ბათუმში პუშკინის 176 ნომერში მდებარე ორსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი 62 წლამდე ასაკის მამაკაცი ვალერი ბარანოვსკია.
ის შშმ პირი იყო და აღნიშულ ბინაში მარტო ცხოვრობდა.
როგორც მეზობლები აცხადებენ, ხანძარი შენიშნეს და სახანძრო-სამაშველი ბრიგადის მოსვლამდე საკუთარი ძალებით შეეცადნენ ბინაში შესვლას და იქ მცხოვრები მამაკაცის დახმარებას, თუმცა ხანძრის სწრაფად გავრცელების გამო ვერ მოახერხეს ბინაში შესვლა.
„დავინახეთ კვამლი, მივხვდით ხანძარი იყო. რისგან გაჩნდა არ ვიცით არაფერი. შესაძლოა, ელექტროგამათბობელი ან სიგარეტი ყოფილიყო მიზეზი. სახანძროში დავრეკეთ და ჩვენი ძალებით დავიწყეთ ჩაქრობა. მაგრამ ვერ მოვახერხეთ, საკმაოდ დიდი დაკვამლიანება იყო და ცეცხლიც დიდი იყო უკვე.
ვერ შევედით სამწუხაროდ ბინაში. ვერ დადიოდა, ფეხები სტკიოდა, ამიტომ ვერ გამოვიდა და დაიღუპა, ასე ვფიქრობთ,”- აცხადებენ თვითმხილველები.
ამ ეტაპზე ცხედარი პროზექტურაში არ გადაუსვენებიათ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი მივიდა.