საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, Black Sea Arena-ს სახით, ქვეყანას ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი შეემატა. მისი თქმით, საქართველოში უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით.
„ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე დონის საკონცერტო დარბაზი. ეს არის ფონდ „ქართუს" მიერ განხორციელებული 200 მილიონიანი პროექტი და დღეს ფონდი ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელმწიფოს. ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას. ეს არის სამშობლოს წინაშე მისი ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მინდა ჩვენი სახელმწიფოს სახელით გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რომ ასეთი საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენდა. ეს არის რეგიონის განვითარების პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის ამ ნაწილისთვის. გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, მოხდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის. ასეთი მსხვილი ინვესტიცია ქმნის სამუშაო ადგილებს. მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, დარბაზი უკვე მზად არის უმასპინძლოს სტუმრებს და პრემიერი დარწმუნებულია, რომ ინტერესი იქნება მაღალი.
„საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 000-მდე ადამიანზე, დაპროექტებულია უსაფრთხოების სრული დაცვით, გათვლილია შშმ პირებზე, რისი პრეცედენტიც არ გვქონია. დარბაზის სტრუქტურა ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი ჟანრის მუსიკის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს და სპორტულ ღონისძიებებს. დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერი უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუ პროგრამას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.