ავტორი ნაგი კუპრაძე
ქართველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა და თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ნემსაძე „რეპორტიორს“, „დინამო თბილისის“ სახელით მოპოვებულ პირველ ტიტულზე და ჩემპიონატის პირველ შეხვედრაზე ესაუბრა.
- პირველი ტიტული უკვე მოიპოვეთ, ქვეყნის სუპერ თასი, როგორ შეაფასებთ თქვენი გუნდის თამაშს?
- გამომდინარე იქიდან, რომ პირველი თამაში და თან ფინალური მატჩი ყოველთვის რთულია, მიზანი იყო, რომ თასი მოგვეპოვებინა, საერთო ჯამში დასახული მიზანი შევასრულეთ. რა თქმა უნდა, ხარვეზები იყო და ბოლომდე კმაყოფილი არ ვიყავი, იმიტომ, რომ მეორე ბურთის გაშვება უყურადღებობის ბრალია.
- რამდენად ნაყოფიერად გაიარა გუნდმა შეკრება და თვლით თუ არა, რომ არსებული კონდიციები არ აღმოჩნდა საკმარისი?
- მანდ ორი მხარე არის. ერთია, რომ არასაკმარისად გაიარა შეკრება ან მეორე. რომ გუნდი ძალიან გადაიტვირთა და ამის გამოც იჩინა ხარვეზებმა თავი. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი თამაში ჰქონდათ მოკლე ხანში და იმის თქმა, რომ გუნდს რამე დავაკელით, არასწორია.
- იყო თუ არა ასეთი მძიმე სტარტი მოსალოდნელი თქვენთვის?
- როდესაც სეზონი იწყება, ყველაფერი მოსალოდნელია და ეს პროცესი ყველა გუნდისთვის რთულია, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ითვალისწინებ იმ ფაქტორსაც, რომ იმ ხარისხით გუნდმა შეიძლება ვერ ითამაშოს და ამიტომ წაგებაც მოსალოდნელია. ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ხარისხიც აიმაღლებს და უფრო სანახაობრივიც იქნება.
- გორის „დილას“ დიდი წარმატება მოუტანეთ, ამის შემდეგ გუნდი დატოვეთ, გადამწყვეტი როლი ითამაშა თუ არა ამ შემთხვევაში „დინამო თბილისის“ შემოთავაზებამ?
- ყველა გუნდს სჭირდება დრო, რომ შენი ხელწერა დაატყო, გორის „დილასთან“ კი წელიწადნახევარი დამჭირდა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი როლი ითამაშა შემოთავაზებამ „დინამო თბილისისგან“.
- როგორ ემზადებით შემდეგი თამაშისთვის?
- ჩვენ წინა თამაშის ანალიზი გავაკეთეთ და განვიხილეთ, რა შეცდომები გვქონდა, რომ მომავალი თამაშისთვის ეს ყველაფერი გათვალისწინებული იყოს და აღარ განმეორდეს.