ავტორი ალა გრიგალაშვილი
„კოალიციის დაშლის შემთხვევაში, რესპუბლიკური პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბრისას ზაზა სიამაშვილი.
ლექტორის თქმით, მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიებიდან ბარიერის გადალახვას მხოლოდ ის პარტიები შეძლებენ, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სახელთან იქნებიან დაკავშირებულები.
„რესპუბლიკური პარტია, ვიდრე კოალიცია შეიქმნებოდა, მაშინაც ურეიტინგო პარტია იყო. ეს პარტია საარჩევნო ბარიერის გადალახვას ვერანაირად ვერ შეძლებს. რეალობას თვალი გავუწოროთ - რომელ პარტიასაც მიებმება ლაიტმოტივად ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ის პარტია გადალახავს ბარიერს. ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშე, ამ ადამიანს აქვს დიდი რეიტინგი, მხარდაჭერა საზოგადოებაში... „ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში „ძალა ერთობაშია" ნამდვილად არ გამოდგება, რადგან ეს ის შემთხვევაა, როცა ძალა ფინანსებსა და ხალხის დადებით განწყობაშია. არც რესპუბლიკელებს და არც სხვა პარტიებს არც ერთი და არც მეორე არ გააჩნიათ. თუმცა არიან ადამიანები, თუნდაც ვახტანგ ხმალაძე, რომლის მიმართ მე მაქვს უსაზღვროდ დიდი პატივისცემა... ძალიან დიდი პატივისმცემელი არ ვარ ბატონი გოგი თოფაძის, მაგრამ არის საკითხები, რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები. მაგალითად, თამაზ მეჭიაური არის პოლიტიკოსი, რომელსაც 10 შემთხვევიდან, შესაძლოა, 2 შემთხვევაში დაეთანხმო მხოლოდ. ალბათ, უნდა ჩატარდეს ობიექტური, მიუკერძოებელი კვლევა, რომელიც გამოავლენს, ვის რა რეიტინგი აქვს", - განაცხადა სიამაშვილმა.