მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ თითქოსდა სანქციების დაწესების შესახებ „იმედის კვირაში“ ექსპერტები და პოლიტოლოგები გამოეხმაურნენ.
„შვილებზე, ცოლებზე, ნათესავებზე ნადირობა სტალინის დროს ჰქონდათ გამოცხადებული“, - ეს განცხადება „იმედის კვირასთან“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გააკეთა.
პოლიტოლოგი ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების შესაძლო დაწესების თემის მედიაში წამოწევას ოპოზიციას უკავშირებს. „სანქციების თემის წამოწევა ასევე გვაგონებს ტერორისტების პრინციპს, როცა ანგარიშსწორება სხვასთან უნდათ და მისთვის საყვარელ არსებაზე აკეთებენ დარტყმას. აირჩიონ ამ იდეის ავტორებმა, სტალინის დროინდელ საბჭოთა რეჟიმთან ურჩევნიათ მათი დაკავშირება თუ ტერორისტებთან“, - აცხადებს საყვარელიძე.
„საუბრები ბიძინა ივანიშვილსა და მისი ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებაზე, რაც ბოლო დროს გაისმა და რის აწევასაც ასე ცდილობენ ოპოზიცია და მისი მომსახურე მედია საშუალებები, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ შეიქმნას განცდა საქართველოს მოსახლეობასა და საზოგადოებაში, თითქოს სახელისუფლებო პარტიასა და მის ლიდერებს შეიძლება დაუწესონ სანქციები და ამან დააჩქაროს მათი ხელისუფლებიდან წასვლა“, - აცხადებს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
გასულ კვირას მედიაში ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წევრებისთვის აშშ-ში სანქციების თითქოსდა დაწესების თემაზე პუბლიკაციები გამოქვეყნდა და სიუჟეტები გავიდა.