logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: ირაკლი თევდორაშვილი - ჩემთვის კი ბავშვობიდან ირა ძია!
- +

8 მარტი. 2021. 12:33

 

ირაკლი თევდორაშვილი - ჩემთვის კი ბავშვობიდან: ირა ძია!

 

მე არ ვიცი ჩემს სამყაროში ადამიანი, რომლის შესაძლებლობების ისე მჯეროდა, როგორც ირა ძიასი. თან ყოველთვის ვიცოდი ერთი: სიმართლის მხარდამჭერი იყო. ვინ იყო ის? პროფესიით სტამბის საქმეში იყო. სურამის ქუჩის #13-ში სტამბის დირექტორი. მის სტამბაზე ძლიერი სტამბებიც იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ირა ძია სტამბის საქმეში პირველი კაცი იყო. რით? პროფესიონალიზმით? არა! პიროვნული მონაცემებით. სიცოცხლის მოყვარული კაცი იყო, მეგობრების, ყველა იმ თვისებებით შემკული, რასაც ქართველები კაცობის დამახასიათებელ ქცევებს ეძახიან.

 

იმედი იყო ყველასი. ჩემი და ჩვენი ოჯახის- რა თქმა უნდა.

 

ერთ დღეს ვეწვიე სტამბაში.

 

ლევან! აქ შემოდიო, შემიყვანა ლინოტიპების ოთახში. 4 ლინოტიპი იდგა. ვინც არ იცის, გეტყვით, რომ ლინოტიპი დანადგარია, რომელიც ტყვიისაგან დასაბეჭდი ტექსტის სტრიქონებს ამზადებს, აკრეფვა ხდება საბეჭდი მანქანის მსგავს დისფლეიზე და ყრის სტრიქონებს დაფაზე. ლინოტიპები გაჩერებული იყო.

 

- აღარ ვამუშავებთ, ოფსეტურმა ბეჭდვამ და კომპიუტერმა ლინოტიპის საჭიროება ისტორიას ჩააბარა. ჯართში ჩაბარება მომიწევს. დადგით ბიბლიოთეკაში ერთი ცალი. გჩუქნი. მე თვითონ გადმოგიტან და აგიწყობ. აირჩიე, რომელი გინდა. დადგება დღე და ვერსად ნახავ. სამუზეუმო ექსპონატი გახდება. ერთ მოლოტსაც მოგცემ(მოლოტი საბეჭდი დანადგარის ფირმაა), შრიფტის კასებსაც.

 

თავაზიანი უარი ვუთხარი.

 

რა სულელი ვიყავი მაშინ. როგორი წინასწარმეტყველური გამოდგა ირა ძიას სიტყვები.

 

რას მოვიფიქრებდი, რომ დადგებოდა დღე და ირა ძია აღარ მეყოლებოდა, ჩემი დამცველი მამაჩემთან.

 

მე არ მეგონა, რომ მას სიკვდილი აჯობებდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი , რომ გული დაფლეთილი ჰქონდა. ბოლოს ფეხებიც სტკიოდა. დავინახე სტამბის წინ , ჯიპში რომ ჩაჯდა გაჭირვებით. არ მინდოდა, რომ შემეწუხებინა და ხელი შორიდან დავუქნიე, გააჩერა მანქანა, გადმოვიდა, მომიკითხა და მკითხა: რამე საქმე ხომ არ გაქვსო?

 

- ირა ძია, ბიბლიოთეკის წინ, შესასვლელთან ძეგლს დგამენ, არ გვიწევენ ანგარიშს, სამი მეტრით მაინც დააშორონ-მეთქი. არადა, უკვე ქანდაკებისათვის სვეტი ჩამოასხეს და იქნებ მიშველოთ-მეთქი. შემიყვანა ოთახში, დარეკა ახლობლებთან, შაბათი იყო. ორშაბათს ძეგლი გადაიტანეს. მადლობა გადავუხადე, რა მადლობაო, ბიბლიოთეკა ხომ ჩემიცააო. არადა, ვის არ ვთხოვეთ, არავის არ აინტერესებდა. ირა ძია ყველას გაჭირვების ტალკვესი იყო.

 

მის დაკრძალვაზე უცნაური შეგრძნება მქონდა, მე ირა ძია არ შემცოდებია, შემეცოდა ის ხალხი, ვინც უირაძიოდ დარჩა, იქ იდგა ბევრი, რომელიც ირა ძიას გადარჩენილი იყო ამ წუთისოფლის ძნელი გზის გავლისას, ზოგს მატერიალურად, ზოგს იმედით, ზოგს დარიგებით და ზოგს კი იმ იმედით, რომ ირა დაეხმარებოდა, ეს გზა გაატარა, თვითონაც ღირსეულად გაიარა და დატოვა ის სიყვარული, მთელ ქალაქს რომ არ დაავიწყდა. მეც ამ სიყვარულმა მომიყვანა ცრემლი, დღეს რომ მითხრა ჩემმა ბიძაშვილმა ქეთომ დილას: ირა ძიას დაბადების დღეა დღესო. გაგიმარჯოს,  ირა ძია!

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner