„საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს. შეთანხმებული წინასწარი გრაფიკითა და ღონისძიებებით თვითონვე განახორციელოს გარემოს აღდგენა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს საწარმოები, რომლებსაც აქვს რისკი წყლის, ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების.
„ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრი პრინციპია, რომ გარემოს დამბინძურებელი იხდის და ეს არ არის მხოლოდ დაჯარიმების ნაწილი, არამედ იქნება ისიც, საწარმო ვალდებული იქნება, რომ ზიანი, რასაც გარემოს მიაყენებს, თავადვე გამოასწოროს. შეთანხმებული წინასწარი გრაფიკით და ღონისძიებებით თვითონვე განახორციელოს გარემოს აღდგენა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. ჰაერის დაბინძურების გარდა, ჩვენ გვინახავს გადათხრილი ტერიტორიები და მწვანე ნარგავების დაზიანება. თვითონ საწარმო ვალდებული იქნება ის სამუშაოები აწარმოოს, რაც გარემოს აღდგენას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი 2 მარტს მიიღო. კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.