logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: „Black Sea Arena“ ჩვენი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათად იქცევა
- +

10 ივლისი. 2016. 18:01



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეკვეთილში „Black Sea Arena"-ს სახელმწიფოსთვის გადაცემის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს ჩვენ საქართველოში კიდევ ერთი უნიკალური და მასშტაბური პროექტის განხორციელების მოწმე გავხდით - ქვეყანას შეემატა ულტრათანამედროვე, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი - „Black Sea Arena".



ეს გახლავთ ფონდი ,,ქართუს" მიერ განხორციელებული 200-მილიონიანი პროექტი, და დღეს ფონდი ,,ქართუ" ამ შესანიშნავ საკონცერტო დარბაზს მთლიანად ჩუქნის სახელწიფოს, გადასცემს მას საკუთრებაში.

ამ პროექტის განხორციელება უკავშირდება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის უპრეცედენტო ქველმოქმედებას, ეს არის მისი სამშობლოს წინაშე ღვაწლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი წინაშე. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო დიდი მადლიერება, განსაკუთრებით იმ იდეის გამო, რომ ასეთი უნიკალური საკონცერტო დარბაზი შეკვეთილის მახლობლად აშენებულიყო. პრაქტიკულად, ეს გახლავთ რეგიონის განვითარების პროექტი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შავიზღვისპირეთის ამ ნაწილისათვის. ასეთი მასშტაბური ობიექტის აშენებით გაიზრდება ტურიზმი, შესაძლებელი გახდება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც დიდი სტიმულია ბიზნესის განვითარებისთვის, და რაც მთავარია, ეს მხარე შეძლებს ისარგებლოს ტურისტული ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავლით. აღარაფერს ვამბობ დამატებით სამუშაო ადგილებზე, რომლებიც ასეთი მსხვილი ინვესტიციის განხორციელებას მოჰყვება. მარტო მშენებლობაზე 600-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული.

 

როგორც ხედავთ, დარბაზი უკვე მზად არის იმისთვის, რომ უმასპინძლოს ჩვენს მოქალაქეებსა და უცხოელ სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, ინტერესი ძალიან დიდი იქნება.

საკონცერტო დარბაზის ტექნიკური შესაძლებლობები სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, გათვლილია 10 ათასამდე მაყურებელზე, დაპროექტებულია სრული უსაფრთხოების დაცვით, გათვალისწინებულია სტუმრებისათვის სრული კომფორტი და, რაც ძალიან მისასალმებელია, გათვლილია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე, არის მათთვის განკუთვნილი ადგილები, რისი პრეცედენტიც, შეიძლება ითქვას, აქამდე არ გვქონია.

დარბაზის სივრცე ისეთია, რომ შეუძლია უმასპინძლოს ნებისმიერი მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებსა და სპორტულ ღონისძიებებს. შესაბამისად, დარბაზი მზად არის უმასპინძლოს ნებისმიერ უმაღლესი დონის ვარსკვლავსა თუ შოუპროგრამას.

ამ შესანიშნავ დარბაზთან ერთად, ფონდიქართუ" ქართველ ხალხს და ჩვენს სტუმრებს კიდევ ერთ საჩუქარს უკეთებს - ესაა მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია ამ სეზონზე.

ამ დარბაზში გაიმართება ისეთი წარმოდგენები, რომლებიც თითოეულ სტუმარს დამუხტავს განსაკუთრებული ემოციით, განსაკუთრებით უცხოელ მაყურებელს დაუტოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებებს საქართველოზე და იქცევა ჩვენი ზღვისპირეთის ერთ-ერთ უმთავრეს სავიზიტო ბარათად.

კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ ,,ქართუს" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ამ განსაკუთრებული საჩუქრისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner