მაია რჩეულიშვილის ინფორმაციით, ამ წუთებში მისი შვილის გუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. რჩეულიშვილის თქმით, უკვე დაკავებულია ცენტრ-პოინტის ბათუმის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი. გუკა რჩეულიშვილის დაკავება, სავარუდოდ, მისი ცენტრ-პოინტის დირექტორობის პერიოდს უკავშირდება.
ცენტრ-პოინტის ორი თანამშრომლის სალომე ჩარკვიანისა და ირაკლი მინდელის დაკავების ფაქტს მთავარი პროკურატურა ადასტურებს. უწყების ცნობით, საგამოძიებო უწყება დაკავების მიზეზებსა და საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ხვალ გაავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ცენტრ პოინტის დამფუძნებლების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2012 წელს დაიწყო. გამოძიების ცნობით, საქმე ეხება ცენტრ პოინტის დამფუძნებლების მიერ წინასწარი შეთანხმებით , მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. ასევე თაღლითობას- წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით.