რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა ორი ამერიკელი დიპლომატი, რომელიც მოსკოვში აშშ-ის საელჩოში მუშაობდა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, მოსკოვმა შესაბამისი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-მ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა.
დიპლომატიური ურთიერთობა მხარეებს შორის ივნისის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიძაბა, როცა ამერიკელ დიპლომატს რუსმა სამართალდამცავმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
რუსული მხარის მტკიცებით, აღნიშნული პირი სინამდვილეში ამერიკული სპეცსამსახურების თანამშრომელი იყო, რომელიც საელჩოში სადაზვერვო ოპერაციის ჩატარების შემდეგ ბრუნდებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსული მხარის ვერსია კატეგორიულად უარყო.