წიგნი ჩემი მონარქია!
#წიგნიჩემიმონარქია
გაგრძელება#24
თვალწინ მიდგას შავ-თეთრი ფოტო ილიას ეტლისა, დაბეჭდილი მიხეილ გედევანიშვილის მიერ 1914 წელს გამოცემული პოეტის თხზულებათა კრებულის პირველ ტომში. ამ თხზულებათა კრებულის შემდგომი ტომები არ გამოცემულა. ეს გამოცემა დიდი პაპის გიორგი თაქთაქიშვილის ბიბლიოთეკაში იყო დაცული და დღეს ჩემი ბიძაშვილის - ასევე გიორგი თაქთაქიშვილის ბიბლიოთეკაშია. სულ მაფიქრებდა ილიას მკვლელობის საიდუმლო.
მგონი, 1986 წელს, 1989 წლამდე რომ იყო, მახსოვს, გაზეთ „თბილისში“ დაიბეჭდა ილიას მკვლელების ფოტოები. საბჭოთა დროს მათი ფოტოები არსად არ იყო დაბეჭდილი, ერთადერთი ფოტო იყო ოდიშვილის ავტორობით დაბეჭდილ წიგნში „წიწამურის ტრაგედია“. ეს იყო ბერბიჭაშვილის ფოტო. სხვები არ მენახა. ეს გაზეთი სასწრაფოდ დაიტაცეს. რამდენად სტერილური პრესა იყო მაშინ სენსაციური ან ოდნავ დამაინტრიგებელი მასალებისაგან, აქედან ჩანს. ხალხიც, შესაბამისად, მიჩვეული იყო ამას ისე, რომ მკვლელთა ფოტოების დაბეჭდვამ ყველა გააოცა. დავიწყე ამ თემაზე მასალების მოძიება. იყო ასეთი მკვლევარი ვახტანგ გურგენიძე, მუშაობდა ჩემი სახლის გვერდით სახელმწიფო არქივში, ერთ-ერთი არქივის დირექტორად. სახელმწიფო არქივის შენობაში რამდენიმე არქივი იყო განთავსებული. მე მაშინ სკოლაში ვსწავლობდი. მივადექი მას. ეს ის დროა, ილიას მკვლელობას მთელი საქართველო რომ იკვლევს. თვით ბატონ ვახტანგს წიგნი ჰქონდა გამოქვეყნებული ამ თემაზე. მიუხედავად ბატონი ვახტანგის ბრწყინვალე პიროვნებისა, გულითადი დახვედრისა, მე ჩაფიქრებული დავრჩი. ერთი შეხედვით, ეს კაცი გამბედავ ინფორმაციას წერდა. ილია სოციალ-დემოკრატებმა მოკლესო და ფილიპე მახარაძეს ადებდა ხელს მათ შორის. სოციალ-დემოკრატებში მეც, გაუთვითცნობიერებებელი ბავშვი, კომუნისტების წინაპრებს ვხედავდი და ბატონი ვახტანგი გმირად წარმომესახა. მას ოთახში ჰქონდა მკვლელობის საქმეები. სხვათა შორის, იქ წლები ედო. მგონი სიკვდილამდე. არადა, სხვა არქივის კუთვნილება იყო. ალბათ მერე დააბრუნეს. დავუჯექი და წავიკითხე. მქონდა ინფორმაცია, რომ 1930-იან წლებში ვინმე საშა მიქელაძემ ბაზარში ხორცის ყიდვისას ნახა, რომ ყასაბმა ხორცი ილიას საქმის ქაღალდებში გაუხვია, მან ეს ქაღალდები გამოართვა და გადაარჩინა, მაგრამ ნაწილი დაიკარგა. ვახტანგ გურგენიძემ დამაწყნარა და მითხრა, რომ ეს საქმეები კარგადაა დაცული, აქ მაქვსო. ის ფურცლები კი ამ საქმის ასლები იყოო. ისიც გაირკვა, რომ ბერბიჭაშვილი არ დაუხვრეტავთ, მართალია, მიუსაჯეს დახვრეტა, მაგრამ მისი შვილი თურმე ომში გაუწვევიათ, მას მიუწერია წერილი პარტიის ცკ-ში, მე ვიბრძვი და მამას ნუ დამიხვრეტთო. ციხეში თავისი სიკვდილით მოკვდაო, - მითხრა ბატონმა ვახტანმა. იმ დროს გამოიცა ამ მკვლელობის შესახებ არაერთი გამოცემა. ერთი ალექსანდრე სიგუას ავტორობით. ბატონი ვახტანგის და ალ. სიგუას ნაშრომები ყველაზე დილეტანტურად იყო დაწერილი. დანარჩენიც სუბიექტური იყო, ჩემი აზრით. ჩანდა ერთი: ყველა თავის სურათს ხატავდა, და ურთიერთ გამომრიცხავს. ბიბლიოთეკაში რომ დავიწყე მუშაობა, ეს უკვე 10 წლის შემდეგ, ბატონი გივი ჟორდანია გავიცანი. ძალზე არაორდინარული, ძვირფასი მოხუცი. ისიც თავისას ამტკიცებდა.
შვებულებით სოფელ რველში რომ ჩავედი, ბორჯომში ვიყავი სურსათის საყიდლად, იქაურ წიგნის მაღაზიაში ვნახე ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე ახალი გამოცემა ალექსანდრე შუშანაშვილის ავტორობით. ვიყიდე და ღამე ჩავუჯექი. ერთ ღამეში წავიკითხე, გავათენე ამ კითხვაში. ყალყზე დამიდგა თმები. ეს არის დღემდე დაბეჭდილ წიგნებში ერთადერთი პროფესიონალი ავტორის (იურისტი, სამხედრო პროკურორი) გამოძიება, რომლის მიხედვით ყველაფერი გასაგებია. სურათი ასეთია: გამოძიება 1907-1908 წლებში დარღვევებითაა ჩატარებული, კერძოდ: ერთი კაცი, ამ მკვლელობაში უდანაშაულო, ცემაშია მოკლული, ხოლო 1940 წელს დაბეჭდილ ოდიშვილის წიგნში მკვლელობის მთავარ ორგანიზატორად დასახელებული და ასე გასამართლებული ჯაში უდანაშაულოა, თურმე, ილია ელოდა, რომ მოკლავდნენ... ჩამოვედი თბილისში და გავედი სამსახურში. ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ოთახში (იშვიათ გამოცემათა განყოფილებაში) შემოდის კაცი, გამეცნო, მკითხველი იყო, ალექსანდრე შუშანაშვილი. რაღაც წიგნს ეძებდა. დავეხმარე და შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები ვუთხარი ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე. დამიჯდა და გამირჩია. ბრწყინვალე ერუდიცია. პროფესიონალიზმი. მე ვუყურებდი კაცს რომელიც იყო პირუთვნელი. დაასრულა ასე: ლევან, მაინც ისე იქნება, როგორც ამ ხალხს უნდაო. ჩემი გამოკვლევა არავის არ დააინტერესებსო. რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა. მე არ ვარ მზად, დავუბრუნდე მაშინდელ მის გამოკვლეულ მკვლელობის წვრილმანებს. ეს ამ წიგნში წერია. წიგნი ბიბლიოთეკაში გვაქვს. ვისაც სურს, წაიკითხოს.
მე ჩემს ამ პოსტს დავამთავრებ ჩემი დასკვნით: ილია მოკლულია ჟანდარმერიის მიერ სოცდეკების ხელით. ამით ორი კურდღელი დაიჭირეს: მოიშორეს ილია და გააფუჭეს ყველაზე პოპულარული პარტია.
დიმიტრი ჯაში უდანაშაულოა მკვლელობაში, მას, გარდაცვალების შემდეგ, 1938 წელს დააბრალეს. მკვდარი გაასამართლეს!!! ის აღარ იყო ცოცხალი მაშინ და კომპარტიას არ სურდა, სოცდეკებისათვის დაებრალებინა, რადგან სოცდეკების ნაწილი შემდგომ კომუნისტები გახდნენ და ამ ორი პარტიის ისტორია ერთმანეთთან გადაბმული აღმოჩნდა.
სტალინს, რომელსაც ჟანდარმერიის პრობლემა არ ჰქონდა, ეს ინსტიტუცია მომსპარი ჰყავდა 1938 წლისათვის და სოციალ-დემოკრატიის ლიდერები კი ევროპაში ეჯდა 1938 წელს, გამალებული ეძებდა ტროცკის მკვლელობის განმხორციელებელს, რომ მზად ყოფილიყო გერმანიასთან ომისათვის, ასეთ მომენტს გაუშვებდა, რომ სოცდეკები მოესრა? და ამის მაგივრად ჟანდარმერიას დააბრალებდა? ეს ხომ არარეალურია.
მაშინ გამოდის, რომ პირი მოწმინდა ქართველებს, თქვენ არ მოგიკლავთო? ესეც არაა რეალური.
მაშ რა რჩება? რჩება ერთი: მან იცის, რომ ჟანდარმერიამ განახორციელა სოცდეკების ხელით. სოცდეკებს თავს ანებებს, ჟანდარმერიას აშიშვლებს. თუ რატომ აღარ ეშინია ემიგრაციის, აქ არ ვწერ. არ ღირს. ნოე რამიშვილის ეშინოდა და მოკლა. ემიგრაცია გაავსო აგენტურით. აი, რატომ აღარ ეშინია ემიგრაციისა. იქიდან არალეგალურად საქართველოში გამოგზავნილ პირებს ან საზღვრის გადმოკვეთისას იჭერენ, ან აცდიან და შემდეგ მასთან ერთად მის მასპინძლებს აპატიმრებენ. აი, რატომ არ ეშინია ემიგრაციისა. 1945 წელს არ თხოულობს მათ გადმოცემას საფრანგეთიდან.
ვიყავი საგურამოს სახლ-მუზეუმში. გავიცანი მუზეუმის მაშინდელი უფროსი მარკოზაშვილი. 80 წელს გადაცილებული მოხუცი. გაყინულ მუზეუმში მჯდარი. იმავეს მეუბნება. ჯაშის უდანაშაულობაზე. მისი შემდგომი ჟანდარმერიასთან თანამშრომლობა(1909 წლიდან) გამოიყენეს და მისი გამოძიებამდე სიკვდილიო. 1938-40 წლებში ჩატარებული გამოძიება შირმა იყოო.
ამ რამდენიმე წლის წინ ბიბლიოთეკაში შემთხვევით გავიცანი ბატონი რიჩარდ ჯაში, ეძებდა მასალას თავისი ერთი წერილისათვის. ვკითხე: ილიას მკვლელობაში მონაწილე დიმიტრი ჯაში ვინ იყო მისი: პაპაო. მიყვება საოჯახო ინფორმაციებს. იგივე არგუმენტები.
არ არის ყოველივე დასაჯერებელი? შვილიშვილი სუბიექტურია ხომ?(სხვათა შორის, ვთხოვე, დაეწერა წიგნი დიმიტრი ჯაშის ისტორიაზე, ოჯახური ყველა ინფორმაციით და მოძიებული მასალები ს ქ ო ლ ი ო ე ბ ი თ. დიახ, სქოლიოებით, რათა დამაჯერებელი ყოფილიყო. ერთი წელი მოუნდა და დააბეჭდინა კიდეც. დაბეჭდვამდე წამაკითხა. სადაც არ იყო დამაჯერებელი, კითხვის ნიშნები დავსვი. გააკეთა ბრწყინვალე და პირუთვნელი წიგნი. ესეც ინახება ჩვენთან).
თუ არ არის დასაჯერებელი ეს, მაშინ გკითხავთ ერთს: ილია რომ მოკლეს, ურიადნიკებმა გაიარეს მკვლელობის შემდგომ გზაზე მკვლელობის ადგილზე. იქ ნახეს მკვდარი ილია, ნაცემი ოლღა, მეეტლე, რომელიც ტყიდან გამოვიდა, გაირკვა, რომ შემდგომ მკვლელობის მონაწილე აღმოჩნდა და თურმე სპეციალურად დატოვეს მკვლელებმა ცოცხალი, რომ აერია გამოძიებისათვის კვალი შემდეგი მიმართულებით: ილია არაქართველებმა მოკლეს, სომხური აქცენტით მოლაპარაკეებმაო, ანუ დაშნაკებმაო. ასე თქვა კიდეც პირველ დაკითხვაზე მეეტლემ.
მაშ რატომ და რა მასალაზე დაყრდნობით აგზავნის ილიას მკვლელობის მეორე დღეს თბილისში მჯდომი კავკასიის მეფისნაცვალი მეფესთან წერილს: მოკლულია სახელმწიფო საბჭოს წევრი ილია ჭავჭავაძე და სავარაუდოდ სოციალ-დემოკრატებისაგანო. საიდან იცოდა ეს? რატომ გაიძარცვა მკვლელობის დღეს ილიას სახლი თბილისში და რა წაიღეს? რატომ იყო ილია ე.წ. ნეგლასნი ნადზორის ქვეშ? რატომ ჩამოკიდეს სასწრაფოდ ილიას მკვლელები და არ მოუსმინეს ოლღას მიერ მათ შენდობას? რატომ სთხოვდა ნინო ნაკაშიძე ოლღას ამ მკვლელთა შენდობას? მხოლოდ ქრისტიანული თვალსაზრისით? თუ იმიტომ, რომ ისინი იყვნენ მოწმენი ჟანდარმერიის ეშმაკობისა?
P.S. ბარემ ერთ ინფორმაციასაც დავწერ: ილიას მკვლელობის საქმეს 2007 წლიდან მიუბრუნდა ცხონებული ნოდარ გრიგალაშვილი. დადიოდა ბიბლიოთეკაში ჩვენთან, საარქივო ფონდში, უმეტესად შაბათ-კვირას. იწერდა უამრავ ლიტერატურას. როგორც ჩანს, შედეგებით უკმაყოფილო იყო: სიგარეტის მოსაწევად გადიოდა აივანზე. მისი ცოდვით ვიწვოდი. თვეები იმუშავა. ბოლოს ვკითხე: რაზე მუშაობთ-მეთქი. ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში სტალინის როლზეო. მითხრა. ამოვალაგე ჩემი შავი ამონაწერები. მეორე დღეს შევხვდით. ალიბი აქვს-მეთქი. არაფერი მითხრა. გავიდა ხანი. ამ ძიებაში სხვა საინტერესო მასალები ნახა. ყაჩაღ იმერლიშვილზე. წიგნიც გამოსცა და ავტოგრაფით მაჩუქა. ბოლოს გამომიტყდა: სტალინის მონაწილეობაზე მასალების მოძიებას პრეზიდენტს დავპირდიო. ეს ვერ ვნახე, მაგრამ სხვა მასალები მართლა საინტერესო ვნახეო (წიგნში მგონი მაინც სტალინი ჩართო. შუშანაშვილის სიტყვები გამართლდა). შემდეგ ისტორიკოსი გურამ ყორანაშვილი დაუპირისპირდა. როგორც მახსოვს, ყორანაშვილი ედავებოდა: უკვე აღმოჩენილი თავიდან აღმოაჩინეო. მათი ტელეპაექრობის წინ მან წაიღო ჩვენგან ქსეროასლები ბატონი გურამის ერთი ადრინდელი კვლევის შესახებ. არ გამოუყენებია. მერე მითხრა: არაეთიკური იქნებოდა, შევუნდეო. მერე სიმსივნე დაემართა და ვერ მოდიოდა. კარგი კაცი იყო, წიგნზე მუშაობა ბრწყინვალედ იცოდა, „რევოლუციური მატიანე“, ასეთი კრებული გამოდიოდა 20-იან წლებში, უყვარდა. იწერდა... დამწყდა გული მისი გარდაცვალებით.
ლევან თაქთაქიშვილი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი