რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა 8-9 ივლისს ვარშავაში გამართულ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სამიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, ევროპაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნების ობიექტური აუცილებლობის მიუხედავად, აშშ წამყვანი ქვეყნების პოტენციალს, რეალური საფრთხისკენ მიმართვის ნაცვლად, წარმოსახვით გამოწვევებს უპირისპირებს და თავის ძალისხმევას „აღმოსავლეთიდან მომავალი მზარდი საფრთხის შეკავებისკენ მიმართავს".
„ცალსახა დისბალანსი, რომელიც NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებასა და სამხრეთიდან მომავალ ტერორისტულ საფრთხეს შორის არის, მეტყველებს იმაზე რომ ალიანსის პოლიტიკა რეალური გამოწვევების მოგვარებასა და NATO-ს წევრი ქვეყნების მოსახლეობისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას დაშორდა", - ნათქვამია მარია ზახაროვას განცხადებაში.
მისივე თქმით, რუსეთის „დემონიზების" მცდელობა NATO-ს მიერ შეიარაღების გაზრდის გასამართლებლად, ალიანსისა და მისი მოკავშირეების მიერ კრიზისების პროვოცირება და დაძაბულობის კერების წარმოშობისთვის ხელის შეწყობა ატროფირებულ ფორმებს იძენს.
ზახაროვას თქმით, კრემლი NATO-ს შეირაღების გაძლიერებასთან დაკავშირებით შესაბამის განმარტებას 13 ივლისს დაგეგმილ NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ელის, რომელიც მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება.