გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს, ქართველმა სამართალდამცავებმა, რუსეთის საოკუპაციო ძალების ორი შეიარაღებული წარმომადგენელი დააკავეს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ცნობით, შეიარაღებული პირები საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 500 მეტრის სიღრმეში შევიდნენ. წყაროს თქმით, თავად ნახა, როგორ დააკავეს პოლიციელებმა რუსეთის ე.წ მესაზღვრეები.
„ერთ -ერთ ნაკვეთში, ჩვენი სოფლელი ტრაქტორისტი რამაზ ჩალაური მიწას ხნავდა. შეიარაღებული პირები რომ დაინახა გაიქცა და თან პოლიციაში რეკავდა, ამ დროს რუსებმა გაისროლეს და გაქცეულ ტრაქტორისტს გაჩერებას სთხოვდნენ. ამ ტრაქტორისტის მოსატაცებლად იყვნენ გადმოსულები, მაგრამ ჩვენმა პოლიციამ სწრაფად იმოქმედა, ალყაში მოაქციეს, განაიარაღეს და დააკავეს ადგილზე, ის მანქანაც ჩამოართვეს, რომლითაც გადაადგილდებოდნენ. მთელი სოფელი ფეხზე დავდექით, ვიფიქრეთ, რომ მათ გასათავისუფლებლად სამხედრო ბაზიდან ტექნიკას გამოიყვანდნენ, მაგრამ ახლა სიმშვიდეა. ჩვენი პოლიცია რამდენიმე პიკაპით სოფელში პატრულირებს, თუ რამე ინციდენტი მოხდა ხალხიც გვერდით დავუდგებით,“ – ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ სოფელ ხურვალეთის მცხოვრები.
წყარო იმასაც ამბობს, რომ სოფელში თავიდან გაჩნდა შიში, რომ სამხედრო მოსამსახურეების გამოსახსნელად ოკუპირებული ორჭოსნის სამხედრო ბაზიდან რუსები ხურვალეთში სამხედრო ტექნიკას შეიყვანდნენ, თუმცა ადგილობრივების თქმით სოფელში ამ მომენტამდე რაიმე უჩვეულო მოძრაობა არ შეინიშნება.
რადიო თავისუფლებას სოფელში მომხდარი ინციდენტის შესახებ ხურვალეთის სხვა მკვიდრიც უყვება. მალხაზ ვანიშვილი ამ ამბის თვითმხილველი არ არის, მაგრამ გვეუბნება, რომ შეესწრო სოფლის “ბირჟაზე” შეკრებილები როგორ განიხილავდნენ მომხდარს. როგორც ადგილობრივები ყვებოდნენ, ქართველმა სამართალდამცველებმა ხურვალეთის მინდორში შეჭრილი შეიარაღებული პირები ალყაში მოაქციეს და სწრაფად დააკავეს. დაკავებულები და მათი მანქანა პოლიციელებმა სოფლიდან მალევე გაიყვანეს.
ხურვალეთის მცხოვრები, მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სოფლის მიმდებარე ქედზე საოკუპაციო ძალებს საგუშაგოები აქვთ მოწყობილი და სოფელს მუდმივად აკვირდებიან. მისი თქმით, რუსები სოფლის ტერიტორიაზე პერიოდულად სწორედ სასაფლაოს მიმდებარე ქედიდან შედიან ხოლმე. ლუდა სალია საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ამ საღამოსაც გავიდა, თუმცა მისი თქმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე საეჭვო გადაადგილებები არ შეინიშნება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს, რომ ქართულმა პოლიციამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ხელი შეუშალა საქართველოს მოქალაქის დაკავებაში, მაგრამ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების დაკავებას უარყოფს.
„7 მარტს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ აღკვეთა საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უკანონო დაკავების აღკვეთის შემდეგ, საქართველოს პოლიციამ შეაჩერა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. არსებული პრაქტიკის მიხედვით, ცხელი ხაზის დახმარებით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით განახორციელდა კომუნიკაცია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან და მოხდა ვითარების განმუხტვა,“- აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ცხელი ხაზი დღეს მართლაც გააქტიურდა.
ხურვალეთელების ვერსია ოფიციალურისგან განსხვავდება, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართულმა პოლიციამ ჯერ რუსი სამხედროები დააკავა, შემდეგ კი სოფლის დატოვებისას, თან მათი ავტომობილიც წაიყვანა.
5 მარტს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლების მთავარი მოთხოვნა იყო ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადი ბესტაევის, რამაზ ბეღელურის და ლაშა ხეთერელის უპირობო გათავისუფლება.
ამ დროისთვის უცნობია, კონკრეტულად როგორ მოახერხა ქართულმა მხარემ “ვითარების განმუხტვა”, სად იმყოფებიან საოკუპაციო რეჟიმის ის წარმომადგნლები, რომლებიც სოფელ ხურვალეთში დააკავეს.