logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: 10 მარტს „გმირთა ვარამის“ შემქმნელის - ლევან გოთუას დაბადების დღეა
- +

10 მარტი. 2021. 15:26

 

„ბიჭმა მოიმარჯვა თავისი „ქვის დედაენა“ და დამარცვლით, მაგრამ მიწყობილად წაიკითხა: „ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვიტკირსა!“

 

ამ სიტყვებით დაასრულა თავისი მოთხრობა ჩვენმა დღევანდელმა იუბილარმა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ იგი ნამდვილი მამულიშვილი და რაინდი იყო.

 

 

1905 წლის 10 მარტს ქ. თბილისში დაიბადა „გმირთა ვარამის“ შემქმნელი დიდი მწერალი და დიდი კაცი ლევან გოთუა, რომელიც, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მთამსვლელი იყო და ვისაც რაიმე მაინც გაეგება ამ საქმისა, დაადასტურებს, თუ რა ძალით და ვნებით ჭედავს კაცურ სულს მთებთან „მეგობრობა“ და მწვერვალების დაპყრობა. „გმირთა ვარამში“, რომელიც მწერალმა ვარკუტაში მრავალწლიანი გადასახლებისა და ცხოვრებისას დაწერა, დიდოსტატურადაა გადმოცემული ქართველთა სულიერი სიმტკიცე და (დღეს, სამწუხაროდ, თითქმის უკვე ლიტონ სიტყვად ქცეული) პატრიოტული სულისკვეთება, როდესაც ერის სიმცირის, გათითოკაცების, დიდგვაროვანთა თავნებობისა და ეგოიზმის მიუხედავად, ერთი მუჭა ქართველები მაინც არ იხრიან ქედს სხვადასხვა კუთხიდან მომხდური სხვადასხვა ჯურის მტრის წინაშე... და... როცა გოთუას „ვარამს“ კითხულობ, მისი თითოეული სიტყვის გწამს და გჯერა, რადგან მან თავისი ცხოვრებით მისცა მაგალითი მომავალ თაობებს, აჩვენა რა, რომ ნებისმიერ ჟამს მზად უნდა იყო ქვეყნის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისთვის თავის გასაწირად.

 

 

ლევან გოთუა სამჯერ იყო დაპატიმრებული ეროვნულ–გამათავისუფლებელ მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და ЧК-ს წყალობით 20 წელზე მეტი გაატარა გადასახლებაში, სადაც ბევრს წერდა, ყველაფერზე, რაზეც კი წერა შეიძლებოდა. მოგვიანებით მისი მრავალი ნაწარმოები დაიდგა თეატრალურ სცენებზე. მ/შ იყო „მეფე ერეკლე“, რომელიც დიდმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა დადგა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე. აქ გავჩერდები და...

 

 

დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ერთ ისტორიას, რომელიც ლევან გოთუას პიესას „ჩაძირული სოფელი“ – უკავშირდება.

 

სიუჟეტის თანახმად, წალკის მიდამოებში უნდა აშენებულიყო დიდი წყალსაცავი, რის გამოც ერთი სოფელი, რომლის შუაგულშიც ეკლესია იდგა, მთლიანად უნდა ჩაძირულიყო. დიდი დავის შემდეგ სოფლის მცხოვრებლები დათანხმდნენ და სხვაგან გადასახლდნენ, ხოლო სოფლის უხუცესმა მღვდელმა არ დატოვა ეკლესია და მასთან ერთად ჩაიძირა.

 

 

ეს პიესა ლევან გოთუამ რუსთაველის თეატრში აკაკი ხორავას წააკითხა. ხორავამ გადაწყვიტა პიესის დადგმა, რომელშიც იგი მღვდლის როლს შეასრულებდა, ოღონდ იმ პირობით, თუ ავტორი ფინალს გადააკეთებდა. ბატონი ლევანი არ დათანხმდა და პიესაც არ დაიდგა.

 

ლევან გოთუა გარდაიცვალა 1973 წელს და იგი მცხეთის სამთავროს ეზოში დაიკრძალა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner