გვესაუბრება „სამოქალაქო საზოგადოებისა
და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი,
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე:
- ბატონო ლადო, აშკარაა, რომ „ნაცმოძრაობის“ ინტერესებში არ იყო სამართლიანი არჩევნები და არც მისი შედეგები, არამედ არეულობის, დესტაბილიზაციის მოწყობა. დღეს, ეს გუნდი აქციებით, დაუმორჩილებლობით, სახელმწიფო სტრუქტურების პიკეტირებით იმუქრება. რას გვეტყვით?
- დიახ, ცალსახაა, რომ „ნაცმოძრაობა“ ემზადებოდა არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ 1 ნოემბრისთვის. სწორედ 1 ნოემბერს მოიხსნა მელიამ დემონსტრაციულად სამაჯური და ხალხში მოისროლა. ეს იყო მცდელობა მცდელობა პოლიტიკური ტემპერატურის აწევის, რათა საზოგადოება დაერწმუნებინათ, თითქოს, ხმები იყო დასაცავი, არჩევნები გაყალბდა. 8 ნოემბერს ჰქონდათ ცესკო-ს აღების მცდელობა არჩევნების გაყალბების მოტივით და ეს იმ ფონზე, როცა არანაირი მტკიცებულება, დოკუმენტი, ფაქტობრივი მასალა ოპოზიციას არ წარმოუდგენია.
ჩვენ, სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და კანონის უზენაესობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს. თუმცა, სამართლის აღსრულებამ ქვეყანა შეარყია იმ მხრივ, რომ ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ისე აღიქვეს, თითქოს, ხელისუფლებამ ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავა, რამაც მდგომარეობა უფრო მეტად, გარემო პოლარიზებული გახადა. ამაზე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც მოვისმინეთ. თუმცა, სწორედ მელიას დაკავების გამო საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირება, ზოგ შემთხვევაში ობიექტური, ზოგ შემთხვევაში კრიტიკული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში ამაზეც ისეთივე სწრაფი რეაგირება ექნებოდათ.
დასავლეთის დამოკიდებულება არ შეცვლილა _ იგი მოუწოდებს ოპოზიციას პარლამენტში შევიდეს და ბრძოლა იქედან გააგრძელოს. დასავლეთი, ჩვენი პარტნიორები ხედავენ, რომ სწორედ ასეთი დესტრუქციული ქმედებები შეიძლება გახდეს ქვეყანაში დესტაბილიზაციის საფრთხე. თქვენ, ნახეთ, რომ ამას დასავლეთის რეაქცია, სერიოზული შეშფოთება მოჰყვა, მაგრამ მეორე მხარეს არის ბედნიერი რუსეთი იმიტომ, რომ ქვეყანაში ასეთი დაძაბული ვითარებაა. ბედნიერია „ნაცმოძრაობა“, რომელმაც მთელ მსოფლიოს აჩვენა: როგორ აღასრულა სამართალი „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციის ლიდერი დააპატიმრა, მაგრამ ეს სასამართლო განჩინების საფუძველზე მოხდა, რამაც რა თქმა უნდა, მმართველი პარტიის იმიჯი დააზიანა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო ნაცების ამოცანა. ერთი მხრივ, ეს შეიძლება გასაგები იყოს იმიტომ, რომ ისინი „ქართულ ოცნებას“ ებრძვიან. მაგრამ როცა ისინი მსგავსი ქმედებებით ქართულ სახელმწიფოს ებრძვიან, ეს, რა თქმა უნდა, ყველა მოქალაქისთვის მიუღებელი უნდა იყოს. ეს, ასეც არის, რაც დაადასტურა 26 თებერვლის მიტინგმა, რომელიც ფაქტობრივად, ჩაიშალა, ოპოზიციონერი ლიდერები სიტყვით ვერ გამოვიდნენ, რადგან ხალხი არ იყო. ამის დასტურია მანამდელი პერიპეტიებიც, კერძოდ, ნაცები 6 დღის მანძილზე გამომწყვდეულები იყვნენ პარტიის ოფისში მხოლოდ საკუთარი მხარდამჭერების და სხვა ოპოზიციონერების იმედად. ქართველი ხალხი, მოსახლეობა ამ პროცესს არ გამოხმაურებია. დაჭერის კადრებს მთელი საქართველო პირდაპირ ეთერში უყურებდა და რაიმე განსაკუთრებული გამოხმაურება, საზოგადოების მხრიდან, არ ყოფილა. მელიას პოლიტ.დევნილობის განცდა ხალხს არ ჰქონია. კი ბატონო, 26 თებერვალს მსვლელობისას იყო ათასობით ადამიანი, მაგრამ კვლავ მათი აქტივი, მათი მხარდამჭერები და არა რიგითი მოსახლეობა, რომელსაც დღეს გაცილებით მეტი პრობლემები აქვს, ვიდრე იმის გარკვევაა ვინ შევა პარლამენტში და ვინ კარავში. აქვე, მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება: ირაკლი ღარიბაშვილმა როგორც პრემიერ მინისტრმა პირველივე რაც გააკეთა ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, მეორე, მოუწოდა ოპოზიციას დიალოგისკენ და მესამე, გახსნა ეკონომიკა და დაიწყო ზრუნვა საქართველოს მოსახლეობის იმ პრობლემების მოგვარებაზე, რაც ყველას აწუხებს.
- მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ, „ნაცმოძრაობა“ მაინც არ ისვენებს…
- მათ გაქცეული პრეზიდენტი _ სააკაშვილი არ ასვენებთ. ამ არჩევნებმა „ნაცმოძრაობას“ კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შანსი არჩევნების, კანონიერი გზით, ფაქტობრივად, გამორიცხულია, არ არსებობს. ამის დასტურია მოსახლეობის გაკეთებული არჩევანი დღესაც და 2012 წლიდან მოყოლებულიც. ამიტომ, მათთვის მუდმივი ამოცანაა გაავრცელონ ცრუ აზრი, თითქოს, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს ართმევენ ანუ, ხალხი კი არ წყვეტს ვინ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, არამედ ვიღაც სხვა.
ოთხი თვეა მათ ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორები დიალოგისკენ მოუწოდებენ, მაგრამ მათ ეს არ აწყობთ. რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ. მისი დანიშვნის ყველაზე მარტივი გზა არის საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა, რაც პარლამენტში შესვლის გარეშეც შესაძლებელია. დაადასტურონ თუ არსებობს არჩევნების გაყალბების თუნდაც ერთ პროცენტიანი მასშტაბი და ჩვენ, რიგგარეშე არჩევნები გვექნება. ამაზე უარს ამბობენ იმიტომ, რომ იციან, არჩევნები არ გაყალბებულა. მეორე, რომც დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, სისტემა იგივე დარჩება, საარჩევნო ადმინისტრაციაც იგივე, ასევე, ხარვეზები, პრობლემებიც იგივე, რაც 31 ოქტომბერს იყო. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ვინც ამ ყველაფრის რეფორმაზე მუშაობს, რათა უკეთესი საარჩევნო გარმო გვქონდეს. „ქართული ოცნება“ როგორც ხელისუფლება, პირველ რიგში, ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დიალოგისკენ, დეესკალაციისკენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ინტერესების ვერგატარების ხარჯზე და კანონის მაღლა ვერავინ უნდა დადგეს იქნება ეს პარტიის ლიდერი, რიგითი წევრი თუ მხარდამჭერი.
- ვადამდელი არჩევნები რომც დაინიშნოს, ეს რამდენად არის გამოსავალი. ხომ შეიძლება, ნაცებმა შედეგები ისევ დაიწუნონ და ასე გაგრძელდეს უსასრულოდ.
- კი, კი, საბოლოო ჯამში, რეალურად, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მიზანი შემდეგია: თითქოს, არჩევნების დანიშვნით ხელისუფლება აღიარებს, რომ არჩევნები გაყალბდა და ახალი დანიშნა. მეორე მხრივ, მათ სურთ: ის რაც 1 ნოემბერს ვერ განახორციელეს, ახლა, ხელახალი არჩევნების მეორე დღეს გააკეთონ. მერე ისევ დაიწყებენ საუბარს გაყალბებაზე, ხმების მოპარვაზედა ა.შ. ინფორმაციის გავრცელებაში პარტიული ტელევიზიებიც შეუწყობენ ხელს და ჰგონიათ, ამით მეტ ხმას მიიღებენ. ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა 31 ოქტომბერს ნახევარი მილიონი ამომრჩეველი მოატყუა, თითქოს, მესამე ძალა იყვნენ და მათ არც ნაცებთან სურდათ თანამშრომლობა, არც „ქართულ ოცნებასთან“, არამედ თავისი გეგმა ჰქონდათ. თუმცა, ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობის“ დანამატებად იქცნენ. დარწმუნებული ვარ, ხელახალი არჩევნები რომ ჩატარდეს „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო მეტ ხმას აიღებს იქედან გამომდინარე, როგორადაც დღეს დესტრუქციული ოპოზიცია იქცევა. ხელისუფლებაში დარჩენის თუ მოსვლის ერთადერთი გზა არის მთავარი წყარო _ ხალხი. დიახ, სწორედ ხალხი არის ხელისუფლების წყარო და არა რევოლუციის, დესტრუქციის და დაპირისპირების. ეს კიდევ ერთხელ აჩვენა 26 თებერვლის აქციამ, როცა საერთო საყოველთაო მობილიზება იყო გამოცხადებული და შედეგი სავალალო მიიღეს. თელავიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან ხალხი თავიანთი კარვებიან-ჩემოდნებიანად ჩამოიყვანეს და დავინახეთ რა რაოდენობაც შეგროვდა. აქ, თავების თვლა არ არის მნიშვნელოვანი, ერთი ადამიანის პროტესტიც ძალიან საყურადღებოა, მაგრამ იქ, შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ აჩვენა, რომ მათ შორის, თავისი მომხრეებიც არ მიდიან იმ აქციებზე.
- საინტერესოა, რისი იმედი აქვთ _ 27%-ის ნაცვლად ხელში 5% შერჩათ?
- ხო, რა თქმა უნდა, ეს არის ჩვეულებრივი და სრულიად სამართლიანი შედეგი იმ თვალსაზრისით, რომ ხალხი ვინც მათ მხარს უჭერს, მომხრეა პარლამენტში საქმიანობის გაგრძელების და არა ქუჩაში არეულობის შექმნის. როცა ნაცებს ქუჩაში და კარავში ხედავენ, რა თქმა უნდა, მხარდაჭერა მინიმალურია. ვთქვით, რომ მელიამ გირაო შეგნებულად არ გადაიხადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ რაოდენობის ადამიანებიც არ ეყოლებოდათ ახლა გვერდით. სწორედ ამიტომ წავიდნენ ასეთ რადიკალიზმზე. შეეცადნენ ტემპერაატურა აეწიათ შიგნითაც და გარეთაც, შეექმნათ განწყობა, თითქოს, ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს, საერთაშორისო კურსს პრობლემა აქვს და ა.შ. გაუგებარია, მელიას დაჭერას რა კავშირი აქვს მოსახლეობის არჩევანთან, რაც 30 წელია გავაკეთეთ ნატოსთან, ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. პროდასავლურ ორიენტაციას რა კავშირი აქვს მელიას დაკავებასთან? დემოკრატია მხოლოდ ნიკა მელიას დაჭერა ხომ არ არის. მოსახლეობის განწყობა ასეთია: „ნაცმოძრაობა“ მუდმივად იქნება ოპოზიციაში და ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდება. ეს ასე იყო, არის და იქნება.
თამარ შველიძე