8 ივლისს, ხელოვნების სასახლეში, ქართული საზოგადოებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტის „მეფე ერეკლე ინგლისურ პრესაში" პრეზენტაცია გაიმართა.
ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს უნიკალური ისტორიული დოკუმენტები გადასცა, კერძოდ 1633-1798 წლებში ინგლისურ პრესაში დაბეჭდილი ცნობები საქართველოსა და მეფე ერეკლეს შესახებ. 500-ზე მეტი ბეჭდური ასლი ქართული ისტორიოგრაფიისთვის მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს, პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებში აღწერილია მეფე ერეკლეს რამდენიმე გმირული ბრძოლა და ხაზგასმულია მისი ავტორიტეტი იმდროინდელ მსოფლიოში.
საყურადღებოა, რომ ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილი დოკუმენტები, ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია, სამუშაო ჯგუფმა უკვე დაიწყო მთარგმნელობითი სამუშაოები, შედეგად კი გამოიცემა ორენოვანი კრებული, რომელიც უდაოდ უმნიშვნელოვანეს ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიის შესახებ არსებულ წყაროებში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი "ქართუ" ფონდის თანადგომითა და ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, რომელმაც პროექტის განხორციელებისათვის 20 000 ლარი გამოყო.