logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: დღეს ჩვენი თამაზ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა...
- +

5 მარტი. 2021. 14:37

 

 

„დღეს ჩვენი თამაზ ჭილაძე 90 წლის გახდებოდა...

 

„ათი წელი გაილია, გაქრა,

ათი - ავდრის ღრუბელივით წელი,

მესიზმრება ბიჭვინთა და გაგრა,

მტკივა, როგორც მოკვეთილი ხელი.

თითქოს მათი კვნესა მესმის შორით,

თითქოს მათი სუნთქვა მოაქვს ნიავს

და ზღვის პირას, ჩემი სულის სწორი,

ფრთაშეჭრილი ანგელოზი გდია“.

 

გულში გამავალი ამ ლექსის ავტორი დღევანდელი იუბილარია, კაცი ნიჭიერი და ესთეტი, რაც თუნდაც იმ მცირედი დეტალიდან ჩანს, რომ მისი საყვარელი მხატვარი სანდრო ბოტიჩელი იყო და მისი „გაზაფხული“ ხიბლავდა.

 

წესით, აქ უნდა დამესვა წერტილი, რადგან ძმებ ჭილაძეებზე ძალზე ბევრი დაიწერა და ითქვა... მაინც ვიტყვი, რომ თამაზის ამ „სიყვარულში“ მისი დიდი გემოვნება და სილამაზისადმი ტრფობა იკითხება. რა უნდა ვთქვა კაცზე, რომელიც რაღაც „სხვანაირად“, სიღრმისეულად განმარტავდა და, ამავე დროს, ვერც განმარტავდა სიყვარულს?! „ღვთაებრივი სიგიჟეა სიყვარული, რაღაც ურევია ამაში ღვთაებრივიც და სიგიჟეც. მაგრამ ზუსტად რა არის სიყვარული, ეს დღემდე არავინ იცის...“

 

რა გინდა, რომ თქვა? განა ასე არ არის? ასეა... და, რაც მთავარია, გჯერა, რადგან ამას ამბობს კაცი, რომელსაც, როგორც არაერთხელ აღუნიშნავს, მთელი ცხოვრება უყვარდა და გრძნობა არასოდეს დაუნომრავს... მისთვის ყველა სიყვარული პირველი იყო. „...რაც თავი მახსოვს, სულ შეყვარებული ვიყავი, მაგრამ შეიძლება სწორედ ამის გამოც, ბოლოს მარტო აღმოვჩნდი…“ რა გამოდის, რომ ეს დიდი კაცი, სხვა გენიალური ადამიანებივით, მარტოსული იყო? ნეტა, რას გულისხმობდა სიმარტოვეში? თუმცა, რატომ უნდა მესმოდეს... ძალიან „პატარა“ ვარ, ეს რომ გავიგო...

 

„ჩემი წუხილი ვის მივაწვდინო,

ვის ვუთხრა, ანდა ვის დავუბარო,

თუ როგორ დავრჩი ამქვეყნად მარტო,

ქარში - უკედლოდ, ომში - უფაროდ,

 

ვის გავუფრთხილდე, ვის მოვერიდო,

ცრემლს გზა რიღასთვის გადავუკეტო,

დედა აღარ მყავს, ვის დავუმალო,

თუ როგორ მტკივა გული უფალო!...“

 

უხ, როგორ „მიხდება“ ეს ლექსი... პირდაპირ გულს მიპობს...

 

1931 წლის 5 მარტს სიღნაღში დაიბადა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, დიდი მწერალი, პოეტი და დრამატურგი, საქართველოს სახელმწიფო და რუსთველის პრემიების ლაურეატი თამაზ ჭილაძე, შემოქმედი – რომლის ნაწარმოებებიც თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე, დრამატურგი – რომლის პიესებზეც დაიდგა არაერთი თეატრალური და ტელესპექტაკლი, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პოეტი, რომელმაც სულ პატარამ დაიწყო ლექსების წერა და უამრავი საოცრება დაგვიტოვა... წერა ჩემი თავშესაფარიაო, ამბობდა და სწორედ იმ „თავშესაფარში“ გაატარა მთელი შეგნებული ცხოვრება... ერთადერთი, ვისაც მის მისტიურ „საცხოვრისში“ შეახედებდა ხოლმე, მისი ძმა, გენიალური ოთარ ჭილაძე იყო, რომლის სიტყვისა და კრიტიკის სწამდა, სჯეროდა... და

 

„უეცრად, როგორც ხსნა ან იმედი,

გამომეცხადა სამყარო მთელი,

შორი და უცხო, როგორც ტიბეტი,

შემოზღუდული მელოტი მთებით.

 

ღმერთის ეზოში ვესვენე თითქოს...

ჩამოდიოდა ღრუბელი ნაცრად...

და მკერდზე მეწყო, ხელების ნაცვლად,

უაზრო ფრენით დაღლილი ფრთები...“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner