თელავის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან, რეკომენდაციების დაცვით განახლდება.
მათივე ცნობით, ბაღში არ დაიშვება ტემპერატურის (სიცხის) მქონე, ხველის, ცემინების, სურდოს და რესპირატორული დაავადებისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების მქონე ბავშვი;
ბაღის შენობაში არ დაიშვებიან მშობლები;
ბაღის შესასვლელთან აუცილებელი იქნება ორმეტრიანი დისტანციის დაცვა;
დღის დასაწყისში, შესასვლელში ჩატარდება თერმოსქრინინგი. სიცხის დაფიქსირების შემთხვევაში, ადგილზე მოხდება გადამოწმება ვერცხლისწყლის თემომეტრით;
ტემპერატურის გაზომვა ხდება სამედიცინო, უკონტაქტო, ინფრაწითელი თერმომეტრით. მას არ აქვს არანაირი გამოსხივება და სრულიად უვნებელია;
დღის განმავლობაში ბავშვის შეუძლოდ გახდომის შემთხვევაში, მას მშობლის მოსვლამდე გადაიყვანენ ცალკე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მშობლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია, დაუკავშირდეს 112-ს, ბავშვისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით;
აკრძალულია ბაღში სახლიდან სათამაშოების მიტანა;
ბაღში ბავშვები არ ატარებენ პირბადეს;
ბავშვის ჩვეულებრივ დროზე ადრე გაყვანის შემთხვევაში, მშობლები ბაღის აღმზრდელებს უნდა დაუკავშირდნენ 10 წუთით ადრე, რათა მოესწროს ბავშვის მოზმადება;
აცნობეთ ბაღს, აქვს თუ არა ბავშვს ალერგია სპირტის კანზე მოხვედრის შემთხვევაში;
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი მუდმივ რეჟიმში განახორციელებს ბაღების შემოწმებას, რათა უზრუველყოფილი იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე ბაგა-ბაღების პერსონალის ჯანმრთელობა.