„დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ ჩანაწერს, თუ როგორ მოხდა და ვის მიერ განხორციელდა ფაბრიკაცია, ყველაფერი ეს არის გამოძიების საგანი“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, ჟურნალისტებთან ბერა ივანიშვილის, ანზორ ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო მონაწილეობით გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ამ საკითხს პროკურატურა შეისწავლის, საზოგადოებას ეცნობება, დაიწყება თუ არა გამოძიება.
„კონკრეტული პარტიული ტელევიზიის ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უხეში ფაბრიკაციაა, თუმცა, ამაზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა გააკეთონ განცხადება, პოზიცია დააფიქსირონ. პროკურატურას, გამოძიებას უნდა მივცეთ საშუალება, რომ შეისწავლოს და დარწმუნებული ვარ, პროკურატურა სწავლობს აღნიშნულ ჩანაწერს, თუ როგორ მოხდა და ვის მიერ განხორციელდა ფაბრიკაცია, ყველაფერი ეს არის გამოძიების საგანი. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ გამოძიება არ იწყება სიუჟეტის დამთავრებისთანავე. ვფიქრობ, გამოძიება როცა შეისწავლის ამ საკითხს, მოხდება პოზიციის დაფიქსირება, გასულ სიუჟეტში არის თუ არა ისეთი ფაქტები, რომელიც საჭიროებს გამოძიების დაწყებას. საკითხის შესწავლა პროკურატურაში ჩემი ვარაუდით ნამდვილად მიმდინარეობს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, „ტვ პირველის" ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ფარული აუდიოჩანაწერი, რომლითაც, მათივე მტკიცებით, მომღერალი ბერა ივანიშვილი, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ ხელმძღვანელს ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ამასთან, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს.