„თუ გვინდა, ქართული სახელმწიფო შედგეს, „ნაცმოძრაობა“ რომ უნდა დასრულდეს, ეს ეჭვს არ იწვევს. მერწმუნეთ, დამიჯერეთ: თუ „ნაცმოძრაობას“ არ დავასრულებთ, ის დაასრულებს საქართველოს!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„„ნაცმოძრაობის“ დასრულებაზე როცა ვსაუბრობ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი „ნაცმოძრაობა“ ციხეში ჩავყაროთ, ნაციონალებზე, როგორც კუდიანებზე, ნადირობა გამოვაცხადოთ, ვცემოთ, დავასახიჩროთ, ვაწამოთ ისე, როგორც ისინი გვიკეთებდნენ ჩვენ, დანარჩენ ქართველებს.
ეს არა, მაგრამ ნაციონალები ბოლომდე უნდა ვამხილოთ და საქართველოსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც დოკუმენტურად, სათანადო მასალებით და მტკიცებულებებით, ბოლომდე უნდა ვუთხრათ სიმართლე იმ შემზარავ დანაშაულებათა შესახებ, რაც „ნაცმოძრაობას“ და მის ლიდერს საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე აქვთ ჩადენილი.
_ კი, მაგრამ, ხომ ვამბობთ ამ სიმართლეს და მეტი რა ვქნათო? _ შემომედავებიან, ალბათ.
არა, არა, ეს მხოლოდ ნახევარი სიმართლეა, ისიც ალაგ-ალაგ შეფერადებული და რეტუშირებული.
კარგად რომ დავაკვირდეთ და სერიოზულად რომ დავუფიქრდეთ იმას, რაც საქართველოს პოლიტიკური თეატრის სცენაზე აქამდე ხდებოდა, ეს საქართველოს სირცხვილი იყო, თუმცა არა მარტო საქართველოს, არამედ იმ საერთაშორისო დემოკრატიული თანამეგობრობის სირცხვილიცა, რომლის წარმომადგენლებიც არაინფორმირებულობის თუ სხვა მიზეზების გამო, ზოგჯერ, თავგამოდებით ესარჩლებოდნენ იმ ფაშისტურ-კრიმინალურ ძალას, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია.
ამასწინათ დიქტატორ იდი ამინზე, უგანდის ყოფილ პრეზიდენტზე, დოკუმენტური ფილმი ვნახე.
ვერ წარმოიდგენთ, როგორ ჰგვანან ერთმანეთს იდი ამინი და მიხეილ სააკაშვილი, მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ერთი შავკანიანია, მეორე _ თეთრი, მაგრამ სული ორივეს ნახშირივით შავი აქვთ და ორივეს უამრავი შავი საქმე აქვს ნაკეთები.
როდის გადაიღებენ ქართველები „ქართველ“ იდი ამინზე, მიხეილ სააკაშვილზე, დოკუმენტურ ფილმს და როდის აჩვენებენ მსოფლიოს, თუ ვინ არის, სინამდვილეში, კაცი, რომელიც დემოკრატიის შუქურა ეგონათ?
სხვათა შორის, აფრიკის დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ იდი ამინსაც, რომელიც ბოლოს სააკაშვილივით ქვეყნიდან გაიქცა“, - წერს ხარჩილავა.