„როდესაც ბრალდებულები აცხადებენ, რომ გიორგი შაქარაშვილი თვალით არ უნახავთ, ცრუობენ. მისი განმარტებით, დღევანდელ სხდომაზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ბრალდებულები მოტივირებულები არიან სასამართლოს თავისი სიცრუე დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცვებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
„ ვიდეოჩანაწერებზეც ჩანს, რომ ისინი უშუალოდ გიორგი შაქარაშვილს და მასთან ერთად მყოფ პირებს მისდევენ, თავს დაესხნენ. შემდეგ, უკვე იმ პირობებში, როდესაც ვიდეოჩანაწერები არ არსებობს, უკვე მოწმეთა ჩვენებებით ვადგენთ, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბრალდებულები და შემდეგ წყალში გადააგდეს. რაც შეეხება უშუალოდ ბრალდებულების პოზიციას, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ნაწილმა მათგანმა საერთოდ ფაქტთან დაკავშირებით არაფერი არ ისაუბრა, ანუ საერთოდ არ შეეხო მომხდარ ფაქტებს, თუმცა იმ ნაწილმა, რომელმაც ისაუბრა ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვასილ მახარაძის შემთხვევაში, ყველა მათგანმა იცრუა სასამართლოს წინაშე და სასამართლოს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რომელიც არაერთხელ უკვე იქნა დადასტურებული, რომ არის სიცრუე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მოლოდინი არც გვქონდა, რომ ბრალდებულებიდან რომელიმე მათგანი იტყოდა სიმართლეს, თუმცა დღეს კიდევ ერთხელ დავასკვენით, რომ ისინი მოტივირებულები არიან, სასამართლოს თავისი სიცრუე რაიმე სახით დააჯერონ, თუმცა იქვე წინააღმდეგობაში მოდიან სხვა მტკიცებულებებთან, ჩვენებებთან და ვიდეოჩანაწერებთან“- განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული 5 პირის საქმის მოსამართლე ბიძინა სტურუა განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. როდის გამოცხადდება განაჩენი, ჯერჯერობით, უცნობია.