ზუსტად 75 წლის წინათ, 1941 წლის 3 ივლისს, სტალინმა სრულიად საბჭოთა კავშირს მიმართა თავისი ისტორიული რადიოგამოსვლით, რითაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო ისტორია შეცვალა! დიახ, ეს იყო ეპოქალური გამოსვლა, რომელმაც სათავე დაუდო საბჭოთა კავშირის გამარჯვებას დიდ სამამულო ომში!
„ამხანაგებო! მოქალაქენო! ძმებო და დებო! ჩვენი არმიისა და ფლოტის მეომრებო! თქვენ მოგმართავთ, ჩემო მეგობრებო!
ჰიტლერული გერმანიის მუხანათური სამხედრო თავდასხმა ჩვენს სამშობლოზე, რაც 22 ივნისს დაიწყო - გრძელდება. მიუხედავად წითელი არმიის გმირული წინააღმდეგობისა, მიუხედავად იმისა, რომ მტრის საუკეთესო დივიზიები და მისი ავიაციის საუკეთესო ნაწილები უკვე დამარცხდნენ და სამარე პოვეს ბრძოლის ველზე, მტერი კვლავ წინ მოძვრება და ახალ-ახალი ძალები გამოჰყავს ფრონტზე... ჩვენი სამშობლო საფრთხის წინაშეა!" - ასე დაიწყო სტალინმა თავისი ისტორიული რადიომიმართვა, რომელშიც არც დაუმალავს, რომ, არც მეტი, არც ნაკლები, საბჭოთა კავშირის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა!
შემდეგ სტალინი ისტორიას იხსენებს და პარალელებს ავლებს:
„ისტორია გვიჩვენებს, რომ უძლეველი არმიები არ არიან და არც ყოფილან. ნაპოლეონის არმიას უძლეველად თვლიდნენ, მაგრამ იგი დაამარცხა ხან რუსეთის, ხან გერმანიის ჯარმა. პირველი იმპერიალისტური ომის პერიოდში ვილჰელმის გერმანიის არმიასაც უძლეველ არმიად თვლიდნენ, მაგრამ მან რამდენჯერმე განიცადა მარცხი რუსეთისა და ინგლის-საფრანგეთის ჯარებისგან... ეს იმას ნიშნავს, რომ ჰიტლერის ფაშისტური არმიაც შეიძლება ისევე დამარცხდეს და დამარცხდება კიდეც, როგორც დამარცხდნენ ნაპოლეონისა და ვილჰელმის არმიები..."
შემდეგ სტალინი ფილიგრანული ოსტატობით, სამართლებრივი და პოლიტიკური კუთხით ასაბუთებს გერმანიის მუხანათობასა და აგრესორობას, რადგან სწორედ ამით აყალიბებს „სამართლიანი ომის" იდეოლოგიურ საფუძვლებს:
„რა მოიგო და რა წააგო ფაშისტურმა გერმანიამ იმით, რომ ვერაგულად დაარღვია პაქტი (1939 წლის თავდაუსხმელობის პაქტი - გ.გ.) და თავს დაესხა სსრ კავშირს? ამით მან მიაღწია თავისი ჯარებისთვის ერთგვარ ხელსაყრელ მდგომარეობას მოკლე ხნით, მაგრამ მან წააგო პოლიტიკურად, ვინაიდან მთელი მსოფლიოს თვალში გამოააშკარავა თავისი თავი, როგორც პირსისხლიანმა აგრესორმა. ეჭვი არ არის, რომ ეს ხანმოკლე ხელსაყრელობა გერმანიისთვის მხოლოდ ეპიზოდია, სსრ კავშირის დიდი პოლიტიკური მოგება კი სერიოზული და ხანგძლივი ფაქტია, რომლის საფუძველზედაც უნდა გაიშალოს წითელი არმიის გადამწყვეტი სამხედრო წარმატებები ფაშისტურ გერმანიასთან ომში..."
ამის შემდეგ, სტალინი ნათლად აყალიბებს იმ საფრთხეს, რასაც მტერი უქადის საბჭოეთის ხალხებს და ამით მჭევრმეტყველურად აყალიბებს „სამამულო ომის" იდეოლოგიას:
„მტერი სასტიკი და ულმობელია. იგი მიზნად ისახავს, ხელთ იგდოს ჩვენი ოფლით მორწყული ჩვენი მიწა-წყალი, ხელთ იგდოს ჩვენი შრომით მოპოვებული ჩვენი პური და ჩვენი ნავთი. იგი მიზნად ისახავს, აღადგინოს მემამულეთა ძალაუფლება, აღადგინოს ცარიზმი, დაანგრიოს რუსთა, უკრაინელთა, ბელორუსთა, ლიტველთა, ლატვიელთა, ესტონელთა, უზბეკთა, თათართა, მოლდაველთა, ქართველთა, სომეხთა, აზერბაიჯანელთა და საბჭოთა კავშირის სხვა თავისუფალ ხალხთა ნაციონალური კულტურა და ნაციონალური სახელმწიფოებრიობა, გააგერმანულოს ისინი, გერმანელი თავადებისა და ბარონების მონებად აქციოს ისინი. ამრიგად, საქმე ეხება საბჭოთა სახელმწიფოს სიკვდილ-სიცოცხლეს. საქმე ეხება იმას - თავისუფალი უნდა იყვნენ საბჭოთა კავშირის ხალხები, თუ მონობაში უნდა ჩავარდნენ..."
სტალინი თავის რადიოგამოსვლაში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთელი საბჭოთა მრეწველობის სამხედრო ყაიდაზე გარდაქმნას, რადგან მან მშვენივრად იცოდა, რომ მტრის დამარცხება მხოლოდ ბრძოლის ველზე კი არა, საამქროს დაზგასთან იჭედება.
„ჩვენ უნდა განვამტკიცოთ წითელი არმიის ზურგი და ამ საქმის ინტერესებს დავუმორჩილოთ მთელი ჩვენი მუშაობა, უნდა უზრუნველვყოთ ყველა საწარმოს გაძლიერებული მუშაობა, მეტი შაშხანის, ტყვიამფრქვევის, ქვემეხის, ვაზნის, ჭურვის, თვითმფრინავის წარმოება..."
სტალინი თავის ისტორიულ მიმართვაში ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის ხალხის ერთ მუშტად შეკვრა და ციხის შიგნიდან გატეხის დაუშვებლობა:
„ჩვენ უნდა მოვაწყოთ ულმობელი ბძროლა ზურგის ყოველგვარ დეზორგანიზატორებთან, დეზერტირებთან, პანიკიორებთან, ხმების გამავრცელებლებთან, უნდა მოვსპოთ ჯაშუშები, დივერსანტები, მტრის პარაშუტისტები და ყოველივე ამაში სწრაფად დავეხმაროთ ჩვენს მიერ შექმნილ გამანადგურებელ ბატალიონებს. მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მტერი ვერაგია, ცბიერია, გამოცდილია მოტყუებაში და ცრუ ხმების გავრცელებაში..."
სტალინს არც გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესი პარტიზანული მოძრაობა ავიწყდება! ის პირდაპირ სამოქმედო გეგმას უსახავს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილ პატრიოტებს:
„მტრის მიერ დაკავებულ რაიონებში უნდა შევქმნათ ცხენოსანი და ქვეითი პარტიზანული რაზმები, უნდა შევქმნათ სადივერსიო ჯგუფები მტრის არმიის ნაწილებთან საბრძოლველად, ყველგან და ყოველ ადგილას პარტიზანული ომის გასაჩაღებლად... დაპყრობილ რაიონებში უნდა შევქმნათ აუტანელი პირობები მტრისთვის და ყველა მისი დამქაშისთვის, უნდა ვდევნოთ და მოვსპოთ ისინი ყოველ ნაბიჯზე, უნდა ჩავშალოთ ყველა მათი ღონისძიება..."
დიახ, სტალინი უბრალოდ სამამულო ომს კი არა, კაცობრიობის ისტორიაში მანამდე არნახულ „ტოტალურ ომს" აცხადებს:
„ამხანაგებო! ჩვენი ხალხი აურაცხელია. თავგასული მტერი იძულებული იქნება, მალე დარწმუნდეს ამაში. თავდამსხმელ მტერთან საომრად წითელ არმიასთან ერთად გამოდიან მრავალათასობით მუშები, კოლმეურნეები, ინტელიგენცია. აღსდგებიან ჩვენი ხალის მილიონიანი მასები. საბრძოლველად გამოვიყენოთ ყველა მშრომელი, რათა ჩვენი მკერდით დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსება, ჩვენი სამშობლო - ჩვენს სამამულ ომში გერმანიის ფაშიზმთან..."
და ბოლოს, სტალინი თავის ისტორიულ გამოსვლას უძლიერესი იდეოლოგიური მოწოდებით ამთავრებს:
„მთელი ჩვენი ძალები - ჩვენი გმირი წითელი არმიის, ჩვენი სახელოვანი წითელი ფლოტის დასახმარებლად!
ხალხის მთელი ძალები - მტრის გასანადგურებლად!
წინ, ჩვენი გამარჯვებისთვის!"
არც მანამდე, არც მას შემდეგ მსგავსი ყოვლისმომცველი მიმართვა და გამარჯვების უზუსტესი ფორმულა ხალხისადმი ასე არავის ჩამოუყალიბებია! და ის, რაც სტალინმა ხალხს 1941 წლის 3 ივლისს, ანუ ზუსტად 75 წლის წინათ უთხრა, მისივე უდიდესი მეცადინეობითა და ტიტანური ძალისხმევით, ზედმიწევნით, სკრუპულოზურად, ფოლადის სიმტკიცით შესრულდა!
გიორგი გიგაური