logo_geo
eng_logo
ამიკო ჩოხარაძე: ბერა მაშინ დამიდგა გვერდით, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა… ბინა ბანკის ვალების გამო გავყიდე
- +

8 მარტი. 2021. 18:10

 

 

შოუმენი ამიკო ჩოხარაძე დარწმუნდა, რომ დედამიწა მრგვალია. ეს „წრე“ მან თავისი ფეხით შემოიარა. მისი კარიერა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დაიწყო. მერე რამდენიმე არხი გამოიცვალა, სხვა ასპარეზზეც მოსინჯა ძალები და 8 წლის შემდეგ საწყის წერტილს, „რუსთავი 2“-ს, დაუბრუნდა. ამ პერიოდში იყო ბევრი სირთულე, გულისტკენა, იმედგაცრუება, მაგრამ თვლის, რომ თვითონ შეცდომები ნაკლებად დაუშვა და არც ადამიანები დაუკარგავს.

 

იუმორისტული გადაცემა „გვიანი შოუს“ წამყვანი ორი შვილის – 9 წლის საბას და 6 წლის ემილის – მამაა. პოპულარული შოუმენის ცოლს არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა და ინტერვიუებსაც არასოდეს თანხმდება. ამიკომ თავის პირადსა და კარიერაზე „სარკესთან“ მარტომ ისაუბრა.

 

– ამიკო, ახალ გადაცემაში, „გვიან შოუში“, როგორ გრძნობთ თავს?

 

– სატელევიზიო სფეროში 2007 წლიდან ვარ, მაგრამ, როდესაც „რუსთავი 2“-ში „გვიანი შოუს“ წამყვანობა შემომთავაზეს, სულ სხვა პასუხისმგებლობა ვიგრძენი. რეიტინგებითაც მუდმივად წინ მივდივართ და პროგრესიც მუდმივად სახეზეა. ამ გადაცემაში ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, რადგან იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო, ანუ სადაც იუმორი, სიმღერა, ცეკვა და გართობაა და, რაც ყველაზე მთავარია, ლამაზი ქალბატონების გარემოცვაში. იქიდან გამომდინარე, რომ არცთუ ისე მძიმე ვარ, ალბათ უადვილდებათ ჩემი ხელისგულზე ტარება.

 

– „რუსთავი 2“-დან „რუსთავი 2“-მდე გარკვეული გზა გაიარეთ. სამუშაო ადგილების ცვლამ რა მოგცათ?

 

– ახალი ნიჭი აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ მიღწეულზე გაჩერება არ შემიძლია. ყველა ეტაპზე საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალისტი ვარ და ტელეარხებსა და პროექტებს ხშირად ვიცვლი. დედამიწა რომ მრგვალია, იმითაც დავრწმუნდი, რომ ბევრი მოგზაურობის შემდეგ ისევ „რუსთავი 2“-ში დავბრუნდი.

 

– „რუსთავი 2“-ზე 8 წლის შემდეგ დაბრუნდით. ახლა მაინც შეგიძლიათ თქვათ, რა მოხდა, რატომ წახვედით თავის დროზე და იყო თუ არა ეს თქვენი შეცდომა?

 

– ჩემს გადაწყვეტილებას არ ვნანობ. ჩემმა სწორმა თუ არასწორმა ნაბიჯებმა იქამდე მიმიყვანა, რომ დღეს „გვიანი შოუს“ წამყვანი და „კომედი შოუს“ აქტიური თანამშრომელი ვარ. ყველა ტელეკომპანიაში გარკვეულწილად წარმატებული ვიყავი. ყველგან, საიდანაც კი წამოვსულვარ, კარგი, პოზიტიური ურთიერთობები დამიტოვებია. დღესაც იმ ადამიანების ნაწილთან ვმუშაობ, რომლებთანაც 2011 წლამდე ვმუშაობდი.

 

„რუსთავი 2“-დან გაგიშვეს თუ ეს თქვენი გადაწყვეტილება იყო?

 

– 2011 წელს ძალიან დიდი არეულობა იყო ამ არხზე. ეს არის შიდა სამზარეულო, რომელზეც არ ვილაპარაკებ, მაგრამ არ ყოფილა არავითარი ჩხუბი, თვითონ წავედი.

 

– გული გატკინეს?

 

– კი, რა თქმა უნდა. აქ საუბარი არ ყოფილა ხელფასის ოდენობაზე და ფინანსურ საკითხებზე, იყო სხვა ადამიანური მომენტები, რასაც მე ვერ გადავახტებოდი.

 

– თუმცა, კარგად მახსოვს საუბრები იმაზე, რომ თქვენ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობი ბერა ივანიშვილმა გადაგიბირათ „ჯიდიესზე“. ფაქტია, რომ მის გუნდში აღმოჩნდით.

 

– ბერა ამ ისტორიაში არის პერსონაჟი, რომელმაც ძალიან დიდი მეგობრული ნაბიჯი გადადგა და გვერდში დაგვიდგა იმ ადამიანებს, რომელთაც რაღაცის გაკეთების და შექმნის სურვილი გვქონდა. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და არავითარი ბერა და სხვა პერსონაჟები არ ფიგურირებდნენ.

 

მე, ფაქოს და თემო მჟავიას „იმედში“ გვინდოდა მუშაობის დაწყება. მაშინ ფიზიკურადაც არ არსებობდა „ჯიდიესი“, ამიტომ უსაფუძვლოა ის აზრი, რომ ბერამ დიდი ფულის სანაცვლოდ „ჯიდიესზე“ გადაგვიბირა. „იმედზე“ ჩვენი თანამშრომლობა ვერ შედგა და მხოლოდ ამის შემდეგ ბერასგან, როგორც ჩემი მეგობრისგან, იყო შემოთავაზება, მის ხმის ჩამწერ სტუდიაში დაგვეწყო მუშაობა.

 

– დღესაც თქვენ გვერდით არ ჩანან ფაქო და თემო მჟავია. საქმეში გაიყო თქვენი გზები თუ პირად ურთიერთობებში?

 

– არანაირ სამსახურებრივ თემებს არ ეხება ჩვენი ერთად არყოფნა. ეს უფრო პირადულია და არა მგონია, ჟურნალით ამაზე საუბარი საჭირო იყოს. ორივეს წარმატებას ვუსურვებ. გულით გამიხარდება, თუ რეიტინგულ პროექტებს გააკეთებენ, მეტი მოტივაცია მექნება, კონკურენტ არხებზე გადაცემებს მოვუგო.

 

– ალბათ მტკივნეული იყო ორი მეგობრის დაკარგვა.

 

– დავკარგე, არ ვიცი… არ მინდა ამაზე საუბარი. მე პირადად ცხოვრებაში არავინ დამიკარგავს. ალბათ უფრო სწორი ნათქვამი იქნება, რომ მე დამკარგეს. იგივე შემიძლია ვთქვა კარიერაზეც. მე, მაგალითად, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე ტელეკომპანია დავკარგე, მათ აქეთ დამკარგეს. არასოდეს დაილევა ტილო მხატვრისთვის და არასოდეს დაილევა კედელი გრაფიკის ხატვისთვის. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ მე არავინ დამიკარგავს.

 

– ბერასთან მეგობრობა თუ გრძელდება და, საერთოდ, საიდან დაიწყო ეს მეგობრობა?

 

– ბერასთან ურთიერთობა 2010 წელს დავიწყე. ჩემი ბავშვის ნათლიამ და მეჯვარემ, მამუკა ჯანელიძემ გამაცნო. მუსიკამ ერთმანეთს ძალიან დაგვაახლოვა, საერთო სამეგობრო გვყავდა. როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, გვერდში დამიდგა. ეს ურთიერთობა დღემდე გრძელდება.

 

– პროექტში „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ბინა მოიგეთ ბათუმში. რა ბედი ეწია ამ საჩუქარს?

 

– სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ ამ პროექტშიც თითქოს ბერამ გამამარჯვებინა. ნამდვილად მგულშემატკივრობდა, მაგრამ იმდენად ვგრძნობდი საზოგადოებისგან მხარდაჭერას, შეუძლებელი იყო, არ გამემარჯვა. როცა გავიმარჯვე, ამ ბინის მშენებლობა დაწყებულიც არ იყო. ახლა ძალიან სწრაფი ტემპით შენდება. უბრალოდ, როგორც ქართველების უმრავლესობა, ჩემს შემთხვევაშიც ისე მოხდა, რომ ბანკების ვალებმა შემაწუხა და ეს მოგებული ბინა გავყიდე.

 

– თბილისში ბინა არ გაქვთ, ვერ გახდით თბილისელი?

 

– თბილისელი ვერასოდეს გავხდი. 13 წელია აქტიურად ვჩანვარ ეკრანზე და მაინც ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კიბის მცხოვრები ვარ, მაინც ბათუმელი და აჭარელი ვარ. ჩემი კუთხე ძალიან მიყვარს და ვერასოდეს შევიცვლები. ტელევიზიამ, რა თქმა უნდა, თავისი გააკეთა და ეკრანზე გამართულად ვლაპარაკობ, მაგრამ საკმარისია, ბათუმიდან ვინმემ დამირეკოს, რომ იმ წამსვე სხვა კილოთი ვიწყებ ლაპარაკს.

 

ახლა მთელი ოჯახი თბილისში ვცხოვრობთ, სულ რამდენიმე თვეა, რაც აქ გადმოვიყვანე და ჩემ გვერდით არიან.

 

– 11 წელს ითვლის თქვენი ოჯახი, გყავთ ორი შესანიშნავი შვილი. როგორი იყო განვლილი პერიოდი თქვენი ოჯახისთვის?

 

– ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო თავისი დიდი სიყვარულით, თავისი რომანტიკებით. იყო ჩხუბიც, კამათიც, უძილო ღამეებიც, ბრძოლით და თავის გატანით. ოჯახი ასეთი ცოცხალი ორგანიზმია. მე ბუნებით ისეთი ადამიანი ვარ, ოჯახში სულ ხმაური და „დრაივი“ მჭირდება. ამით ვიკვებები. სახლში რომ მივდივარ, ვისვენებ იმით, თუ იქ ხმაურია. ბავშვებთან ვთამაშობ, რაიმე საკითხზე დისკუსია გვაქვს. ჩუმად ყოფნა და სიმშვიდე ჩემი სტილი არ არის.

 

– თქვენი შვილები თუ გგვანან არტისტული ნიჭით?

 

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ემილი ჩემზე ნიჭიერია. მღერის, ცეკვავს, იუმორის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს, პაროდიებს აკეთებს. საბას კი ჩემი მოქნილობა გამოჰყვა, ძალიან ჭკვიანი ბიჭია და ყოველთვის ცდილობს, თავისი ცხოვრება დაგეგმოს. ფეხბურთს არაჩვეულებრივად თამაშობს და დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებენ. ბავშვობაში მეც კარგად ვთამაშობდი. მაშინ ბათუმში ქუჩის ფეხბურთი კარგად იყო განვითარებული და ჩემი უბნის ნაკრების წევრი ვიყავი. საბა კი ამ საკითხს უფრო პროფესიონალურად უდგება.

 

– ყოფით წვრილმანებს ოჯახში ვინ აგვარებს?

 

– ძალიან უნიჭო ვარ სამეურნეო საკითხებში – კარის საკეტის გაკეთება, თაროების დამაგრება, ნათურის გამოცვლა… ამ ყველაფერზე ნერვები არ მყოფნის და მირჩევნია, პროფესიონალმა მოაგვაროს. მოკლედ, ეს ყველაფერი ჩემს მეუღლეს აქვს შეთავსებული.

 

– როგორი იყო სიყვარული 11 წლის წინ და ახლა როგორია?

 

– თავიდან იყო სიყვარული ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო, თავისი ეიფორიებით, ემოციებით და დღეს გვერდით მყავს მეუღლე და ამ სიყვარულისგან შეძენილი ორი არაჩვეულებრივი შვილი.

 

– ხშირად ამბობენ, იუმორისტები სახლში რთულები არიანო. მართალია ეს?

 

– მეც რთული ვარ სახლში, მაგრამ ოჯახი სწორედ ის არის, რომ ერთმანეთის მინუსები პლუსებად ვაქციოთ. ყველას ჰყავს იდეალი. ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით იდეალურები და ოჯახი ამიტომაც შევქმენით. შეიძლება ვიღაცას ულამაზესი ცოლი ჰყავდეს და ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ ჩემი ყველას იმიტომ სჯობია, რომ ჩემი ცოლია.

 

– რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოპულარული გახდით?

 

– ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ პოპულარობას არ შევუცვლივარ და ეს თავში არ ამვარდნია. პატარაობიდან არ მაკლდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, რადგან ბათუმში ძალიან აქტიური ვიყავი, კონცერტებზეც გამოვდიოდი და ქუჩაშიც მცნობდნენ. ახლა უბრალოდ მასშტაბები შეიცვალა.

 

„რუსთავი 2“-მა თავის დროზე „ქლაბ შოუთი“ ძალიან პოპულარული გამხადა, მაგრამ წარმატება თავში მაინც არასოდეს ამვარდნია. სცენიდან რომ ჩამოვდივარ, ვჯდები ჩვეულებრივ სამარშრუტო ტაქსიში, ავტობუსში, მეტროში. სწორედ იქ ვპოულობ ხოლმე ჩემს პერსონაჟებს და სახასიათო მომენტებს. საქართველოში ვარსკვლავი ცოტა სხვანაირად ჟღერს. როცა ვარსკვლავი ხარ, მიუწვდომელიც ხარ, საქართველოში კი ყველა ხელმისაწვდომი ვართ. შეიძლება საცხობთან ვიდგეთ და სამოცდაათთეთრიან ფუნთუშას ველოდებოდეთ ან ქუჩაში საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

 

საქართველოში რაც უფრო უბრალო ხარ, უფრო მეტად ხარ დაფასებული. მე ამას ყოველთვის ვგრძნობ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner