logo_geo
eng_logo
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე სამ პირს ბრალი წარუდგინეს
- +

26 თებერვალი. 2021. 15:32

 

 

პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

 

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

„საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტ ვახტანგ სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 თებერვალს, თბილისში, წყნეთის ქუჩაზე, ვ.გ., გ.ს. და ს.ს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს ვახტანგ სანაიას, მისი პროფესიული საქმიანობის გამო თავს დაესხნენ. ბრალდებულებმა ვახტანგ სანაია ჯერ წააქციეს, შემდეგ კი მასზე ფიზიკურად იძალადეს, რა დროსაც ჟურნალისტს მისი პროფესიული საქმიანობის გამო შეურაცხყოფას აყენებდნენ და უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ, ხოლო ვ.გ. ვახტანგ სანაიას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებით, ვახტანგ სანაიამ თავის და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღო. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ს.ს-მ ძალადობა განახორციელა ვახტანგ სანაიას თანმხლებ ნ.მ-ს მიმართ. სამართალდამცველებმა ვ.გ., გ.ს. და ს.ს. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას ატარებს და აღნიშნული კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლა უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 

ვახტანგ სანაიას მიმართ ჩადენილ დანაშაულზე, როგორც მსგავსი კატეგორიის სხვა დანაშაულებზე, უწყებას მკაცრი მიდგომა ექნება. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და დევნა კატეგორიულად მიუღებელია. ბრალდების მხარე დაზარალებულის კანონიერი ინტერესების დასაცავად საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს.

 

პროკურატურამ ვ.გ.-ს, გ.ს.-ს და ს.ს.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - განაცხადეს პროკურატურაში.

 

ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე.

 

შემთხვევა გუშინ წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner