logo_geo
eng_logo
NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს მიერ მიღწეულ მდგრად პროგრესს მაღალი შეფასება მისცეს
- +

9 ივლისი. 2016. 12:27


NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მიერ დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარების, უფრო ეფექტური თავდაცვითი ინსტიტუტებისა და მოდერნიზებული შეიარაღებული ძალების მიმართულებით მიღწეულ მდგრად პროგრესს. ამის შესახებ NATO-საქართველოს კომისიის სხდომის მონაწილეთა ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.


როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მოკავშირე მინისტრებმა მოუწოდეს საქართველო რეფორმების არსებული დინამიკის შენარჩუნებისკენ, რომლის მხარდაჭერასაც NATO გააგრძელებს.


NATO-ს მინისტრებმა გამოთქვეს იმედი 2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ.


ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს სწრაფვა, გახდეს NATO-ს წევრი, რაც წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრმა ინფორმაცია მიაწოდა მოკავშირეებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების სიტუაციასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დინამიკაზე. მან, ასევე, მოკავშირეებს გაუზიარა ინფორმაცია „ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში სახელმწიფო სტრატეგიის" ფარგლებში საქართველოს ჩართულობისა და ნდობის ამაღლების პოლიტიკაზე.


„მან მადლიერება გამოხატა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში მოკავშირეების მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის არსებითი პაკეტის მეშვეობით. მინისტრმა ჯანელიძემ დაადასტურა საქართველოს მზაობა წლიური ეროვნული პროგრამით განსაზღვრული ყოვლისმომცველი რეფორმების გაგრძელებისადმი. იგი მიესალმა მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებას, რამდენადაც ეს ფაქტი წარმოადგენს ღია კარის პოლიტიკისადმი NATO-ს ერთგულების დადასტურებას. მინისტრმა ასევე მადლიერება გამოხატა NATO-ს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის", - ნათქვამია NATO-საქართველოს კომისიის ერთობლივ განცხადებაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner