპოზიციის დაანონსებულ აქციებზე, ნიკა მელიას დაპატიმრებასა და უცხოელი პოლიტიკოსების გამოხმაურებაზე ,,კვირამ“ კომენტარი სთხოვა სამოქალაქო აქტივისტს, ია მეტრეველს:
- პრემიერ-მინისტრ გახარიას გადადგომამ ცოტა გვანერვიულა, მაგრამ ახალი პრემიერი ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, მოსვლისთანავე დაგვანახა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. საინტერესოა, რატომ აქამდე არ უნდა დასჯილიყო პარლამენტის შტურმისთვის ბრალდებული მელია, წითელი კოჭია? კარგად ახსოვს მთელს ქვეყანას, ვისთან გვქონდა საქმე მთელი 9 წლის განმავლობაში. ხომ არ დაავიწყდათ, რამდენი ახალგაზრდა გაჟლიტეს და ლამის მთელი საქართველო ციხედ აქციეს? ახალ ხელისუფლებას სათანადო პასუხი მათთვის ჯერ კიდევ 2012 წელს რომ მოეთხოვა, დღეს ქვეყანა ასეთ დღეში აღარ ჩავარდებოდა. ნუ დაავიწყდება ოპოზიციას, რომ მათი დანაშაულებრივი პარპაშის დრო წავიდა, ქართველი ხალხის უმრავლესობამ უარი განუცხადა ,,ნაციონალებს“ და ძლივს მოიშორა ხელისუფლებიდან. 9 წელი ქუჩაში ვიდექით და შველას ვითხოვდით. რომელ დემოკრატიულ ქვეყანას აღარ მივმართეთ. ხმა არავის ამოუღია, ვერაფერს გავხდით… ახლა ამ პირსისხლიანებს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ, რომ ძველებურად სული ამოგვხადონ? აღარ გამოუვათ!
- ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრება დასავლეთმა ქვეყნის უკუსვლად შეაფასა.
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან ჭკვიანური სვლა გააკეთა, როდესაც პარლამენტის შტურმით აღებაში ბრალდებული მელია პარტიის თავმჯდომარედ აირჩია და მთელი დასავლეთი მოატყუა. მელია, თურმე, დამნაშავე კი არა – ქართული ოპოზიციის ლიდერია. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად მინისტრ გომელაურს ამ ოპერაციის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის. ადამიანები, რომლებსაც ,,ნაციონალების“ ხოცვა-ჟლეტა არ დაგგვიწყებია, ჯერჯერობით, ჩუმად ვართ, არ გვინდა არავის შევიწეოება. დღეს რომ ყველა ერთად ქუჩაში გამოვიდეთ, დამერწმუნეთ, ქართული ოპოზიციისგან 5 წუთში არავინ დარჩება. ნურავის ავიწყდება, რომ ჩვენც ვარსებობთ, დააცადონ ქვეყანას განვითარება, ისედაც 16 წელია, ჯვარს აცვეს ეს ქვეყანა. არ გახსოვთ, მიშა სააკაშვილი როგორ ითხოვდა ფეხმძიმე გოგოს სიკვდილს რევოლუციის მოსაწყობად? არ გამოვრიცხავ, მოვლენების დრამატიზებისთვის ნიკა მელიას სიკვდილიც ხელს აძლევდა. მათთვის ხომ ადამიანის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს? რაც შეეხება დასავლეთს, გაიხსენონ – როგორ აღიარეს ერთხმად საქართველოში ჩატარებული არჩევნები დემოკრატიულად. ჩვენ თუ სახელმწიფო გვქვია, სათანადო პასუხი უნდა გავცეთ მტერსაც და მოყვარესაც ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე. დემოკრატიულ ქვეყნებში დამნაშავეებს არ სჯიან? სამართალი არცერთ სახელმწიფოში შერჩევითი არ უნდა იყოს. მაინტერესებს, ომბუდსმენი მარტო ,,ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს რატომ იცავს?
- ოპოზიციის განცხადებით, უახლოეს დღეებში ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყება.
- მათი აქციები სულ 500 მხარდამჭერით შემოიფაგლება. იდგნენ ქუჩაში, თუ არაფერს დააშავებენ. თუ დააშავებენ – პოლიცია დამნაშავეებს სათანადო პასუხს გასცემს.
ია დანელია