logo_geo
eng_logo
ჩინეთსა და სამხრეთ აფრიკაში „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ათასობით ყალბი დოზა ამოიღეს
- +

5 მარტი. 2021. 00:30

 

ჩინეთში პოლიციამ ინტერპოლის დახმარებით ჩატარებული გამოძიებით კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინების გაყიდვის ქსელი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას theguardian.com ავრცელებს.

 

ინტერპოლის გენერალური მდივანი იურგენ სტოკი ჩინეთსა და სახმრეთ აფრიკაში დამზადებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ყალბ ვაქცინებს, „აისბერგის მწვერვალს“ უწოდებს ვაქცინებთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულებებისთვის.

 

ლიონში არსებული ინტერპოლის სააგენტოს ცნობით, 400 ფლაკონი ყალბი ვაქცინა, რაც დაახლოებით, 2400 დოზის ექვივალენტია, სამხრეთ აფრიკაში, იოჰანესბურგის მიმდებარედ, გერმისტონის საწყობში აღმოაჩინეს, სადაც ოფიცრებმა, ასევე, იპოვეს ყალბი პირბადეები.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა სამი ჩინელი და ზამბიის ერთი მოქალაქე დააკავეს.

 

„ინტერპოლმა გამოძიება 194 ქვეყანაში ჩაატარა. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა  ჩინეთში აღმოაჩინეს ქსელი, სადაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ყალბი ვაქცინები იყიდებოდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, ჯამში, დაკავებულია დაახლოებით 80 ეჭვმიტანილი და ამოღებულია 3000-ზე მეტი ყალბი ვაქცინა.

 

აშშ-ის ფედერალური სააგენტოს თანამშრომლებმა გასული კვირის განმავლობაში 10 მილიონამდე N95 ყალბი პირბადე აღმოაჩინეს.

 

ინტერპოლის ცნობით, სამხრეთ აფრიკასა და ჩინეთში ყალბი ვაქცინების მომზადების გარდა მათ მიიღეს დამატებითი ინფორმაცია ყალბი ვაქცინების გავრცელებისა და თაღლითობის მცდელობის შესახებ, რაც ჯანდაცვის ორგანოებისა და მოხუცთა თავშესაფრების წინააღდმეგ იყო მიმართული.

 

აგრეთვე, იურგენ სტოკმა მოსახლეობა  გააფრთხილა, რომ ინტერნეტით შემოთავაზებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის და ონლაინ-რეჟიმში არ იყიდება:

 

„ნებისმიერი ვაქცინა, რომლის მოსაპოვებლად შეთავაზება ხდება ვებ-საიტის ან რაიმე არალეგალური ქსელის მეშვეობით, არ არის კანონიერი, არ არის შემოწმებული და შეიძლება, სახიფათო იყოს,“ - აცხადებს ინტერპოლის გენერალური მდივანი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner