logo_geo
eng_logo
დოდო ხურცილავა: რაში გვჭირდება ოპოზიცია, რომლებიც ერთმანეთს საძინებლებში იწერდნენ? არ მჭირდება!
- +

9 მარტი. 2021. 14:53

 

 

პოლიტიკურ მდგომარეობაზე საქართველოში, ოპოზიციის აქციებსა და კომპრომატების ომზე „კვირა“ ხელოვნებათმცოდნე დოდო ხურცილავას ესაუბრა.

 

- როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი, როგორ შეაფასებდით პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში?

 

- მდგომარეობა მარტივი არ გახლავთ, თუმცა, ქვეყანა ნამდვილად წინ მიდის და ამის არ დანახვა შეუძლებელია. არც ხელისუფლებაში სხედან ანგელოზები, მაგრამ მთავარია, სადისტები არ არიან. საქართველოს გაუჩნდა პერსპექტივა ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრირებისა, მაგრამ ჩვენს მეზობლად არის ერთი დიდი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა დემოკრატიის მიმართულებით აღიზიანებს.

 

- რუსეთი, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობაც კი აღარ გვაქვს, როგორ ახერხებს საქართველოს საშინაო პოლიტიკის მართვას?

 

- გემახსოვრებათ 31 ოქტომბრის შემდეგ თემურ ალასანიას ისტერიკა, რომელიც მან გუბაზ სანიკიძეს მოუწყო. სანიკიძისგან ალასანია მოითხოვდა სრულ საზოგადოებრივ დაუმორჩილებლობას, პოლიციასა და სახელმწიფო სტრუქტურებზე ზეწოლასა და დესტრუქციას, პერმანენტულ აქციებს. როგორც ხედავთ, ქართული ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება სააკაშვილის ბიძის ინსტრუქტაჟს. ამაზე რა ვიფიქრო?

 

- თემურ ალასანიას ყოფილ თანამდებობას გულისხმობთ რუსულ კგბ-ში?

 

- ყოფილი კაგებეშნიკები არ არსებობენ. ის ახლაც რუსეთის გავლენის აგენტია და ყველაფერს აკეთებს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესების გასატარებლად საქართველოში. კასრებში გადამალული ფაილები რომ აღმოვაჩინეთ და მერე გავანადგურეთ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაგვენადგურებინა. ყველა მათგანი ევროპაში უნდა ჩაგვეტანა, შეგვეკრიბა დემოკრატიული ქვეყნის ლიდერები და ჩანაწერები გვეჩვენებინა. მაშინ არავითარი შეკითხვა აღარ გაჩნდებოდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის კრიმინალურ წარმომავლობაზე. და რადგან ეს არ მოხდა, კრიმინალური ოპოზიცია ახლა ალამუთის ციხეში იღებს ინსტრუქტაჟს, რა უნდა თქვას: ,,ენა, მამული სარწმუნოება“, თუ ,,მამული, ენა, სარწმუნოება“, გააუპატიურა ბერა ივანიშვილმა გოგონა თუ იძალადა ახალგაზრდებზე. ყოველ დღე ამ საკითხების განხილვა ტელევიზიით ამაზრზენია და შეუძლებელი…

 

– ფარული ჩანაწერები დღესაც არსებობს და ამით ჯერ კიდევ მანიპულირებს დაინტერესებული ძალა?

 

- დააკვირდით „ქართული ოცნებიდან“ „ნაციონალებში“ „მოულოდნელად“ გადაბარგებული დეპუტატებს. ვერ დავიჯერებ, რომ მათზე კომპრომატები არ არსებობდა და ისე, ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად სხვა პოზიციაზე დადგნენ. ასეთი ბინძური მეთოდებით ცდილობენ საზოგადოებაში უნდობლობისა და პესიმიზმის დანერგვას.

 

- როგორ შეძლოს საზოგადოებამ მტყუან-მართლის გარჩევა?

 

- განათლებით, მხოლოდ განათლებით…

 

- პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განათლება ძალზე ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც წლები სჭირდება, ჩვენ კი ამის დრო არ გვაქვს.

 

- პირად მაგალითზე გეტყვით. მე მაქვს გარკვეული დამოკიდებულებები ამა თუ იმ საკითხზე, რომელსაც არ ვცვლი. არსებობენ მიცვალებულები პოლიტიკაში, რომელთა მხარეს ვერაფრით დავდგები. თუ ეჭვი გაგიჩნდათ და აღარ იცით, რა იფიქროთ, უნდა ეძებოთ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე გააკეთოთ ანალიზი. ამ ანალიზის პროცესში რაც არ მომწონს – ვამბობ! წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც რემონტს საჭიროებს. ჯერ, რასაკვირველია, ანგრევ, ნაგავი გაგაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ შენებას. როდესაც ქვეყანას 30 წელია, ვანგრევთ, იქ, ბუნებრივია, ნაგავიც გროვდება. ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვანგრევდით არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ მის მორალსაც. „რა მოხდა მერე, დრომ მოიტანა“… უკანასკნელი წლების ჩვეული ფრაზა გახდა. სამწუხაროდ, ვერა და ვერ გავიტანეთ პოლიტიკური ავანსცენიდან ის ,,ნაგავი“, რომელიც კარგა ხანია, დაგვიგროვდა და ახლის შენების შესაძლებლობას აღარ გვაძლევს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ამ კრიმინალების გასამართლება სისტემური დანაშაულისთვის, დამნაშევეებმა პასუხი უნდა აგონ და განაჩენიც მოვიდეს სისრულეში. ის, რაც ვაშინგტონში მოხდა, ტუზივით დაეცა ქართულ პოლიტიკურ რეალობას.

 

- ნიკა მელიას დაჭერას გულისხმობთ?

 

- დიახ, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაპატიმრებას. თქვენ გგონიათ, არ იცის, რომ დამნაშავეა პარლამენტში შეჭრის მცდელობისთვის? ახლა ამბობს, პარლამენტის შენობაში შევარდნა კი არა, ეზოში შესვლა მინდოდაო. სად ჩანს ეს კადრებში? ან პარლამენტის ეზოში რა უნდოდა, ფეხბურთი უნდა ეთამაშა თუ კოჭაობა? მიმაჩნია, რომ ბოლოს და ბოლოს უნდა შეგროვდეს ყველა მტკიცებულება ამ დამნაშავე ადამიანების წინააღმდეგ და წარედგინოს ევროპულ სასამართლოს.

 

- თუ ყოფილი ხელისუფლების ლიდერთა დიდი ნაწილი გასამართლდება, ქვეყანა ოპოზიციის გარეშე დარჩება.

 

- რაში გვჭირდება ოპოზიცია, რომლებიც ერთმანეთს საძინებლებში იწერდნენ? არ მჭირდება ისეთი ოპოზიცია, რომელთა შანტაჟიც ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი. იულიუს კეისარმა ბრძანა: კეისრის ცოლი ეჭვგარეშე უნდა იყოსო! ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, საგარეო თუ შინაგან საქმეთა მინისტრი, ის საზოგადოების თვალში ეჭვგარეშე უნდა იყოს!

 

- ხომ არ დადგა დრო პოლიტიკურ ველზე ახალი ოპოზიციური ძალის გაჩენისა?

 

- 9 ქალიც რომ მოიყვანოთ, ერთ ბავშვს 9 თვეზე სწრაფად ვერავინ გააჩენს. ასევეა ახალი ოპოზიციური ძალა. ის ჯერ უნდა მომწიფდეს და ასპარეზზე მერე გამოჩნდეს. შესაძლოა, გამოჩნდეს ახალი ძალა, ნიჭიერი, განათლებული „დავარცხნილი“, როგორც ამას სალომე სამადაშვილი ამბობს, რომელიც თუნდაც 30%-ით შევა საკანონმდებლო ორგანოში. იქ გაიმართება კამათი, არგუმენტების ბრძოლა მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზოგადოება კი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ოპოზიცია ქვეყანაში მის საკეთილდღეოდ და არა საზიანოდ არსებობს და ის ქვეყანას არ დააქცევს.

 

- იქამდე კი, ვიდრე ქართულ პოლიტიკაში ახალი ოპოზიცია გამოჩნდება, შარლ მიშელის მიერ მიცემული 2-კვირიანი ვადა იწურება. როგორ ფიქრობთ, შეძლებს ოპოზიცია და ხელისუფლება, მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდეს?

 

- თქვენ როგორ გგონიათ, აფხაზები და ოსები რუსების ნებართვის გარეშე მიუსხდებიან მოლაპარაკებათა მაგიდას? არა, რასაკვირველია. ასევე მოიქცევა ქართული ოპოზიციაც, ვიდრე კიევიდან დასტურს არ მიიღებენ. ამ ძალებს არ აწყობთ ერთადერთი დემოკრატიული კუნძულის შენარჩუნება კავკასიაში – კავკასიაში, სადაც ჩვენმა დიდმა მეზობელმა უკვე განალაგა საკუთარი სამხედრო კონტიგენტი.

 

- უახლოეს მომავალში პოზიცია ოპოზიციის მიერ ერთმანეთის „დაჭმა“ კვლავ პოლიტიკურ დღის წესრიგში იქნება?

 

- არ ვართ ჩვენ ერთმანეთის ჭამაში. ოპოზიცია ჭამს ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც, თორემ ჩვენმა მტერმა ჭამა ეგენი! ვთხოვ ქართულ ოპოზიციას: თქვე მამაცხონებულებო, ფული უკვე ნაშოვნი გაქვთ და ოფშორებში გადარიცხული, ნუ აზიანებთ ქვეყანას, დაგვანებეთ თავი! ვიცით, რომ რუსებს აქვთ უამრავი კომპრომატი თქვენზე და გინდათ თუ არ გინდათ იქცევით ისე, როგორც იქცევით. მაგრამ ერთხელ თქვით შეგვეშალაო და გაპატიებთ. იმას კი ნუ ამბობთ, რას გვახსენებთ იმ 9 წელიწადსო. ჩვენ კი არა, თქვენ გვახსენებთ თქვენსავე კრიმინალურ მმართველობას, როდესაც მიცვალებულს „მიასკოჩეთ“ ცოცხალი ადამიანი, ის კი დღესაც ცოცხალია და ამ ამბებს გიხსენებთ.

 

ია დანელია

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner