ვარშავის სამიტის კომუნიკეში NATO-ს ლიდერები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების ერთგულნი რჩებიან და „საქართველო გახდება NATO-ს წევრი".
„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი, MAP-ი კი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება. დღეს ჩვენ კვლავ ვადასტურებთ იმ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს სამომავლო წევრობისთვის მოსამზადებლად.
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების გზაზე", - ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში.
NATO-ს ლიდერები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასახლოებლად გააგრძელოს ყველა ორხმრივი თანამშრომლობით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრული გამოყენება და მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს კონტრიბუციას „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში, ასევე მიესალმებიან მნიშვნელოვან პროგრესს NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის გზაზე და აღნიშნავენ NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის მნიშვნელობას.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. მივესალმებით ძალის გამოუყენებლობისადმი საქართველოს ერთგულებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააკეთოს იგივე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს რეგიონების, „სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, შეწყვიტოს ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ საზღვრისმაგვარი დაბრკოლებების მშენებლობა და გაიყვანოს საკუთარი ძალები საქართველოდან.
NATO არ აღიარებს ე.წ. შეთანხმებებს, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს რეგიონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წლის ნოემბერში და საქართველოს რეგიონ სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის 2015 წლის მარტში.
აღნიშნული შეთანხმებები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ცალსახად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ეუთო-ს პრინციპებსა და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის დისკუსიების ყველა მონაწილეს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი, ასევე გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ეუთო-სთან, გაერო-სთან, ევროკავშირთან, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე", - ნათქვამია ვარშავის სამიტის კომუნიკეში.