„საქართველოს ხელისუფლებამ, აღასრულა რა დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება - შეაჩერა დემოკრატიული უკუსვლა და აღადგინა სახალხო სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „POSTV“-ის ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი ვიდეობლოგში „დემოკრატიული უკუსვლა თუ მისი შეჩერება“ საუბრობს.
მისი თქმით, პირველი დემოკრატიული უკუსვლა, განხორციელდა მაშინ, როდესაც ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე უარი თქვა ოპოზიციამ და შექმნა კრიზისისთვის შესაბამისი სივრცე.
„ნიკა მელიას დაკავება დასავლეთის ზოგიერთმა პოლიტიკოსმა თუ ანალიტიკოსმა შეაფასა როგორც „დემოკრატიული უკუსვლა“. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გაექცეს ამ შეფასებას ან სცადოს, მიჩქმალოს იგი, - პირიქით, თამამად უნდა „დააჯდეს“ ამ სიტყვათაშეთანხმებას და სარკისებურად შეაბრუნოს მესიჯი - „ნიკა მელიას დაკავება იყო დემოკრატიული უკუსვლის შეჩერების ერთადერთი ლეგიტიმური ღონისძიება. მოდი, ძალიან მოკლედ ვთქვათ, რას ნიშნავს სახალხო ლეგიტიმაცია. პირველი ის, რომ მათ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს კი არ უღალატეს, არამედ მთელ ხალხს, მთელ მოსახლეობას. პოლიტიკის ფილოსოფიაში, რესპუბლიკის იდეა დგას სახალხო ლეგიტიმაციაზე, თუ ადრე ლეგიტიმაციის წყარო იყო ღმერთი, ანუ მეფე, რომელიც ღმერთისგან იღებდა ლეგიტიმაციას, დემოკრატიამ მეფე შეცვალა და ლეგიტიმაცია გადავიდა ხალხზე, ანუ მმართველი ლეგიტიმაციას ხალხისგან იღებს, ხოლო ეს ხალხი ერთი მთლიანის ნაწილია და ამავე დროს მეტაფიზიკური მოცემულობა. ე.ი. ხალხის გაყოფა, ჩემ და შენ ამომრჩევლებად არ შეიძლება. ხალხი მთელი და ერთია. შესაბამისად ოპოზიციაც ხელისუფლების ნაწილია და ერთ მთლიან დემოკრატიულ სიმრავლეში ერთიანდება. აქედან გამომდინარე ზუსტადაც პირველი, დემოკრატიული უკუსვლა პარლამენტში არშესვლა იყო, თანაც მოგონილი მიზეზით. გადავიდეთ მეორე ნაწილზე. „დემოკრატია“ არ არის ლიტონი სიტყვა - დემოკრატია სახელმწიფო მმართველობის ფორმაა და მისი გამართულად ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, როდესაც დემოკრატიული კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედი ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება სახელმწიფოს მთელ ტერიტორიაზე. დემოკრატიული უკუსვლა იწყება მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილზე იქმნება ანკლავი, სადაც კონსტიტუცია და კანონები არ სრულდება, ანუ არ ხორციელდება სუვერენიტეტი.ასეთი ანკლავები ლათინურ ამერიკაში გვხვდება ხშირად, ბრაზილიურ ფაველებში, კოლუმბიური და მექსიკურ კარტელების მიერ კონტროლირებად სივრცეებში და ა.შ. ანუ ადგილები, სადაც პოლიცია ერიდება შესვლას, ან უბრალოდ ვერ შედის. ეს რა თქმა უნდა სახელმწიფოს, ავტორიტეტული, ინსტიტუციების შემქმნელი ფენომენის დასუსტებაა. საქართველოს უახლეს წარსულში ორი ასეთი ანკლავი არსებობდა - საერთაშორისო ტერორისტების მიერ კონტროლირებადი პანკისის ხეობა 90 იანებში და ასლან აბაშიძის რეჟიმი, რომელიც გასული იყო იურისდიქციიდან. 2021 წლის თებერვალში, საქართველოს დედაქალაქის ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე, რადიკალურმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ შექმნა საქართველოს იურისდიქციიდან დემონსტრაციულად გასული ანკლავი და გამოაცხადა, რომ ამ ტერიტორიაზე ქართველი ხალხის სუვერენული უფლება - განახორციელოს ძალაუფლება დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების და კონსტიტუციური ინსტიტუტების (ამ შემთხვევაში, სასამართლოს) მეშვეობით - იზღუდება და არ ვრცელდება. სწორედ ეს მდგომარეობა იყო ცალსახა შეტევა დემოკრატიაზე ანუ მთავარი დემოკრატიული უკუსვლა. ასეთი სტატუს-კვოს შენარჩუნება კი, ყველა შემთხვევაში, იქნებოდა „პოლიტიკური სეპარატიზმის“ წახალისება, რომელიც მცოცავი ოკუპაციის პრინციპით გამოიწვევდა „პოლიტიკური სეპარატიზმის“ ახალი ანკლავების გაჩენას, ანუ დემოკრატიის სრულ ჩამოშლას“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
გური სულთანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება არათუ უფლებამოსილი იყო, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა დემოკრატიული უკუსვლა, არამედ ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნებაყოფლობით ამბობდა უარს ქართველი ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე, მისი სახელით, ანუ დემოკრატიულად ემართა სახელმწიფო.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, აღასრულა რა დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება - შეაჩერა დემოკრატიული უკუსვლა და აღადგინა სახალხო სუვერენიტეტი.
„როგორი იყო აღსრულების „ოპტიკა“, უფრო სწორად „ოპტიკური ილუზია“, რამაც დემოკრატიულ უკუსვლად შეაფასებინა საქართველოს გულწრფელ მეგობრებს ამ უკუსვლის შესაჩერებლად გადადგმული ერთადერთი ლეგიტიმური ნაბიჯი? მელიას მთელი კრიმინალური ეპოპეა ამის დასტურია - ჯარიმა „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სადაც ის ამით იმ პერიოდში, მართლაც სისხლიან და ძალადობრივ წლებში, პირდაპირ დიქტატურის პოტენციალს ქმნიდა. ვგულისხმობ 2012 წელს ძალადობრივი მცდელობებით ნაცებს რომ შეენარჩუნებინათ ძალაუფლება. მელია კი ამ პროცესების მონაწილე იყო, თანაც აქტიური, ამის მაგივრად, მან ჯარიმა მიიღო და არა ციხე, 20 ივნისის ცხელ პერიოდში ჰუმანური გირაო და სამაჯური ლოგიკურად მოსალოდნელი პატიმრობის მაგივრად, მეორე გირაო, ანუ მართლმსაჯულების თავგანწირული მცდელობა, რეპუტაციული ზიანის ფასად, შეენარჩუნებინა მელია თავისუფლებაზე. რასაკვირველია, არასასიამოვნო საყურებელია, როდესაც საპოლიციო ძალები პოლიტიკური პარტიის ოფისის სახურავზე სახანძრო კიბით ადიან და პირდაპირ ეთერში აკავებენ ბრალდებულს, მაგრამ შეფასებებში მხოლოდ ესთეტიკის ამარა დარჩენა, რბილად რომ ვთქვათ, ზედაპირულობის და ინფანტილიზმის მოზრდილ დოზას შეიცავს და სრულიად დაცლილია სიღრმისეული ანალიზისგან. ჩვენ აუცილებლად უნდა ავუხსნათ ჩვენს გულწრფელ მეგობრებს, რომ მათი გავლენის ანუ ძალმოსილების გათვალისწინებით, რადიკალური ოპოზიციის მიერ შექმნილი „სეპარატისტული პოლიტიკური ანკლავის“ ირიბი მხარდაჭერაც კი სახიფათოა. აგერ უკვე ლიეტუვას პრეზიდენტმა, პავიოლინისის ვიზიტზე განაცხადა, რომ მან დააზიანა მედიატორის იმიჯი. ასევე ჯორჯ კენტიმ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ განაცხადა რომ, მხარს დავუჭერთ ქართველებს მათთვის სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ ეს ქართველების მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს, ჩარევების გარეშეო. დასავლური გამოცდილება, მსგავს ქეისებთან მიმართებაში, არის მკაცრი და მყისიერი პასუხები. უკომპრომისო ნაბიჯები. მაგალითად გერმანიაში, 3 მარტს გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ კონსტიტუციური დაცვის ფედერალურმა სააგენტომ, ანუ იქაურმა კუდ-მა, ოფიციალურად განაცხადა, რომ მემარჯვენე პოპულისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, ანუ AFD, ეჭვმიტანილია ექსტრემიზმში, მემარჯვენე ექსტრემიზმში, ამ განცხადების საფუძველზე სპეცსამსახურებს მიეცათ შესაძლებლობა, პარტიის მიყურადება და მისი საქმიანობის შესწავლა დაიწყონ“, - აცხადებს გური სულთანიშვილი.
ანალიტიკოსი სამართლებრივი რეაგირების ამერიკულ სტანდარტზე საუბრობს. მისი თქმით, დასავლეთში, ნაციონალური მოძრაობის მსგავს პარტიას მოექცეოდნენ უფრო მკაცრად, როდესაც ისინი მოახდენდნენ სიტუაციის რადიკალიზაციას, ექსტრემისტულ მოქმედებებს მიმართავდნენ და შეეცდებოდნენ შეექმნათ ანკლავი, სადაც ვერ უნდა შევიდეს პოლიცია, ანუ ვერ განხორციელდეს სახელწმიფო.
,,აქვე მოვიყვანოთ ერთი ანალოგია, კონგრესში შეჭრაზე, ანუ სამართლებრივი რეაგირების ამერიკულ სტანდარტზე. იქ მტკიცებულებების გარეშე არჩევნების გაყალბების თემით საზოგადოების ანკესზე წამოგება და შემდეგ ამით პროვოცირებული ძალადობა, ორმაგ ანალოგიას ბადებს მელიას პარლამენტში და ცესკოში შეჭრის მცდელობებთან, რაც FBI-ს მხრიდან ოფიციალურად შეფასდა როგორც "შიდა ტერორიზმი". ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დასავლეთში, ნაციონალური მოძრაობის მსგავს პარტიას მოექცეოდნენ უფრო მკაცრად, როდესაც ისინი მოახდენდნენ სიტუაციის რადიკალიზაციას, ექსტრემისტულ მოქმედებებს მიმართავდნენ და შეეცდებოდნენ შეექმნათ ანკლავი, სადაც ვერ უნდა შევიდეს პოლიცია, ანუ ვერ განხორციელდეს სახელწმიფო. დანარჩენი კი მსმენელისთვის მომინდია, ესაა რეალობა და ფაქტები, იქითა მხრიდან კი არის მხოლოდ ყალბი ემოციები, რომლითაც ცდილობენ ვიღაცეებზე მანიპულირებას, არის სიცრუე და პროვოკაციები“, - ამბობს ანალიტიკოსი.