თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ დაგეგმილია კომუნიკე, რომელიც ვარშავის სამიტმა უნდა დაამტკიცოს. მისი თქმით, NATO-საქართველოს კომისიის სხდომის სამიტის ფარგლებში ჩატარება ნიშნავს იმას, რომ საქართველო პარტნიორობის სხვა ეტაპზეა გადასული და ურთიერთობები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
„დღეს ძალიან საინტერესო დღე იყო, ხვალ კიდევ უფრო საინტერესო დღე გველოდება, ვინაიდან უფრო მეტი შეხვედრა და მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. ხვალ იქნება კომუნიკე, რომელიც ვარშავის სამიტმა უნდა დაამტკიცოს. თუ შეიძლება, ასე ითქვას, დღევანდელი დღის ჩვენი მთავარი მონაგარი NATO-საქართველოს კომისიის სხდომაა, სადაც ერთობლივი დეკლარაცია იქნა მიღებული. NATO -საქართველოს კომისიის სხდომა სამიტის ფარგლებში პირველად ტარდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ პარტნიორობის სხვა ეტაპზე ვართ გადასული და ჩვენი ურთიერთობები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, იენს სტოლტენბერგის განცხადებამ, ყველა კითხვას ცალსახა პასუხი გასცა, მათ შორის რუსეთის იმ განცხადებასაც, რომ NATO-ს კარი მონტენეგროთი იხურება.
„დღეს მთელი დღეა, რუსული მედია საუბრობს იმაზე, რომ NATO-ს კარი მონტენეგროთი იხურება. იენს სტოლტენბერგმა დღეს ყველა კითხვას ცალსახა პასუხი გასცა. მან ისაუბრა იმ აუცილებელ და გარდაუვალ პროცესზე, რომელიც საქართველოს NATO-ში მიიყვანს. მან ისაუბრა იმაზე, რომ არსებობს პროცესი და ლოგიკური გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა და ის, რაც ვარშავაში ვერ მოხდა, შემდეგ სამიტებზე აუცილებლად მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ობამას განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ რუსეთი ევროპისთვის საფრთხეა. ეს მისი მხრიდან ყველაზე უფრო მძიმე და მკაცრი განცხადება იყო, რაც ამ ხნის განმავლობაში მოგვისმენია", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ქართული დელეგაცია რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობს. ასევე ხიდაშელმა განაცხადა, რომ მას დაგეგმილი აქვს შეხვედრები ინგლისის, ნორვეგიის და რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის თადაცვის მინისტრთან.
„ჩვენ რამდენიმე ღონისძიებაში ვმონაწილეობთ - ეს არის RSM (Resolute Support Mission) ფორმატი, ანუ მტკიცე მხარდაჭერის მისია, რომელსაც ავღანეთში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ეს არის სახელმწიფო მეთაურების დონეზე ფორმატი, რომელიც ხვალ გაიმართება. მეორე - ყველაზე მნიშვნელოვანი, ექსკლუზიურად ჩვენთვის, NATO-საქართველოს კომისიის სხდომა, რომელიც დღეს გაიმართა. მესამე კი, ეს არის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატი, რომელიც NATO-სთან თავსებადობის გეგმებთან დაკავშირებით იმართება და, რომელიც პირდაპირ მიმართულია მათ შორის, პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად.
ხვალ შეხვედრა მაქვს ინგლისის, ნორვეგიის და რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, სადაც პოსტვარშავას გავივლით. ვარშავა მთავრდება ხვალ და ხვალვე იწყება ვარშავის შემდგომი საქმიანობის, ყველა იმ გეგმის განხორციელება, რომელზეც პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ სამიტზე იქნა მიღებული", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.