logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: სააკაშვილის „შესტიორკა“
- +

2 მარტი. 2021. 09:55

 

 

გმირი გაგვიზრდია,  უთხრა აღტაცებულმა მამა ანზორმა დედა ნანას, ნაცების ოფისში გამაგრებული ნიკანორი რომ ნახა ტელევიზორში, რომელიც მოხალისე დამცველების მხარდაჭერით გულმოცემული, ხაფი ხმით გაიძახოდა: არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთო.

 

იმედები უნდა გაგიცრუოთ, მამა ანზორ _თქვენი შვილი გმირი კი არა, სააკაშვილის „შესტიორკაა“, რომელიც სააკაშვილის ბრძანებებს ასრულებს და ამას არც მალავს _ მე ყველაფერს სააკაშვილთან შეთანხმებით ვაკეთებო,  თავად ბრძანა ამასწინათ, თქვენ რომ გმირი გგონიათ, იმ ჯეელმა.

 

„შესტიორკობა“, ზოგადად, ცუდი რამ არის, მაგრამ სააკაშვილის „შესტიორკობა“ მთლად საშინელებაა.

 

როცა სააკაშვილის „შესტიორკობაზე“ თანხმდები, უნდა იცოდე, რომ ყველა იმ დანაშაულის თანამონაწილე და თანაავტორი ხდები ავტომატურად, რაც მას ჩაუდენია.

 

ასე რომ, უმძიმესი ცოდვები აქვს წამოკიდებული ზურგზე თქვენს „გმირ“ შვილს, მამა ანზორ და სანამ ის იქ, „ნაცმოძრაობაში“ არის, ეს ცოდვები სააკაშვილთან ერთად მანაც უნდა ზიდოს, მერე კი, როცა დრო მოვა, მანაც სააკაშვილთან ერთად უნდა აგოს პასუხი.

 

არადა, ეს დრო აუცილებლად მოვა, მამა ანზორ და თქვენ, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლულმა კაცმა, არ შეიძლება ეს არ იცოდეთ.

 

როგორც თქვენი კოლეგები ამბობენ, თავის დროზე თქვენც შევარდნაძის კაი მამალი „შესტიორკა“ იყავით და სწორედ ამით მიაღწიეთ დასახულ მიზანს.

 

სწორედ ამაზეა ნათქვამი  „კვიცი გვარზე ხტისო“.

 

თქვენ გგავთ თქვენი „ვიცი“, მამა ანზორ, თქვენ კიდევ გმირობისა არაფერი გცხიათ.

 

კი, ერთ-ერთი გმირობა კი გაქვთ ჩადენილი 2012 წელს, ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ მიტინგზე, ხეს ვიყავი ამოფარებული და ისე ვუსმენდი ბიძინა ივანიშვილის გამოსვლასო,  თქვით ერთ-ერთ ინტერვიუში.

 

სულ რაღაცას ეფარებით თქვენ და თქვენი შვილი  თქვენ ერთ ხეს, ის მეორე ხეს და ასე მოფარებულიდან გვიმტკიცებთ, რომ მაგრები ხართ.

 

ზუგდიდში ჩადენილი „გმირული“ საქციელით იმის თქმა გინდათ, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ არ მოგწონდათ და ერთი სული გქონდათ, როდის გადაშენდებოდნენ, თქვენი შვილიც იმით იწონებს თავს, რომ თავის დროზე ნაცების საწინააღმდეგო მიტინგებზე აქტიურობდა და ნაცებს ებრძოდა.

 

კი, მაგრამ, მერე რა მოხდა, რით შეაყვარეს თავი, ისეთი რა მამულიშვილური საქმეები ჩაიდინეს ამ არამზადა ნაცებმა, რომ თქვენი „გმირი“ შვილი მათი მოწინააღმდეგიდან მათ მომხრედ და მხარდამჭერად იქცა და აღმასრულებელი ბიუროს უფროსის თანამდებობაც კი გაირტყა?!

 

აღმასრულებელი ბიურო სააკაშვილის დროს რას აღასრულებდა და როგორ აღასრულებდა, ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ „ქართველთმოყვარე“ ნიკას სულაც არ უთაკილია სააკაშვილის რეჟიმის დროს გაუბედურებული ქართველების სახლებიდან კინწისკვრით გამოყრა.

 

მაინც, რა დამსახურების გამო დაინიშნა ნიკანორი ამ თანამდებობაზე?

 

რა დამსახურების გამო დაინიშნა და, როგორც ბოროტი ხმები ამბობენ, ზონდერობდა თურმე ეს ჩვენი პატივცემული ნიკა და ისე გამეტებით ურტყამდა მომიტინგეებს, რომ გამოარჩიეს და დააწინაურეს.

 

არ ვიცით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს მისი ზონდერობის ამბავი, თუმცა, თუ კარგად დააკვირდებით ნიკას საქციელებს, მართლაც არის მასში რაღაც ზონდერული.

 

 

ვითომ შემთხვევითი ამბავია ის, რომ ეს „პოლიტიკოსი“ კაცი ხან ერთს რომ გაექაჩება საცემრად, ხან მეორეს, ხან  მესამეს?

 

იაგო ხვიჩიას დაემუქრა, გაგხევ შუაზეო და შეშინებულმა იაგომ იარაღის ტარების უფლება ითხოვა _ ტანად დიდია ნიკანორი, მომერევა და თავის დაცვის საშუალება მიმეცითო.

 

იქით ალეკო ელისაშვილს შეუთვალა, ერთი ადგილი დააყენე, თორემ მართლა შემოგივარდები პარლამენტში და იქიდან გამოგათრევო.

 

უყვარს ნიკას პარლამენტში შევარდნა და რა ჰქნას? ეტყობა, აღსრულების ბიუროში მუშაობის დროიდან გამოჰყვა ეს მავნე ჩვევა და ვერა და ვერ მოიშალა.

 

20 ივნისსაც სცადა პარლამენტში შევარდნა, მაგრამ არ გამოუვიდა და შევარდნა კი არა, შესვლა მინდოდაო, გვიმტკიცებს, ხელებაწეული უნდა შევსულიყავითო, ამათ კიდევ, ამ „ქართულმა ოცნებამ“, სახელმწიფო გადატრიალების და პარლამენტში შეჭრის ბრალდება შემომტენა, სამაჯური შემაბეს და თანაც გირაოს გადახდაც დამაკისრესო,  ნაწყენია ნიკანორი.

 

სამაჯური და გირაო კი არა, რაც შენ გააკეთე, ჩემო პოლიტიკოსო ნიკა, იმისთვის ნებისმიერ სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში მინიმუმ ათ წელს მაინც მოგარჭობდნენ, შენ კი სამაჯურით და გირაოთი გადარჩი და იმის გადახდაც არ გინდა?

 

_ მართალი ვარ და ამიტომ არ გადავიხდი!  ჯიუტობს მელია-ენაგრძელია.

 

_ რაში ხარ, მართალი? პარლამენტში შეჭრისკენ მოუწოდებდი ადამიანებს, სამჯერ მიიტანეთ იერიში პარლამენტზე და კიდევ იძახი, მართალი ვარო? შენ პარლამენტი საქათმე ხომ არ გგონია, მელიავ, როცა გინდა „შეიპარები“, როცა გინდა  „გამოიპარები“.

 

 გაბრაზებული ვიყავი… როცა ოკუპანტი გავრილოვი დავინახე პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ჭკუა გადამეკეტაო, _ პატრიოტულს აწვება ნიკანორი და შიგადაშიგ გამსახურდიას და კოსტავასაც ახსენებს _ ჩვენო, ახალი ეროვნული მოძრაობა უნდა დავიწყოთო. ესო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ახალი ეროვნული მოძრაობააო, რამდენი სიტყვაც არის, იმდენი დემაგოგია, ფარისევლობაა და თვალთმაქცობაა შიგ.

 

რაც შეეხება ოკუპანტი გავრილოვის დანახვაზე ჭკუის გადაკეტვას, ოკუპანტებთან ერთად რესტორანში რომ ქეიფობდით, ნაცებო, ჭკუა მაშინ არ გადაგკეტვიათ და რაღა გავრილოვის დანახვაზე დაგემართათ ბნედა?

 

აი, ამ ძალის თავმჯდომარე ბრძანდება ბატონი ნიკანორი და მამამის ანზორის ატყუებს _ გმირი ვარო.

 

მამა ანზორი იმის ჩიტი არ არის, რომ დამწყებმა აფერისტებმა მოატყუონ, მაგრამ რა ჰქნას, მამაა და თავს იტყუებს, თავის მოტყუება კი ისეთ მასშტაბებში გადაეზარდა, ერთხელ შვილი ნაცებთან „ჩაუშვა“: ნიკა ნაცი არ არის, ნიკა ქართველიაო.

 

როგორც ჩანს, ჯერ მიშიკოს ყურამდე არ მიუღწევია ნიკას არანაცობის ამბავს, თორემ ახლადგამომცხვარ თავმჯდომარეს მოუწევს ახსნა-განმარტების მიცემა, თუ რატომ არ არის სახლში ნაცი, კაცი, რომელიც გარეთ ნაცია?

 

მამა ანზორის ატყუებს თუ მიშას ატყუებს, ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ერთ-ერთს რომ ნამდვილად ატყუებს, ფაქტია.

 

სხვათა შორის, მიშა და ნიკა ბევრი რაღაცით ჰგვანან ერთმანეთს  ორივეს ტრაბახი და ბაქიბუქი უყვარს _ ისეთი პატრიოტები და ქვეყნისთვის თავდადებული ბიჭები ვართ, ისეთი გულადები და მამაცები ვართ, უკან არაფერზე დავიხევთო.

 

ამ დროს ერთი ძლივს ჩამოათრიეს კიევში სახურავიდან, მეორე კი თბილისში ოფისში ჩაიკეტა და ცოცხალი თავით გარეთ არ გამოდის  დამიჭერენო.

 

ერთსაც და მეორესაც ციხის ძალიან ეშინიათ _ იციან, რომ საციხოდ უვარგისები არიან და ციხეში რომ აღმოჩნდნენ, ეგრევე ამთხლევდებიან და ყველაფერს დაფქვავენ.

 

ნებაყოფლობითი პატიმარია ნიკანორ მელია  საკუთარ თავს თვითონ მიუსაჯა პატიმრობა და „ახრანნიკებად“ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დაიყენა.

 

„ქართულ ოცნებაში“ ხუმრობენ თურმე _ თუ არ გამოვა და იჯდეს მანდ, რამდენიც გაუხარდება. ჩვენ ერთი ოთხი წელი კიდევ ვიქნებით ხელისუფლებაში და იჯდეს ეს მელია თავის ციხეში ოთხი წელი. მეტის მისჯას მაინც არ ვაპირებდითო.

 

 „ნაცმოძრაობა“ცდილობს, მელიასგან სიმართლისთვის წამებული და ტანჯული რაინდის სახე შექმნას, რომლის გარშემო ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს თურმე.

 

ნაციონალებმა, ამ ნეობოლშევიკებმა, ძველი ლოზუნგი „ზა როდინუ, ზა სტალინა“ მელიათი ჩაანაცვლეს და ჰგონიათ, აზვირთებული ხალხის მასა ახლა მელიასთვის დადებს თავს.

 

როგორი სასაცილოები, როგორი სამარცხვინოები, როგორი უბადრუკები და უნიჭოები ხართ, თქვე საწყალო ნაციონალებო, XXI საუკუნეში მელიას გასტალინებას, ან კიდევ უარესი _ მელიას ახალ ზვიად გამსახურდიად, ახალ მერაბ კოსტავად წარმოჩენას რომ მოინდომებთ და თანამებრძოლებად პუტჩისტ ბოკერიას, კომკავშირელ ხაზარაძეს, პროკურატურის პარტკომს შალიკო ნათელაშვილს, „ფქვილის პრინცესად“ წოდებულ ნინო ანზოროვნას, აფრასიძეების სისხლში გასვრილ ბარამიძეს, კგბ-ის დამსახურებულ და ღვაწლმოსილ კადრებს _ ძმებ ბერძენიშვილებს და კიდევ სხვა მრავალ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ პოლიტიკურ „პროსტიტუტკებს“ რომ დაუნიშნავ, მერე კი ქართველი ხალხის იმაში დარწმუნებას შეეცდები, რომ ეს ყველაფერი თურმე ახალი ეროვნული მოძრაობაა.

 

ამაზე დიდი შეურაცხყოფა შეიძლება ქვეყანას მიაყენო?

 

ნიკანორ მელია პოლიტიკისთვის აბსოლუტურად უვარგისი და, ამავე დროს, სახიფათო კაცია.

 

ნიკანორ მელია არავინ არ არის _ მას მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია აკისრია  შეასრულოს სააკაშვილის დავალებები და საკუთარ ქვეყანას პროვოკაციები მოუწყოს.

 

აი, ამ დავალებას კი მელია მართლაც შესაშური გულმოდგინებით ასრულებს _ მელია ნამდვილი პროფესიონალი პროვოკატორია.

 

ეს არის და ეს!

 

ვახტანგ ხარჩილავა

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner