logo_geo
eng_logo
ვახტანგ ხარჩილავა: ამ ჩვენს ტვინმოღრეცილ ოპოზიციას ქართველ ხალხად მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლები მიაჩნიათ
- +

4 მარტი. 2021. 01:39

 

„თქვენთან, ამერიკაში ან ევროკავშირის წევრ რომელიმე სახელმწიფოში, რომელიმე მისტერ პოლიტიკოსმა მთავარ საკანონმდებლო ორგანოში შეჭრა რომ სცადოს თავის თანამზრახველებთან ერთად, მერე ამ მისტერს სასამართლომ ელექტროსამაჯურის ტარება რომ დააკისროს, ცოტა ხნის შემდეგ მისტერმა ეს სამაჯური ხალხში რომ მოისროლოს, წავიდეს და ოფისში გამაგრდეს, რას იზამთ, არ დაიჭერთ?“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.

 

„არ დაიჭერთ კი არა, ქვას ქვაზე დაადუღებთ, თავხედ და პროვოკატორ მისტერს გაკოჭავთ, დიდი ხნით უკრავთ თავს ციხეში და სახელმწიფოს აბუჩად აგდებას და სახელმწიფოსთვის თავზე დასაქმებას არ შეარჩენთ.

არ შეარჩენთ და აბსოლუტურად სწორი იქნებით.

თუ თქვენ სწორი ხართ, ჩვენ, ვინც იგივე გავაკეთეთ, ჩვენ რაში ვართ მტყუანი? ჩვენ რა, უფლება არ გვაქვს, ჩვენი სახელმწიფოს ღირსება დავიცვათ, როცა უღირსი ადამიანები მის ღირსებას ფეხქვეშ თელავენ.

 

ჩვენი ქვეყანაა ეს, ჩვენი სახელმწიფოა, ჩვენი სამშობლოა, რომლის გადარჩენასაც მილიონობით ქართველოს სიცოცხლე შეეწირა და ვიღაც მელიას, რომელსაც თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესები აქვს და თავისი შეშლილი უფროსის დავალებით პროვოკაციაზე და ავანტურაზე მიდის, პასუხი არ მოვთხოვოთ?

 

თუ პასუხს არ მოვთხოვთ, მაშინ დემოკრატები ვიქნებით, მაგრამ თუ პასუხს მოვთხოვთ, მაშინ დემოკრატები არ ვიქნებით?

ვის რაში სჭირდება ისეთი დემოკრატია, რომელიც საკუთარი სახელმწიფოს დაცვის უფლებას გიზღუდავს?

 

დემოკრატია, პირველ ყოვლისა, კანონის უზენაესობაა და არა შერჩევითი სამართალი, როცა მელია, რადგან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჰქვია, კანონზე მაღლა დგას, ხოლო დანარჩენი ყარტაყურტა მოქალაქეები იმავე კანონის დარღვევისთვის ციხეში უნდა იხსდნენ.

 

40 000 ლარის გადაუხდელობაში კი არ არის საქმე, მელიამ სახელმწიფოსთვის, დემოკრატიისთვის ძალზე სახიფათო, ძალზე საშიში მესიჯი გაუგზავნა საზოგადოებას, რომელიც, ფაქტობრივად, იგივე სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებაა, რაც უკვე მეორედ გააკეთა პატივცემულმა მელიამ.

 

რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ, გულხელდაკრეფილებმა მშვიდად ვუყუროთ, როდის გადაატრიალებს და როდის ამოაყირავებს მელია ქართულ სახელმწიფოს?

აქეთკენ მოგვიწოდებთ თქვენ, ძვირფასო მეგობრებო აშშ-ის კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან?

 

თქვენ ხშირად იმეორებთ ფრაზას: ანგარიში გაუწიეთ ქართველ ხალხს, იმოქმედეთ ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით?

მშვენიერი სიტყვებია, დიდებული სიტყვებია, თუმცა ამ ჩვენს ტვინმოღრეცილ ოპოზიციას ქართველ ხალხად მხოლოდ თავიანთი ამომრჩევლები მიაჩნიათ და საქმეს ისე წარმოადგენენ, თითქოს თქვენც მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს მიიჩნევდეთ ქართველ ხალხად.

 

არადა, ქართველი ხალხის თითქმის 70% კატეგორიულად არ ეთანხმება ოპოზიციის პათოსს.

70%-ს რომ ვამბობთ, ამ სამოცდაათ პროცენტში იმ მილიონი ადამიანის გარდა, რომლებმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, იმ მილიონ ადამიანსაც ვგულისხმობთ, რომლებიც არჩევნებზე არ მივიდნენ.

ეს მილიონი ადამიანი სხვადასხვა მიზეზების გამო განაწყენებულნი არიან „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ მათთვის კატეგორიულად მიუღებელია ის ოპოზიციური სპექტრი, რომელიც, ძირითადად, ნაციონალებითა და მათი სატელიტებით არის დაკომპლექტებული.

 

ნუ დავმალავთ: ისინი ნაწყენი არიან დასავლეთზე, რადგან თვლიან, რომ დასავლეთი მათ არ გამოესარჩლა მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ ფაშისტურ-კრიმინალური რეჟიმი მთელი ცხრა წლის განმავლობაში სასტიკად ძალადობდა ქართველ ხალხზე და ნამუსს ხდიდა ქვეყანას.

დღეს იგივე ძალა აპირებს ხელისუფლებაში მობრუნებას და დასავლეთის მხრიდან ისევ არ ისმის პრინციპული შეფასებები „ნაცმოძრაობის“ მისამართით, რაც ამ ორი მილიონი ადამიანის თვალში მისი შეურაცხმყოფელი და მჩაგვრელი ძალის ფარულ მხარდაჭერად აღიქმება“, - წერს ხარჩილავა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner