„სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს ობიექტურად. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება - რევოლუცია. მას უნდა იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც დაკარგა.
ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ. რევანშისთვის უნდა, დანარჩენი მისთვის არაფერი საინტერესო არ არის.
რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული გვქონოდა“, - განაცხადა ელისაშვილმა.