კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.
სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველსაყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას.
სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულების ეტაპზეა.