„შეერთებული შტატები რუსეთს, კრემლის კრიტიკოსის ალექსეი ნავალნის დასჯის გამო სანქციებს, სავარაუდოდ, დღეს დაუწესებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, აშშ ორი აღმასრულებელი ბრძანებით იმოქმედებს. პირველი არის 13661, რომელიც ყირიმში რუსეთის შეჭრის შემდეგ გამოიცა და მეორე, 13382, რომელიც 2005 წელს მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით გამოიცა.
ორივე ბრძანება საშუალებას აძლევს შეერთებულმა შტატებს, სანქცირებულ პირებს გაუყინოს ამერიკული აქტივები და ამერიკულ კომპანიებსა და პირებს მათთან საქმის დაჭერა აუკრძალოს.
წყაროს ცნობით, სანქციების სამიზნე რამდენიმე კერძო პირი იქნება, თუმცა მან ეს პირები არ დაასახელა.
ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თებერვალში განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის დაპატიმრება „პოლიტიკურად მოტივირებულია“ და მოსკოვს მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
„როიტერი“ წერს, რომ ნავალნის საქმის გარდა ვაშინგტონი და მოსკოვი საკითხების ფართო სპექტრზე ვერ თანხმდებიან, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ამბიციები უკრაინასა და საქართველოში, ასევე გასულ წელს აშშ-ის სამთავრობო უწყებებზე განხორციელებული კიბერ შეტევა, რაშიც ვაშინგტონი რუსეთს ადანაშაულებს, თუმცა მოსკოვი მასში მონაწილეობას უარყოფს.