logo_geo
eng_logo
„ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმას ამზადებს“
- +

16 თებერვალი. 2016. 17:06



პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „რედისონში" საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეფორმებზე საუბრის დროს განაცხადა, რომ ხელისუფლება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თვისობრივად ახალ პროცედურებსა და პრინციპებზე გადაყვანის გეგმას ამზადებს.



პრემიერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ამ გეგმის დეტალებზე და მას უახლოეს მომავალში წარადგენენ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად.



გიორგი კვირიკაშვილმა ის ძირითადი ინფრასტრუქტურა ჩამოთვალა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამ კონტექსტში პრემიერ-მინისტრმა დაასახელა ჩქაროსნული მაგისტრალი, ასევე რამდენიმე გზა, მათ შორის ქუთაისისა და სვანეთის დამაკავშირებელი, გომისა და რაჭის დამაკავშირებელი.



ასევე არის რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავაანონსებთ. ეს იქნება ქუთაისისა და სამხრეთ-საქართველოს დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ფაქტობრივად მთელ ქვეყანას შეკრავს და იმ ჩონჩხს განავითარებს, რომელზეც მერე მთელი ქვეყანა უნდა აშენდეს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ლარსისა და მცხეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი და კიდევ მთიანი რეგიონების დამაკავშირებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი გზა. ასევე თბილისიდან კახეთის გავლით აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა, რომელიც იქნება ის ჩონჩხი, რაზეც შემდგომში მთელი ეკონომიკა აშენდება.
ხელისუფლება უახლოეს მომავალში აღნიშნული ინფრასტრუქტურული დიდი პროექტების განხორციელების დაჩქარების კონკრეტულ ნაბიჯებს წარმოადგენს იმისთვის, რომ მათი განხორციელება მოხდეს არა ისე, როგორც დაგეგმილია, 2023 წელს, არამედ 3-4 წლის განმავლობაში ეს ძირითადი ჩონჩხი დასრულდეს. ამისთვის კერძო სექტორის ჩართვის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. მის დეტალებზე კიდევ ვმუშაობთ და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად წარმოვადგენთ ამ გეგმას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



მისივე თქმით, პრემიერის ადმინისტრაციაში შეიქმნება სპეციალური დანაყოფი, რომელიც ამ გეგმის შესრულების განხორციელებას და კოორდინაციას მოახდენს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner