მოსკოვი, კრემლი, ლენინს, სტალინს. ბაქო 1920 წ. 4 მაისი. ამბები ისე დატრიალდა, რომ იმედი მაქვს თორმეტს მაინც თბილისს ვიქნებით. საამისოდ ყველაფერი გაკეთებულია. ბრწყინვალედ გამოვა. საკითხის სხვაგვარად გადაწყვეტა აჯანყებულთა საშინელ ხოცვა-ჟლეტვას გამოიწვევს. ორჯონიკიძე.
1920 წლის 4 მაისს რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიურომ ორჯონიკიძის დეპეშა განიხილა და დაადგინა, რომ საქართველოს გასაბჭოებისაგან კავბიუროს დროებით თავი უნდა შეეკავებინა. იმავე დღეს ორჯონიკიძემ ლენინისა და სტალინის ხელმოწერით შესაბამისი დეპეშაც მიიღო და საქართველოზე შეტევა სამომავლოდ გადაიდო. მიზეზად დასავლეთის ფრონტზე არსებული გართულებები დასახელდა. 1920 წლის მაისის დასაწყისში პოლონეთის ჯარებმა უკრაინაში წარმატებული ოპერაცია განახორციელეს და 5 მაისს კიევი დაიკავეს. საბჭოთა რუსეთს საქართველოსთვის არ ეცალა.
1920 წლის 7 მაისს რუსეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. ამ ხელშეკრულებით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებდა და მის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის ვალდებულებას იღებდა. ოთხი ძირითადი პუნქტის გარდა, დოკუმენტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც საქართველოში კომპარტიის ლეგალიზაციას და ქვეყნიდან რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი სახელმწიფოთა ჯარების გაყვანას ითვალისწინებდა.
1920 წლის შემოდგომაზე ბოლშევიკებმა სამოქალაქო ომში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ლენინის პარტიამ ხელისუფლების შენარჩუნება შეძლო. 1920 წლის 28 ნოემბერს სომხეთის რამდენიმე ქალაქში ბოლშევიკებმა შეიარაღებული გამოსვლა მოაწყეს. იმავე დღეს სომეხ კომუნისტებს დახმარება აზერბაიჯანში დისლოცირებულმა XI არმიამ გაუწია. რუსებმა ერევანი სამ დღეში დაიკავეს.
„სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, საქართველოს ჯერიც დგას. საკმარისია სულ პატარა ძალისხმევა იმისთვის, რომ ბათუმი ბაქოს შევუერთოთ“, – წერდა ორჯონიკიძე.
11 თებერვალს ლორეს რაიონში კომუნისტური აჯანყების პროვოცირება მოხდა.
ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს:
„ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთა წინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ.“
15 თებერვალი. 1921 წელი. ლენინი მე-11 არმიის რევოლუციურ საბჭოს:
„ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაცია წარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან.“
ამ დეპეშას ჰქონდა სტალინის მიერ ხელით მინაწერი:
„სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ“.
16 თებერვლიდან რუსეთმა საქართველოზე შეტევა რამდენიმე მიმართულებით დაიწყო.
18 თებერვალი. 1921 წ. ორჯონიკიძე – სტალინს.
„თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა“.
21 თებერვალი 1921 წელი. ,ჟორდანია – ჩიჩერინს:
„რას ითხოვთ ჩვენგან? გვაცნობეთ ის მიზნები, რომლის გამოც დაიწყეთ ომი ჩვენს წინააღმდეგ. შესაძლოა ჩვენ შევძლოთ სისხლისღვრის გარეშე მოლაპარაკება“.
რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჟორდანიას ეს დეპეშა პასუხის გარეშე დატოვა.
1921 წლის 24 თებერვალს თბილისს ალყის საფრთხე შეექმნა. ასეთ ვითარებაში მთავრობამ ქალაქის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მეორე დღეს, 25 თებერვალს, 12 საათსა და 15 წუთზე კოჯრის გზიდან საქართველოს დედაქალაქში XI არმიის მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. იმავე დღეს ბაქოდან სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვში ცნობილი დეპეშა გააგზავნა:
25 თებერვალი 1921 წელი. ორჯონიკიძე – ლენინს, სტალინს.
„ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“