logo_geo
eng_logo
თბილისის მერის მოადგილემ განმარტა, რას ითვალისწინებს სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა
- +

4 მარტი. 2021. 19:07

 

„მომდევნო დღეებში დაიწყება აპლიკაციის მიღების პროცესი და ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში იქნება ეს კომპენსაციები გაცემული, რათა რესტორნებმა შეძლონ ოპერირება“, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, პროგრამით სარგებლობისთვის საჭირო კრიტერიუმები დაკავშირებული იქნება რესტორნების ბრუნვასა და სკამების რაოდენობასთან. მისივე თქმით, სუბსიდიების მისაღებად დადგენილ კრიტერიუმებს, დაახლოებით, 400 რესტორანი დააკმაყოფილებს.

 

„როგორც ნათქვამი იყო, ეს არის 2 მილიონიანი პროგრამა, რაც ითვალისწინებს 5 ათასი ლარის ფინანსურ დახმარებას თითო სუბიექტზე, რაც თავისთავად ჯამურად 400 სუბიექტის დახმარებას ნიშნავს, თუმცა იქნება გარკვეული აპლიკაციის პროცესი, რომელითაც უნდა დაკმაყოფილდეს ბრუნვის მოთხოვნები. კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იქნება მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომელსაც ისინი შეავსებენ. კრიტერიუმები იქნება ბრუნვასთან და სკამების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასევე, ამ პროგრამით ვერ ისარგებლებენ მსხვილი ბიზნესები, ფრენჩაიზები, საერთაშორისო ქსელის ოპერატორები. დახმარება შეეხება იმ რესტორნებს, რომლებმაც რეალურად ვერ შეძლეს, მაგალითად თუნდაც მიტანის სერვისზე გადაწყობა, რის გამოც ბრუნვა აქვთ ძალიან შემცირებული და დახურვის პირას არიან. ის სუბიექტები, რომელსაც დახმარება შეეხება ზუსტად ვიცით, 400 დაწესებულებაა, შევხედავთ ვითარებას და თუ იქნება საჭირო რეაგირება, ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ მას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

მისი თქმით, დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება დარგის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად შემუშავდა.

 

„პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა იმ დარგებს, რომლებიც დამოკიდებულია ტურისტულ ნაკადებზე. თბილისის სარესტორნო ბიზნესი არის ის დარგი, რომელმაც სერიოზული დარტყმა მიიღო პანდემიიდან გამომდინარე. თბილისის მუნიციპალიტეტი თავიდანვე აქტიურ კომუნიკაციაში იყო მათთან და რამდენიმე ღონისძიება გაატარა. მაგალითად, ღია კაფეებს მოვუხსენით საიჯარო გადასახადი, ასევე დავუთმეთ მუნიციპალური სივრცეები, რომ გარეთ გამოეტანათ მაგიდები და სკამები. ცენტრალურ დონეზე მოხდა სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში. ახლა მივედით იმ ეტაპამდე, როდესაც ბიზნესები იხსნება, მაგრამ ისინი არიან ძალიან რთულ ვითარებაში. დაგროვილი აქვთ გადასახადები, სახელფასო დავალიანება, ასევე სჭირდებათ საბრუნავი კაპიტალისთვის თანხები, რომ შეძლონ ოპერირება და რეალურად. პროგრამა არის ზუსტად იმ მცირე ბიზნესისთვის“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ.

 

 

https://imedinews.ge/ge/ekonomika/189946/tbilisis-meris-moadgilem-ganmarta-ras-itvalistsinebs-sarestorne-biznesistvis-subsidirebis-programa

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner