გვესაუბრება მხატვარი ნიკუშა შენგელაია:
- ბატონო ნიკა, რა ხდება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რა გადალაგებებია? მაშინ, როცა მელია უნდა დაეჭირათ, გახარია პრემიერობიდან გადადგა. როგორ აფასებთ ამ ნაბიჯს?
- განვითარებულ მოვლენებს, მეც, გარედან ვაკვირდები და ჩემებურ ხედვას მოგახსენებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი: გიორგი გახარია წარმატებული პრემიერი იყო, განსაკუთრებით კი, კრიზისულ მენეჯმენტს გაართვა თავი კარგად, ჩემთვის, აბსოლუტურად, მოულოდნელი და გაუგებარი იყო მისი გადადგომის მოტივაცია, რადგან მიმაჩნია: პრემიერი, პირველ რიგში, უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს კანონს და პოლიტიკური გარემოებებით არ უნდა ხელმძღვანელობდეს. ამით, რას ამბობს: კანონი არ უნდა აღსრულდეს, ე.ი. იგი, პოლიტიკურ ინდულგენციას აღიარებს?! გამოდის, თუ პოლიტიკოსი ხარ შეგიძლია კანონი დაარღვიო, პასუხიც არ უნდა მოგეთხოვოს და თუ ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო?! ანუ, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი უნდა იყოს? ეს როდის უნდა დამთავრდეს, როდემდე უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს ინდულგენცია?! კანონის დარღვევის შემთხვევაში ისევე უნდა აგოს ყველამ პასუხი როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქემ. სწორედ, რიგითი მოქალაქეები ირჩევენ პოლიტიკოსებს და კანონიც ყველასთვის უნდა კანონობდეს. მელიამ პირდაპირ ტელე-ეთერით, ასი ათასობით ადამიანის თვალწინ დაარღვია კანონი, რაზეც სახელმწიფომ რეაგირება უნდა მოახდინოს. თუ ასე არ მოხდა, მაშინ რომელი სახელმწიფოს შენებაზე ვსაუბრობთ? მაშინ რად გვინდა პარლამენტი, კანონი ან სასამართლო. როგორ შეიძლება რაღაც წყალქვეშა დინებების გამო, ასეთი პრეცედენტი დაუშვა. საერთოდ, ამ პოლიტიკოსებისგან ყველა დაიღალა. რა არის ეს, რა აგდებული დამოკიდებულებაა?! არსებობს კანონი რაც ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ასეთია ჩემი მოსაზრება ბოლოს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. დიახ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ ოპოზიციონერი თუ სხვა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგო.
გაუთავებლად ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ. მმართველმა გუნდმა შესთავაზა: ერთი პროცენტიც თუ აღმოჩნდა გაყალბებული, კი ბატონო, არჩევნებს დავნიშნავთო, მაგრამ ამათ ხმების გადათვლაც არ უნდათ. ეუთო ოდირმა, ევროპარლამენტმა, ევროკავშირმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა აღიარა საქართველოში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები, კიდეც მოგვილოცეს. შალიკოს ფანჩატურის ოპოზიციას მიღებული პროცენტები არ მოსწონს, რევოლუციის მოწყობა ნებავთ და მათ ახირებას უნდა გადავაყოლოთ ქვეყანა?! ეს რა კრიტერიუმებია?
მათ ბელადს სურს რევოლუცია მოაწყოს, ტახტით მეფესავით შემოაბრძანონ საქართველოში და ერთპიროვნული მმართველობა ჰქონდეს. მრავალპარტიულ პარლამენტში ხომ ვერ დაიკმაყოფილებენ ძალადობრივ, მზაკვრულ ვნებებს. ამიტომ ხდება ყველაფერი.
- „მთავარ არხზე“ ერთ-ერთ გადაცემაში მელიამ განაცხადა: ბორკილებს ვერავინ დამადებსო.
- ვითომ, რათაო, ეგეც ნელსონ მანდელა არ გვყავდეს, რა. მან კანონი დაარღვია და პასუხი უნდა აგოს. სხვათა შორის, თავად ისჯის საკუთარ თავს _ გადაეხადა დაკისრებული გირაო და ბორკილებს არავინ დაადებდა. უბრალოდ, ვითარებას იყენებს, სიტუაციის არევა სურს. ვფიქრობ, მას სააკაშვილი იყენებს.
- გახარია ღარიბაშვილმა შეცვალა. რას ფიქრობთ, მის კანდიდატურაზე?
- ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრობის გამოცდილება აქვს. იგი წესიერი, შეურიგებელი, შეუპოვარი ადამიანია და რაც მთავარია, უზნეობის და იმ საშინელი წარსულის წინააღმდეგია, რაც ქართველმა ხალხმა რეჟიმის დროს გამოიარა. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს.
- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ღარიბაშვილის დანიშვნით 2012 წლის მდგომარეობას ვუბრუნდებით და ძველ გულშემატკივრებსაც შემოვიკრებთ?
- იცი როდის მობრუნდებიან გულშემატკივრები? - როცა დაინახავენ, რომ ხელისუფლება ნაცებთან დაკავშირებით მათ აზრს ითვალისწინებს. ანუ, ნაცების გამოსწორება, შეუძლებელია. ხომ ვნახეთ, 9 წლის მანძილზე რასაც აკეთებდნენ - დესტრუქციის, არეულობის, ძალადობის, ძალაუფლების მოპოვების ჟინის გარდა ამ ხალხს არაფერი აინტერესებს - არც ქვეყანა აწუხებს და არც მოსახლეობის მდგომარეობა. ეს ყველაფერი როგორც წყლის ზედაპირზე, ისე ჩანს. ამიტომ, ჩემი აზრით, არჩევნების თემა უნდა ამოიწუროს. ასე გაგრძელება, შეუძლებელია.
ახალი არჩევნები თუნდაც ჩატარდეს, ვინ იძლევა გარანტიას, რომ ოპოზიცია იგივეს არ გააკეთებს - არ მოეწონება მიღებული პროცენტები და ისევ დაიწყებენ ყაყანს: არჩევნები გაყალბდაო. მართლაც რომ ჩატარდეს არჩევნები, მე თუ მკითხავთ, უარესად წააგებენ. რამდენი ხანი უნდა ვიყოთ საარჩევნო რეჟიმში?
მოსახლეობა უნდა მიხვდეს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში სტაბილურად და მშვიდად იცხოვრებს. ნაცები თუ მოვლენ, არავინ იცის ხალხს სად გადაჩეხავენ. ეს კარგად უნდა შევიგნოთ.
- 27% 500 ათასი ამომრჩეველია…
- კი ბატონო, გეთანხმებით, დიდი ციფრია, მაგრამ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა და ხელისუფლება მის დაძლევაზე მუშაობს. ასე ხომ არ ხდება - ჯადოსნური ჯოხი აიქნიო და ყველაფერი თავისით გაკეთდეს. ნაცებისთვის - ამ სექტისთვის სულერთია რა დაემართება სამშობლოს. მათ კერპთაყვანისმცემლებს ვეძახი. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აკვირდებიან როგორ განვითარდება მოვლენები, გაუმკლავდება თუ არა ხელისუფლება 200 კაციან მიტინგებს და მათ რა პასუხს გასცემს. ხალხი ელოდება როდის დაემსგავსება სახელმწიფო სახელმწიფოს. თუ შედეგი არ დადგა, აი, მაშინ შეიძლება ეს საზოგადოება ფეხზე დადგეს. მერე შეადარონ ნაცებმა საკუთარი ქვეყნის მომავლის გულშემატკივრები თავიანთ მხარდამჭერებს გნებავთ, რაოდენობრივად, გნებავთ, გულწრფელობით, მოტივაციით და ა.შ.
- ეს, უკვე, მეორედ ახსენეთ. ხედავთ ამის მოცემულობას, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები გარეთ გამოვიდნენ?
- ვხედავ? ვხედავ კი არა, ჩემს გარშემო და ყველგან, ხალხი უკვე აბობოქრებულია. სოციალურ ქსელებს ხომ ადევნებთ თვალ-ყურს? ეს ადამიანები საზოგადოების შეგნებული ნაწილია, კონსტიტუციით და კანონით მოქმედებენ, ამიტომ არ გამორბიან ჯერ სახლებიდან. თორემ, ყველას კარგად ახსოვს ის ავბედითი 9 წელიწადი თუ როგორ მართეს ნაცებმა ქვეყანა. ხალხს ამნეზია კი არ აქვს. მათ ვურჩევ: არ ამოწურონ ხალხის მოთმინება!
- ვაჭრობა, პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე, როდის უნდა დასრულდეს?
- მართლაც, ამას ბოლო აღარ უჩანს. დემოკრატიულ სისტემაში კაცობრიობა თამაშის გარკვეულ წესებზე თანხმდება. თუ წესები ირღვევა, ამას ყველა კარგად ხედავს - მოქალაქეებიც, საზოგადოებაც, საერთაშორისო პარტნიორებიც. ხომ ვნახეთ ვინ აპროტესტებს ვითომ გაყალბებულ არჩევნებს. ხომ ვნახეთ, რომ დასავლეთმა აღიარა კონკურენტუნარიანი არჩევნები. ამის შემდეგ, რატომ არ მთავრდება ეს ყველაფერი? პარლამენტი ერთპარტიულია, როცა ოპოზიციას საშუალებას არ აძლევ პარლამენტში შევიდეს. პირიქით, როცა ეხვეწები: შემოდიო და არ შედიან, ეს რას ნიშნავს? ვიმეორებ, ეს მხოლოდ ერთ რამეს ემსახურება — რევოლუციურ სცენარს. აბა, დავფიქრდეთ, რომელ ჩვენს გარე თუ შიდა მტერს აწყობს საქართველოში არეულობა?!
- ნაცებს პარლამენტში შესვლას უნდა ეხვეწებოდნენ თუ იქ, გაამწესონ, სადაც მათი ადგილია?
- იცი რა, ეს უნდა გააკეთოს სასამართლომ, იმ ორგანოებმა, ვისაც ეს ხელეწიფება და ა.შ. ვიმეორებ, დემოკრატია ისეთი პოლიტიკური წყობა და თამაშია, სანამ პარტიას ამომრჩეველი ჰყავს, მას არსებობის უფლებაც აქვს. თუმცა, კანონს თუ არღვევს, პოლიტიკა ინდულგენცია არ უნდა იყოს. კანონს თუ გადაახტები, პასუხი უნდა აგო. მელიას შემთხვევაში ასე არ მოხდა, რისი მაგალითიც ამ დღეებში ვიხილეთ. ანუ, სამართლებრივი სახელმწიფო თუ ხარ, დემოკრატიის საფუძველი და ერთ-ერთი პირველი საწყისი არის სამართლებრივი სივრცე. იქ, უნდა დამთავრდეს ვაჭრობა, პოლიტიკური გარიგებები და ა.შ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოებას პასუხს ვერ გასცემ, როცა შეგეკითხება: რატომ არის სამართალი შერჩევითი? რადგან მელიას პოლიტიკოსის მანტია აქვს მოსხმული, ყველაფრის უფლება აქვს? მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე რატომ ისჯება?
- ამ ფონზე, როგორ შეაფასებთ ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას?
- ივანიშვილი პოლიტიკაში თავისი სურვილით არ მოსულა, ეს გარკვეულმა გარემოებამ განაპირობა. მისი მიზანი პოლიტიკოსობა როდი იყო. ჩვენ, ავტორიტარული, მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება გვყავდა. ამ დროს, ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯი ხალხისკენ, ქვეყნისკენ. მან პოლიტიკის გარეშეც, ქვეყნისთვის დიდი ქველმოქმედება გასწია. არჩევნები მოიგო და მმართველობაში ახალგაზრდა გუნდი დატოვა. მან ჩათვალა, რომ ამ ეტაპიდან ეს გუნდი მზად არის. თავად, სახლიდანაც შეუძლია ქვეყანას უამრავი სიკეთე მოუტანოს.
- ერთ-ერთმა რესპონდენტმა მითხრა: ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ფარი და ხმალი იყოო. როგორ ფიქრობთ, უფაროდ დარჩენილ „ქართულ ოცნებას“ ხალხი გაჰყვება?
- რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ რთული ამოცანის წინაშეა. როცა ასეთი წონის ლიდერი გუნდს ტოვებს, ეს გამოწვევაა. ივანიშვილი რომ მოვიდა, სულ ცდილობდა საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ, კერპთაყვანისმცემლობა დაემთავრებინა. საკუთარი თავის მიმართაც იგივეს მოითხოვდა. თუ გახსოვთ, როგორც კი მიტინგზე ხალხი იწყებდა ყვირილს: ბიძინა, ბიძინა, იგი, აჩერებდა და ეუბნებოდა: საქართველო დავიყვიროთ ერთადო. ის დარწმუნებულია, რომ პოლიტიკაში გუნდურობა აუცილებელია. რაკი საპარლამენტო რეპუბლიკა ვართ, პარტიების ჭიდილი უნდა ხდებოდეს და არა პიროვნებების. ნელ-ნელა გუნდურობაზე უნდა გადავიდეთ. ხომ გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე. 2024 წელს მთლიანად პროპორციულ არჩევნებს ჩავატარებ თ. ანუ, ქვეყანამ ეს გზა აირჩია. აქ, პარტიების ჭიდილი უნდა იყოს, რისი გამოცდილება და კულტურაც ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ეს ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს. თავად ბატონი ბიძინა ყოველთვის მხარს უჭერდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკაში ერთპიროვნული დომინანტი არ არსებობდეს. უნდა იყოს აზრთა ჭიდილი და ა.შ. ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ მან ასპარეზი პარტიებს და გუნდურ პოლიტიკურ თამაშს დაუთმო. საბედნიეროდ, ქართველ ხალხს შესწევს იმის უნარი, რომ ბოროტი და კეთილი განასხვავოს. ჩვენ, შოთა რუსთაველის ქვეყანა ვართ და ეს ინტერვიუ ასე დავამთავროთ: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“.
თამარ შველიძე