logo_geo
eng_logo
სკრიპალების მოწამვლიდან 3 წელი გავიდა - კრემლი 2021 წელსაც მსგავსი მეთოდებით მოქმედებს
- +

9 მარტი. 2021. 16:12

 

 

 

 

„ძალიან გაგვიმართლა, რომ გადავრჩით“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ახალგაზრდა ქალს, რომელიც 2018 წელს მამასთან ერთად რუსეთის სპეცსამსახურების მსხვერპლი გახდა. იულია და სერგეი სკრიპალები „ნოვიჩოკის“ ტიპის ძლიერმოქმედი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამვლის შემდეგ გადარჩნენ,  მაგრამ ვერ გადარჩა ინგლისელი ქალი - დონ სტერდჯესი. მისი„დანაშაული“ მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მან მეგობარი მამაკაცისგან საჩუქრად, პარკში ნაპოვნი სუნამო მიიღო.

 

 

 2018 წლის 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში, პარკში უგონოდ მყოფი ყოფილი საბჭოთა ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია იპოვეს. ისინი, ძლიერი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში მოათავსეს. მას მერე, რაც ექიმებმა დაადგინეს, თუ რა ნივთიერებით იყვნენ მოწამლულები სკრიპალები, ლონდონმა მოსკოვი გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებაში დაადანაშაულა და 23 რუსი დიპლომატი გააძევა. დიდ ბრიტანეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც. სოლიდარობის ნიშნად გაერთიანებამ უპრეცედენტო შედეგი მოიტანა-მთელი მსოფლიოს მასშტაბით 140 რუსი დიპლომატის გაძევება მოხდა...

 

 

სკოტლენდ-იარდმა განაცხადა, რომ პირველი კონტაქტი მომწამვლელ ნივთიერებასთან სკრიპალებს სახლში შესვლისას ჰქონდათ. ამ ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია კარის სახელურზე აღმოჩნდა. ასევე, პოლიციამ განაცხადა, რომ გამოძიების შედეგად, 2300-მდე მტკიცებულება შეაგროვეს, 4 ათასი საათის ხანგრძლივობის ვიდეოჩანაწერი შეისწავლეს. მალევე, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ბრიტანეთმა სწორად მოახდინა იმ ნივთიერების იდენტიფიცირება, რომლითაც სკრიპალები მოწამლეს - ეს ნამდვილად რუსული „ნოვიჩოკი“ იყო.

 

სკრიპალები ჯერ კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მათი სიცოცხლის გადასარჩენად ბრიტანელი ექიმები დაუღალავად იბრძოდნენ და რამდენიმე თვეში  მათი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა. იმავე წლის ივნისში კი სოლსბერის მახლობლად მდებარე ქალაქ ეისმბერიში ისევ განგაში დაიწყო - ბრიტანელები ჩარლი როული და მისი მეგობარი ქალი დონ სტერდჯესი უგონოდ იპოვეს. მოგვიანებით დადგინდა, რომ ისინიცსკრიპალების მსგავსად „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები. 4 ივლისს დონ სტერდჯესი გარდაიცვალა, ხოლო კომადან გამოსულმა ჩარლი როულიმ მხედველობა დაკარგა და ინსულტი გადაიტანა. ამ წყვილს რუსული სპეცსამსახურისთვის არაფერი „დაუშავებია“. როულიმ ძვირფასი სუნამო სოლსბერის პარკში იპოვა და მეგობარ ქალს აჩუქა - ამ სუნამოში კი „ნოვიჩოკი“ იყო მოთავსებული.

 

 

 

ლონდონმა მომხდარ დანაშაულში რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები - რუსლან ბოშიროვი, ალექსანდრე პეტროვი და მოგვიანებით კი სერგეი ფედოტოვი ამხილა. გაკეთდა ოფიციალური დაშვება, რომ ეს სახელები არის ყალბი. მოგვიანებით, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გავლენიანი ევროპული გამოცემებიდან დაადგინეს, რომ დამნაშავეები სინამდვილეში ანატოლი ჩეპიგა, ალექსანდრ მიშკინი და დენის სერგეევი არიან. ფართოდ გავრცელდა მათი ფოტოსურათები, ბიოგრაფიები და პირადი ცხოვრების დეტალები.

 

მოსკოვი დღემდე უარყოფს სოლსბერიში მომხდართან კავშირს, თუმცა ამ უსუსური უარყოფის მსოფლიოს არ სჯერა, ამიტომაც შედეგს რუსეთი ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციების სახით იმკის. სოლსბერიშისკრიპალების მოწამვლიდან 3 წელი გავიდა და კრემლი 2021 წელსაც მსგავსი მეთოდით ებრძვის არასასურველ ადამიანებს. Bellingcat-ის ექსპერტი და გამომძიებელი ჟურნალისტი ხრისტო გროზევი ფიქრობს, რომ ალექსეი ნავალნის მოწამვლა ძალიან ჰგავს ბულგარელი ბიზნესმენის ემილიანგებრევზე და ყოფილ ჯაშუშ სერგეი სკრიპალზე თავდასხმას.გროზევის ჯგუფმა უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის ცნობილი გამხდარიყო თუ როგორ აგრძელებს კრემლი აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას. „DW“-სთან ინტერვიუში მან განმარტა, თუ რატომ ფიქრობს ასე: „არსებობს ორი მსგავსება. პირველი - ეს სიმპტომების კლინიკური სურათია. ორივე შემთხვევაში მომწამვლელ ნივთიერებასთან კონტაქტის შემდეგ იყო ტკივილის პერიოდი, რომელიც კომაში ჩავარდნას წინ უსწრებდა. კომის სიმპტომებიც ასევე ერთმანეთს ჰგავს - დაბალი ტემპერატურა ახლდა თან. ამას გარდა, ორივე შემთხვევაში კომის სიმპტომები ატროპინმა შეამსუბუქა. მეორე მსგავსება-კონკრეტული ნივთიერების უშუალო კვალი, რომელიც ორივე შემთხვევაში იყონაპოვნი“.

 

 

 

„ძალიან გაგვიმართლა, რომ გადავრჩით“, - ეს სიტყვები დღეს შეიძლება ალექსეი ნავალნიმ და სხვა თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმაც გაიმეორონ, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ სანამ რუსეთის არსებული ხელისუფლება ქვეყნის მართვას ამ რეჟიმში აგრძელებს, ძალიან, ძალიან ბევრ ადამიანს შეიძლება ასე არ გაუმართლოს.

 

 

გიორგი ერგემლიძე

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner