logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: გვამების ზედამხედველი
- +

9 ივლისი. 2016. 12:13


რამდენიმე დღის წინათ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს და წელიწად-ნახევრით „ვირის აბანოში" გაისტუმრეს ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი თუქსუსი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი და შემდგომში მინისტრის მოადგილედ აღზევებული შოთა ხიზანიშვილი.


ხიზანიშვილს, კუდ-ის ყოფილ უფროსებთან - ვაჟა ლელუაშვილთან და ლევან ქარდავასთან ერთად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და „ქართული ოცნების" ლიდერების უკანონო ფარული მოსმენა ედებოდა ბრალად.


შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სააკაშვილის ბანდიტებმა ბიძინა ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრი ბესო სურმავა გაიტაცეს და შემდეგ მისი სახელით youtobe.com-ზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელთა სატელეფონო საუბრების ჩანაწერები გამოაქვეყნეს.


გატაცებული სურმავა ნაციონალებმა ტელევიზიით გამოიყვანეს და ათქმევინეს, რომ „ქართული ოცნების" ლიდერების მოსმენა თავად ივანიშვილის დავალებით ხდებოდა.


ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუე იყო და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოძიებამ ადვილად დაადგინა, სინამდვილეში რა და როგორ მოხდა.


დიახ, მოწმეთა ჩვენებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გაირკვა, რომ 2012 წლის 26 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ბექა კვარაცხელიას დაუკავშირდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და დაავალა, მოეპოვებინა „ქართული ოცნებიდან" სხვადასხვა სახის ფარული მასალები, რომელთა გამოქვეყნებაც კოალიციის მიმართ საზოგადოების უნდობლობას გამოიწვევდა.


კვარაცხელიამ ხიზანიშვილის დავალება შეასრულა და მას 2012 წლის 26 სექტემბერსვე გადასცა „ქართული ოცნების" ლიდერების საუბრების ფარული ჩანაწერები, რომლებიც არასანქცირებულად და უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული.


ხიზანიშვილმა კვარაცხელიას მიერ გადაცემული დისკები სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში შეიტანა, რამდენიმე საათში კი კვარაცხელიას დაავალა, რომ ფარული ჩანაწერები ინტერნეტში ივანიშვილის დაცვის წევრის ბესო სურმავას სახელით აეტვირთა.


ამ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს განაჩენი 4 წლის შემდეგ - 2016 წლის 28 ივნისს დადგა და, როგორც ზემოთ გითხარით, შოთა ხიზანიშვილს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.


თუმცა, ფარული მოსმენები და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელშიც ხიზანიშვილის შესაძლო მონაწილეობა იკვეთება.


დიახ, გამოსარკვევი და გამოსაძიებელია შოთა ხიზანიშვილის როლი იმ შემზარავ დანაშაულში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა 2011 წლის 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ჩაიდინა.


მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სააკაშვილ-მერაბიშვილის მიერ ზომბირებულმა მარბიელებმა ცემით მოკლეს ორი მშვიდობიანი მომიტინგე - ნიკა კვინტრაძე და სულიკო ასათიანი, რომელთა ცხედრები მეტრო „თავისუფლების მოედანთან" მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე შემოდეს, აქაოდა, გაქცევის დროს ელექტროსადენებთან შეხების გამო დაიღუპნენო.


შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის იმჟამინდელი ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი კი სწორედ ის ადამიანია, რომელიც მაღაზიის სახურავზე გადამალულ ცხედრებთან ერთ-ერთი პირველი მივიდა და დიდი ალბათობით, დანაშაულის კვალის წაშლას ცდილობდა.


ამის მოწმე თავად გახლავართ, ძვირფასო მკითხველო!


დიახ, სწორედ მე ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც აქციის დარბევიდან მეორე დღეს - 2011 წლის 27 მაისს - მეტრო „თავისუფლების მოედანთან" მდებარე მაღაზიის სახურავზე ცხედრების არსებობა ფართო საზოგადოებას შევატყობინე.


2012 წლის 27 მაისს, რუსთაველის გამზირზე „სახალხო კრების" აქციის დარბევიდან მეორე დღეს, საღამოს საათებში, ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის ოფისში ვიმყოფებოდი, რომელიც რუსთაველის 1 ნომერში, პუშკინის სკვერთან მდებარეობდა.


როდესაც შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუს ვიწერდი, ოთახში შემოვიდა მისი ოფისის თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, რომ რამდენიმე წუთის წინ მეტრო „თავისუფლების მოედანთან" მეგობარი შეხვდა და უთხრა, რომ იქვე მდებარე მაღაზიის სახურავზე მიცვალებულთა ცხედრები იყო დაგდებული.


ამის გაგონებაზე შალვა ხაჭაპურიძესთან ინტერვიუ სასწრაფოდ შევწყვიტე, დავავალე ხელი ჩემს კუთვნილ ფოტოაპარატს, ხაჭაპურიძის ოფისის ზემოხსენებულ თანამშრომელს ვთხოვე, გამომყოლოდა და მეტრო „თავისუფლების მოედნისაკენ" გავემართე.


როდესაც ადგილზე მივედით, გარემოს დათვალიერება დავიწყე და ფოტოაპარატი მოვიმარჯვე, ვინაიდან მაღაზიის სახურავისთვის თვალის შევლება გზიდან შეუძლებელი იყო, ავუყევი კიბეს, რომელიც სახელმწიფო კანცელარიისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს.


რამდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ, შემაღლებული ადგილიდან დავინახე, რომ იქვე მდებარე ტყე-პარში, რომელიც რკინის მაღალი მესერით არის შემოღობილი, მოძრაობდნენ პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები. მათ შორის იყო სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება, რომელშიც მაშინვე ამოვიცანი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი შოთა ხიზანიშვილი.


პოლიციელებისა და ხიზანიშვილის საუბარი არ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი, რომ ისინი აქტიურად მოძრაობდნენ და იქაურობას ათვალიერებდნენ.


მაშინ დავიწყე ფოტოგადაღება და კადრში დავაფიქსირე შოთა ხიზანიშვილი.


ფოტოების გადაღების პროცესში მომიახლოვდა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პიროვნება - ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც განმიცხადა, რომ პოლიციის თანამშრომელი იყო და მომთხოვა, მისთვის ფოტოაპარტი მიმეცა.


მე განვუმარტე, რომ ჟურნალისტი ვიყავი და ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვასრულებდი. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა (თუ არ ვცდები, სახელი და გვარი მითხრა, მაგრამ ვინაიდან საკმაო დრო გავიდა, ახლა ვერ ვიხსენებ) მაინც ჩამომართვა ფოტოაპარატი და შეამოწმა, რა ფოტოები მქონდა გადაღებული.


ამ პოლიციელს მივმართე, რომ დაეძახა შოთა ხიზანიშვილისათვის, რომელიც იქვე, ტყე-პარკში იმყოფებოდა. მინდოდა, ხიზანიშვილისათვის განმემარტა, რომ პოლიციელი უკანონოდ მიზღუდავდა პროფესიულ საქმიანობას.


სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა ჩემი თხოვნა არ შეასრულა. მან ამოიღო მობილური ტელეფონი და დაურეკა ჩემთვის უცნობ პიროვნებას, რომელსაც უთხრა - აქ არის ჟურნალისტი (დაუსახელა ჩემი სახელი და გვარი, ასევე ის, რომ ვიყავი „ასავალ-დასავალიდან"), ფოტოები აქვს გადაღებული და როგორ მოვიქცე, წავუშალო თუ არაო.


ჩემთვის უცნობ პიროვნებასთან დაახლოებით 10-15-წუთიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ პოლიციელმა დამიბრუნა ფოტოაპარატი ისე, რომ გადაღებული ფოტოები არ წაუშლია და მომთხოვა, იქაურობა დამეტოვებინა.


მე ჩემს თანმხლებ პირთან ერთად დავტოვე მეტრო „თავისუფლების მოედნის" მიმდებარე ტერიტორია.


მეორე დღეს გაირკვა, რომ მაღაზიის სახურავზე მართლაც აღმოჩნდა 26 მაისის აქციის მონაწილეების - ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის ცხედრები.


ძვირფასო მკითხველო, ეს ამბავი ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ - 2012 წლის 19 ნოემბერს „ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ წერილში დაწვრილებით აღვწერე და მთავარ პროკურატურას საჯაროდ მივმართე, რასაც სტატიაში ვწერდი, გამოძიებას ჩემს ოფიციალურ ჩვენებად მიეღო!


თუმცა, „არსაიდან ხმა, არსით ძახილი"!


სააკაშვილი კაცისმკვლელი რეჟიმის მიერ 2011 წლის 26 მაისს ჩადენილი უსასტიკესი და უმძიმესი დანაშაული „ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბოლომდე და რიგიანად დღემდე არ გამოუძიებია!


დიახ, 26 მაისის საქმეზე მხოლოდ ვანო მერაბიშვილია გასამართლებული და ისიც - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით.


ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელობის გამო პასუხი არავის უგია!


არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი იმაზეც, რომ ცემით მოკლული ადამიანები „დენის დარტყმით გარდაცვლილებად" გამოაცხადეს!„


ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვდა, მისი ხელისბიჭი შოთა ხიზანიშვილი კი მაღაზიის სახურავზე დაგდებულ ორ გვამს ზედამხედველობდა.


პროკურატურავ, იქნებ ახლა მაინც დაჰკითხო გვამების ზედამხედველი ხიზანიშვილი და პასუხისგებაში მისცე ნიკა კვინტრაძისა და სულიკო ასათიანის მკვლელები!


სააკაშვილის ძაღლთაპირი რეჟიმის მიერ დახოცილი ადამიანების სისხლი ცას შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს! სამართალს, რომელიც კაცისმკვლელებთან და სახელმწიფო დამნაშავეებთან კოჰაბიტაციამ შეიწირა!

 

ჯაბა ხუბუა



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner