საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტიქიით დაზარალებულ იმერეთის რეგიონში იმყოფება.
მთავრობის მეთაური ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სულორში, ჩავიდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარე სულორმა ხიდი წაიღო. პრემიერმა აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვანის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ხურციძისგან მიიღო. პრემიერმა შესაბამის სამსახურებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება დაავალა.
პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და ალტერნატიული, დროებითი გზის უმოკლეს ვადაში მოწყობას დაჰპირდა.
„საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მაქსიმალურად მოკლე დროში, როგორც კი გაშრება გზა და ტექნიკის მოსვლა იქნება შესაძლებელი, აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ცენტრალურ გზატკეცილზე მოძრაობა უკვე შეუფერხებლად მიმდინარეობს და საერთოდ დავასტაბილურებთ სიტუაციას. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე დროში შევძლებთ ინფრასტრუქტურული პრობლემების აღმოფხვრას. რაც შეეხება მიყენებული ზარალის დათვლას, ამასაც მოკლე პერიოდში განვახორციელებთ და ვნახოთ, რა მასშტაბით და რა დოზით ავანაზღაურებთ ზარალს. ვფიქრობთ, ძალიან მასშტაბური სტიქიაა და საკმაოდ მძიმე შედეგები აქვს ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. მთლიანობაში დღეს უკვე შედარებით, სიტუაცია სტაბილურია", - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სოფელ სულორში, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში გივი ჭიჭინაძე და მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი ზურაბ ალავიძე იმყოფებოდნენ.
გიორგი კვირიკაშვილი დღესვე სტიქიით დაზარალებულ მარტვილში ჩავა.
პრემიერის დავალებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ადგილზე კოორდინაციის მიზნით, მთავრობის წარმომადგენლები სტიქიის ყველა ზონაში იმყოფებიან.
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, ძლიერი წვიმისა და სტიქიის გამო, შესაბამისი სამსახურები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.