logo_geo
eng_logo
გია ვოლსკი: „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ძალიან რთულია
- +

4 მარტი. 2016. 13:00



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი საქართველოსა და „გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებას განიხილავს და „რეპორტიორთან" საუბარში აცხადებს, რომ „გაზპრომთან" მოლაპარაკება ძალიან რთულია.


„გაზპრომთან" მოლაპარაკება არის ძალიან რთული. მათ უნდათ, რომ საქართველოს ანაზღაურება გადაუხადონ იმ გაზის საფასურით, რა პროცენტსაც საქართველო იღებს, როგორც დივიდენდი. „გაზპრომს" მიაჩნია, რომ თანხა შემცირებული ფასებით უნდა გადაიხადოს. ამ თემაზე მიდის მოლაპარაკებები.

 

მთავარი საკითხია, რომ უნდა მიდიოდეს თუ არა საერთოდ მოლაპარაკებები „გაზპრომთან". ამ საკითხს აყენებენ ჩვენი ოპონენტები. 2003 წლიდან საქართველო სარგებლობს „გაზპრომის" მიერ მოწოდებული გაზით. 2008 წლამდე ეს იყო 100%-იანი მოწოდება. ამის შემდეგ მცირდება. ჩვენ ზამთარში მეტი მოცულობის გაზი გვჭირდება. დაახლოებით 15 %-ით მეტი. ამ მოცულობის შემცვლელი შეიძლება გახდეს „შაჰდენიზი 2", - აცხადებს ვოლსკი.

 

დეპუტატის თქმით, ოპონენტები ცდილობენ, ვითარება ისე წარმართონ, რომ  ხელისუფლებამ აზერბაიჯანის ფაქტორი დააკნინოს და ორ მეგობარ ქვეყანას შორის გარკვეული გაუგებრობები წარმოიშვას.


„მაგრამ, მთავარი თემა კიდევ სხვა რამეში მდგომარეობს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს ოპონენტებს სურთ, რომ ჩვენი განცხადებები აზერბაიჯანთან მიმართებაში იყოს მკვახე და სულ ვიძახოთ, რომ მათ არ შეუძლიათ ამ მცირე დეფიციტის შევსება. იცით, რა არის? შესაძლოა, დღეს არ შეუძლიათ, მაგრამ რესურსი აქვთ, რომ ხვალ შეძლონ. რატომ უნდა მივაყენოთ ჩრდილი აზერბაიჯანის რეპუტაციას? აქ მთავარი მისია საქართველოსი და აზერბაიჯანის ერთობაა.

 

ეს არის მისია, რომელმაც უნდა შექმნას ალტერნატიული მიწოდება ევროპისა და კასპიის რეგიონისთვის. ეს არის მისია, რომელმაც უნდა დაასრულოს სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ევროპას რუსეთის გარდა სხვა რესურსი და წყარო არ გააჩნია. ეს არის ძალიან ძნელი. ამას რუსეთი ადვილად არ დათმობს. ოკუპაციის მთავარი მიზანი არა ოსების და აფხაზების „გადარჩენაა", არამედ მილებთან ახლოს სამხედრო ბაზების გახსნაა, რათა რუსეთის გარეშე არ მოხდეს ეს ყველაფერი. ამიტომ, ჩვენ, პატარა ქვეყანას, გვმართებს, რომ განსაკუთრებით მეტი ყურადღება გამოვიჩინოთ", - აცხადებს ვოლსკი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner