ნატო-მ უკრაინის თავდაცვითი სექტორის რეფორმირებისთვის დახმარების ყოვლისმომცველი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინამ უკვე განახორციელა რიგი რეფორმა ნატო-სთან თავსებადობის ასამაღლებლად და ამ რეფორმების გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„უკრაინა კვლავ ერთგული რჩება რეფორმების და კორუფციასთან ბრძოლის. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
თავის მხრივ, პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ვარშავის სამიტზე მიღწეულ იქნა შეთანხმება უკრაინისა და ნატო-ს განსაკუთრებული პარტნიორობის გაფართოების საკითხზე.
„ჩვენ შევთანხმდით დავიწყოთ პროცესი, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, მიიღოს პარტნიორის სტატუსი გაფართოებული შესაძლებლობებით", - განაცხადა პოროშენკომ.
პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინა სამომავლოდ თავად გადაწყვეტს, უნდა გაწევრიანდეს თუ არა ნატო-ში, თუმცა ამ ეტაპზე ქვეყნის წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.