„თავისუფალ სტუდენტთა კავშირის თავმჯდომარე" ნიკოლოზ მეტრეველი „Ambebi.ge"-თან საუბარში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნიკოლოზ მეტრეველი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება, უარყოფს და აღნიშნავს, რომ მისი ძირითადი მიზანი საგანმანათლებლო სივრცეში არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრაა.
-გავრცელებული ინფორმაციით, თქვენ აქტიურად გადიხართ კონსულტაციებს გარკვეულ ძალებთან ფართო სტუდენტური კოალიციის შესაქმნელად და ემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის, მართალია?
„შეხვედრებს მართლაც ვატარებ სტუდენტურ ორგანიზაციებთან და ასევე ცალკეულ სტუდენტებთან, თუმცა ეს არ უკავშირდება საპარლამენტო არჩევნებს.
ზოგადად განათლების სფეროში მძიმე ვითარებაა შექმნილი, ეს გასულმა თვეებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა. ჩვენი სახელმწიფო უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე დგას. დღეს, ჩემი და ჩემი მეგობრების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა, ყველა მიმართულებით."- აღნიშნავს ნიკოლოზ მეტრეველი.