„ისე ნუ ვიზამთ, რომ ეს ორი მილიონი ადამიანი ქუჩაში გამოვარდეს და ის თქვას, რისი თქმაც არ სურს _ ვინც „ნაცმოძრაობას“ და მის მორჩილ ოპოზიციას მხარს უჭერს, არც ევროკავშირი გვინდა, არც ნატო, არც დასავლეთი _ დაგვანებეთ თავი!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ვახტანგ ხარჩილავა „საერთო გაზეთში“ წერს.
„მერწმუნეთ, ამის საფრთხე ნამდვილად არსებობს, რადგან ყელში ამოუვიდათ ამ ადამიანებს სააკაშვილები და ბოკერიები, ბურჯანაძეები და ბაქრაძეები, ადეიშვილები და ოქრუაშვილები, მერაბიშვილები და უგულავები, ის ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომლებიც დემოკრატიის სახელით სპეკულირებენ, დასავლეთის სახელით სპეკულირებენ და ამ დროს ოკუპანტის დაკვეთას ასრულებენ.
რით ვერ გაიგო ეს დასავლეთმა, როცა გასაგები, გასაშიფრი და ამოსახსნელი არაფერია _ ყველაფერი ზედაპირზე დევს, ყველაფერი ნათელია.
კი არის ეს რუსეთი უკიდეგანო, მაგრამ მთლად ისეთი უკიდეგანო როგორ არის, რომ დასავლეთიც ეგ არის, აღმოსავლეთიც, ჩრდილოეთიც და სამხრეთიც?
_ რაც არ უნდა გაეკეთებინა მელიას, მაინც არ უნდა დაგეჭირათ! _ შემოგვითვალეს დასავლეთიდან.
რატომ, ბატონებო, რატომ, თქვენ პრემიერებს, პრეზიდენტებს, მინისტრებს იჭერთ და ეს მელია ხელშეუხებლობის რა ისეთი საერთაშორისო იმუნიტეტით არის აღჭურვილი, რომ მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება?
აჩრდილი დადის საქართველოში, აჩრდილი კოჰაბიტაციის მეორედ მოსვლისა!
და ბოლოს, არ შეიძლება დასავლეთმა არ იცოდეს, რომ ის დაუსრულებელი პროვოკაციები, რაც საქართველოში ხდება, უკრაინის მოქალაქის, კიევში დაბანაკებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი კაგებეშნიკი ბიძის თემურ ალასანიასგან იმართება.
სულ ტყუილად კარგავთ თქვენ, პატივცემულო ელჩებო, ძვირფას დროს და ენერგიას ამ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრებსა და მოლაპარაკებებში, ისინი არაფერს არ წყვეტენ _ გადაწყვეტილებებს იღებს სააკაშვილი, ესენი კი მის დირექტივებს ასრულებენ.
გამოდის, რომ დასავლეთი, რომელიც ოპოზიციის ქმედებებს უჭერს მხარს, სინამდვილეში, მრავალ უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული სააკაშვილის მიერ დაგეგმილ სცენარს უჭერს მხარს, რომლის მიზანია არა რიგგარეშე არჩევნები, არამედ ჯერ ქაოსის და დესტაბილიზაციის გამოწვევა ქვეყანაში და ამ ფონზე ექსტრემალურ სიტუაციაში ახალი არჩევნების ჩატარება.
მოვლენათა ამგვარი განვითარება დედამიწის ზურგზე ერთადერთ სახელმწიფოს, რუსეთს, აძლევს ხელს, რომლის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, სრული კონტროლი დაამყაროს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამის განხორციელება კი მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება და უმართავი პროცესები დაიწყება.
ხომ არ დაავიწყდათ ვიღაც-ვიღაცებს, რომ რუსეთის ჯარები სწორედ რუსეთთან „მებრძოლი“ სააკაშვილის წყალობით, საქართველოს ტერიტორიის 20%-ზეა განლაგებული და, ფაქტობრივად, ალყაში ჰყავს მოქცეული მთელი ქვეყანა.
ამ ვითარებაში რა ძნელი მისახვედრია, რომ დესტაბილიზაციისკენ და ქაოსისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება პირდაპირ და უშუალოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხოლო ამ წყლის მიმართულების განმსაზღვრელი და რუსულ წისქვილზე დამსხმელი სააკაშვილი და ის ოპოზიციაა, რომელიც მის ინსტრუქციებს ექვემდებარება და ემორჩილება.
პიარტექნოლოგიების ელემენტარული ცოდნაც კი საკმარისია მიხვდე, რა იმალება სააკაშვილის და მისი ხელქვეითი ოპოზიციის მიერ მართულ ამ აქციებსა და საპროტესტო გამოსვლებში, სადაც ვითომ რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ, ვითომ დემოკრატიული ღირებულებებისთვის იბრძვიან, სინამდვილეში კი ამ დემაგოგიის და ფარისევლობის მიღმა ოკუპანტი ქვეყნისთვის ხელსაყრელი წინაპირობების შექმნის და ნიადაგის მომზადების მცდელობა იმალება.
საქართველო ვერ შეეგუება ოკუპანტთან ფარული ალიანსით შეკრული პოლიტიკური ძალების ხელისუფლებაში დაბრუნებას. ეს გამორიცხულია!“, - წერს ხარჩილავა.